№ას-368-2022
20 ოქტომბერი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–მა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ე–მას“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 15 მაისის №346, 2017 წლის 27 ივნისის №486 და 2017 წლის 25 აგვისტოს №70/17 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს - ჯამურად - 46809.05 ლარის გადახდა.
- მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, ნაცვლად - 46 809,05 ლარისა მოითხოვა - 48 819,34 ლარი. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დააზუსტა გარემოება, რომ მოპასუხემ გადაიხადა პირგასამტეხლო - 4 000,00 ლარი, თუმცა, თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნაში გათვალისწინებული იყო მოპასუხის მიერ - 6000,00 ლარის გადახდის ფაქტი.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „ე–მას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 15 მაისის №346, 2017 წლის 27 ივნისის №486 და 2017 წლის 25 აგვისტოს №70/17 ხელშეკრულებების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა ჯამში - 4 881,93 ლარის ანაზღაურება.
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 15 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემსყიდველი) და შპს „ე–მას“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება №346, რომლის თანახმად მიმწოდებელმა იკისრა ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული ფურნიტურის შესყიდვა; ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 60490,00 ლარით;
- მიმწოდებელს შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა - 26 060,00 ლარის ღირებულების ფურნიტურა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო - 2 530,00 ლარის ღირებულების ფურნიტურა და 31 900,00 ლარის ღირებულების სამხრე მანჟეტი - 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით;
- 2017 წლის 28 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ე–მამ“ შემსყიდველს - 5 896,00 ლარის ღირებულების ფურნიტურა მიაწოდა ნაცვლად 2017 წლის 14 ივნისისა (30 კალენდარული დღე) 2017 წლის 23 ივლისს, 18 კალენდარული დღის დაგვიანებით.
3.1.2. №346 ხელშეკრულების 10.4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მიმწოდებლისათვის დაეკისრებინა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
3.1.3. 2017 წლის 27 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემსყიდველი) და შპს „ე–მას“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება №486, რომლის თანახმად მიმწოდებელმა იკისრა ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული უბნის ინსპექტორის პულოვერების შესყიდვა; ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 164 300,00 ლარით;
-მიმწოდებელს შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა 164 300,00 ლარის ღირებულების პულოვერი ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის ვადაში;
-2017 წლის პირველ ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ე–მამ“ შემსყიდველს - 8 370,00 ლარის ღირებულების ფურნიტურა მიაწოდა 2017 წლის პირველ ნოემბერს, 64 კალენდარული დღის დაგვიანებით.
3.1.4. №486 ხელშეკრულების 10.4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მიმწოდებლისათვის დაეკისრებინა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.
3.1.5. 2017 წლის 25 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემსყიდველი) და შპს „ე–მას“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება №70/17, რომლის თანახმად მიმწოდებელმა იკისრა ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის პულოვერების შესყიდვა; ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 376 450,00 ლარით;
- მიმწოდებელს შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა - 350 450,00 ლარის ღირებულების უნიფორმა (ქუდი, ხელთათმანი, პულოვერი) ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო - 26 000,00 ლარის ღირებულების 500 ცალი ბერეტი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი - 60 კალენდარული დღის ვადაში;
- 2017 წლის პირველ ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ე–მამ“ შემსყიდველს - 2 400,00 ლარის ღირებულების ნაქსოვი ხელთათმანი (კოიოტი) მიაწოდა 2017 წლის პირველ ნოემბერს, 8 კალენდარული დღის დაგვიანებით;
- 2017 წლის 25 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ე–მამ“ შემსყიდველს - 45 608,50 ლარის ღირებულების ნაქსოვი ხელთათმანი (კოიოტი) მიაწოდა 2017 წლის 25 დეკემბერს 54 კალენდარული დღის დაგვიანებით.
3.1.6. №70/17 ხელშეკრულების 11.4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მიმწოდებლისათვის დაეკისრებინა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.
3.2.პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გაუხდიათ.
3.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.3.1. სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი განსაზღვრა, რომლის ფარგლებშიც მხარეთა უფლება-მოვალეობები გადანაწილდა შემდეგნაირად: ერთი მხრივ, შპს „ე–მა“ ვალდებული იყო მიეწოდებინა შეთანხმებული საქონელი შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, ხოლო, მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა შეთანხმებული საზღაური (მიწოდებული პროდუქციის ღირებულება) გამყიდველისათვის. მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის საგანზე, მის ღირებულებასა და მიწოდების ვადებზე (სსკ-ის 327 მუხლის შესაბამისად).
3.3.2. გამყიდველის მიერ მიწოდების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, კერძოდ, №346 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ხელშეკრულების ღირებულების 0,2%, ხოლო №486 და №70/17 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%.
3.3.3. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ №346 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ხელშეკრულების ღირებულების 0,2%, ხოლო №486 და №70/17 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15% შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს წარმოადგენდა და გონივრულ ოდენობად მიიჩნია თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,01%, რაც №346 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა-108,88 ლარს (18 დღეზე), №486 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1051,51 ლარს (64 დღეზე) და №70/17 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2 333,99 ლარს (62 დღეზე), ჯამურად - 3 494,38 ლარს.
