ბს-1153-729(გ-05) 9 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბ. კობერიძე,
ნ. ქადაგიძე
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის დავა მ. მ-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 20 მაისს მ. მ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ვაკე-საბურთალოს სახელმწიფოს ერთიანი ფონდის მიმართ სარჩელი აღძრა და მამის _ ა. მ-ის, რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მასზე, როგორც მის მემკვიდრეზე, კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიების გავრცელება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 24 მაისის განჩინებით მ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სარჩელი არ იყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსჯადი, ვინაიდან სოციალური უზრუნველყოფის თბილისის ვაკე-საბურთალოს სახელმწიფო ერთიანი ფონდი ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას და განსჯადობის შესახებ დავა წამოიწყო. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, დავის საგანი რესპრესიის მსხვერპლად აღიარება იყო, რაც არ არის დაკავშირებული ადმინისტრირებასთან, ადმინისტრაციული აქტის მიღებასთან. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული დავა კერძოსამართლებრივი ხასიათის დავას წარმოადგენდა და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო და საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოაგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას წარმოადგენს და განსახილველად მას უნდა დაექვემდებაროს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელი ორ მოთხოვნას მოიცავს, პირველი მოთხოვნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაა, ხოლო მეორე _ სოცფონდისაგან სოციალური დაცვის გარანტიების (პენსიის) მიღება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც მოსარჩელის მამა _ ა. მ-ი რეაბილიტირებულია.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონს, რომლის თანახმად, პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა ხდება სასამართლოს წესით. განცხადებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონით მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მუდმივად ან დროებით ცხოვრობს რეპრესირებული პირი ან მისი კანონით მემკვიდრე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, რადგან სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თბილისის ვაკე-საბურთალოს განყოფილება საქმის უდავო წარმოების წესით განხილვის წინააღმდეგი იყო, ამიტომ, სსკ-ის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მ. მ-მა სარჩელი საერთო საფუძველზე წარადგინა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ის მიერ წარდგენილი სარჩელი აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, ვინაიდან იგი მიმართულია იმისაკენ, რომ მოსარჩელე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად სასამართლოს წესით იქნეს აღიარებული “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით. უდავოა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ ეს კანონი უნდა გამოიყენოს, რომელიც ადმინისტრაციულ კანონმდებლობას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, თვლის, რომ, ვინაიდან რეპრესირებულად ცნობა სასამართლოს წესით უნდა მოხდეს, ამდენად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი მისი უფლების სასამართლო წესით აღიარებისა, სახეზეა. საკასაციო სასამართლო აქვე გასათვალისწინებლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ. მ-ის სარჩელი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, ვინაიდან სარჩელის შინაარსი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 24-ე მუხლების მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს, კერძოდ, არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისა თუ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ იმ გარემოებაზეც უნდა იმსჯელოს, რამდენად წარმოადგენს სოცფონდი მოსარჩელის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების სასარჩელო მოთხოვნაზე სათანადო მოპასუხეს, ამასთან, სარჩელის მეორე მოთხოვნაზე (სოციალური დაცვის გარანტიების (პენსიის) მიღება) სათანადო მოპასუხე უდავოდ სოცუზრუნველყოფის ვაკე-საბურთალოს ერთიანი სახელმწიფო ფონდია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის განსჯადია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დაექვემდებაროს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.