3.3.4. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია პირგასამტეხლოს განსაზღვრა ღირებულების 0,01 %-ის ოდენობით (რაც ჯამურად შეადგენდა 3 494,38 ლარს), მაგრამ, ვინაიდან მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სასარჩელო მოთხოვნა 4 881,93 ლარის ნაწილში, მოპასუხის დისპოზიციური ნება უპირატესი იყო და სარჩელის ცნობა სარჩელის შესაბამის ნაწილში (4881,93 ლარი) დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 477-ე, 417-418-ე მუხლების დისპოზიციის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მხარეთა მიერ, ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მიწოდების ვადა, რის გამოც, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მოეთხოვა.
6.3.სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსატანციის სასამართლოს დასკვნები პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობისა და დარღვევების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულ ოდენობას წარმოადგენდა, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ და სწორად განსაზღვრა იგი 4 881.93 ლარის ოდენობით.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ისე შეამცირა, რომ არ გაითვალისწინა რიგი მნიშვნელოვანი გარემოებები. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია, რომელიც წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის გადახდას. მოპასუხე ინფორმირებული იყო მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების დადგომის შესახებ, ამასთან, თავისუფალი ნება ჰქონდა, რომ ხელშეკრულების დადების ეტაპზევე ეთქვა უარი აღნიშნულ პირობაზე, თუმცა, მხარეს არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზია, რაც დაადასტურა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. გარდა ამისა, მოსარჩელეს წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულება, რომლისათვისაც სწორედ დადებული ხელშეკრულებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ძირითადი ფუნქცია პირნათლად შესრულდეს. მოსარჩელე ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს ითვალისწინებს არა როგორც სადამსჯელო ფუნქციას, არამედ როგორც ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფას.
7.1.2. კასატორის მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდებოდა როგორც პირგასამტეხლოს, ისე ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა, რაც სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 აპრილის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნა მიწოდებული ხელშეკრულებების საგნის ნაწილი), ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 477.1-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
14. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 3.1.-3.2. პუნქტებში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ.
15. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ 2017 წლის 15 მაისს, 27 ივნისსა და 25 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ე–მას“ შორის სახელმწიფო შესყიდვის №346, №486, №70/17 ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენდა დანართი №1-ით განსაზღვრული ფურნიტურის, უბნის ინსპექტორისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის პულოვერების შესყიდვა. სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში ნაწილობრივ შეუსრულებლობა და ვადადარღვეული დღეების რაოდენობაა სადავოდ გამხდარი. კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება - მოპასუხისათვის (მიმწოდებლისთვის) დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.
16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია უშუალოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია და იგი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით გადახდას, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეემცირებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).
17. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო, თუნდაც დაადგინოს პირგასამტეხლოს გამოთვლის უსამართლო წესი. ასეთ შემთხვევაში, მართალია კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა (მისი გამოანგარიშების მეთოდის მიუხედავად) და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე, თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში, უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და ამ მხრივ საყურადღებოა ის გარემოება, რომ მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ დარღვევისა, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა მიუწოდებელი საქონლის ღირებულება.
19. ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
20. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ:
- 2017 წლის 15 მაისის №346 ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2017 წლის 28 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობაა - 5 896,00 ლარი, ხოლო ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 18 კალენდარული დღე (5896*0,2%*18=212.26);
-2017 წლის 27 ივნისის №486 ხელეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2017 წლის 01 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობაა - 8 370,00 ლარი, ხოლო ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 64 კალენდარული დღე (8370*0,15%*64=803.52);
- 2017 წლის 25 აგვისტოს №70/17 ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2017 წლის 01 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობაა - 2 400,00 ლარი, ხოლო ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 8 კალენდარული დღე (2400*0,15%*8=28.8); ამასთან, 2017 წლის 25 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობაა - 45 608,50 ლარი, ხოლო ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 54 კალენდარული დღე (45608,50*0,15%*54=3,694.29).
21. ამდენად, დგინდება, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან გამომდინარე დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა რეალურად შეადგენს 4,738.87 ლარს (212.26+803.52+28.8+3694.29), რაც მოპასუხის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვის ოდენობაზეც კი, ნაკლებია.
22. პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს ხელშეკრულების დადების, ან სულ მცირე, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ეტაპზე რომ გაეთვალისწინებინა სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა პირგასამტეხლოს დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამოთვლის შესახებ, აკუმულირებული პირგასამტეხლოს ოდენობა სასარჩელო მოთხოვნასთან შედარებით ბევრად მცირე - 4738,87 ლარი იქნებოდა, რაც მოთხოვნილ პირგასამტეხლოსთან შედარებით, დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია, რაც სწორედ მის არაგონივრულად მაღალ ოდენობაზე მეტყველებს. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კრედიტორისა და მოვალის ინტერესების სამართლიანად დაბალანსების სახელშეკრულებო მიზანს და დარღვეული წონასწორობის აღდგენისათვის, წარმოშობს მხარეთა ნების თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის საფუძველს.
23. პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნა აღიარებული აქვს 4881,93 ლარის ოდენობით და ამავდროულად, დაკისრებული თანხის ოდენობაზე მას საპელაციო და საკასაციო პრეტენზიები არ განუცხადებია (4881,93 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში), საკასაციო პალატა დაკისრებულ პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად ვერ შეამცირებს, თუმცა, ვერც მოსარჩელის უსაფუძვლო საკასაციო პრეტენზიას გაიზიარებს.
24. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს გაანგარიშების წესთან მიმართებით მოპასუხეს შედავება არ განუხორციელებია, მაგრამ მან სადავოდ აქცია დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოცულობის შესაბამისობა სამართლიანობის პრინციპთან. ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, რა დროსაც, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
25. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე