Facebook Twitter

№ას-794-2022

20 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ.ჩ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჩ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.ჩ–მა (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში თ.ჩ–ის მიმართ (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, ალიმენტის ოდენობის შემცირების მოთხოვნით (ს.ფ. 2-14).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით მიუთითა, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელისათვის, არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 10 აპრილს დაბადებული რ.ჩ–ის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბერის, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით სამოქალაქო საქმეზე (№2/22687-19), დადგენილი ალიმენტის ოდენობა - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი შემცირდა 10 (ათი) ლარით და მისი ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 240 (ორას ორმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2020 წლის 27 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. სარჩელი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით (სამოქალაქო საქმეზე №2/22687-19) არასრულწლოვანი შვილის - 2010 წლის 14 მაისს დაბადებული დ.ჩ–ის სასარგებლოდ, ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტის ოდენობის - 250 (ორას ომოცდაათი) ლარის შემცირების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. დ.ჩ–ი და თ.ჩ–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეებს თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი: 2010 წლის 14 მაისს დაბადებული დ.ჩ–ი და 2013 წლის 10 აპრილს დაბადებული რ.ჩ–ი.

5.2. დ.ჩ–ს და თ.ჩ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2018 წლის 12 მარტს. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან ერთად.

5.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების თანახმად, სამოქალაქო საქმეზე №2/22687-19 (თ.ჩ–ის სარჩელი მოპასუხე დ.ჩ–ის მიმართ, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, ალიმენტის გადახდის დაკისრების, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების, თანამესაკუთრედ ცნობის და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნით), დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მხარეები შეთანხმდნენ, რომ არასრულწლოვანი ბავშვების - დ.ჩ–ის (დაბადებული 2010 წლის 14 მაისს) და რ.ჩ–ის (დაბადებული 2013 წლის 10 აპრილს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, თ.ჩ–ის (პირადი N .......) საცხოვრებელი ადგილი; დ.ჩ–ს (პირადი N .........) განესაზღვრა არასრულწლოვანი შვილების - დ.ჩ–ის (დაბადებული 2010 წლის 14 მაისს) და რ.ჩ–ის (დაბადებული 2013 წლის 10 აპრილს) ნახვის დღეები მათ სრულწლოვანებამდე ყოველი კვირის პარასკევ დღეს 19:00 საათიდან კვირა დღის 19:00 საათამდე; დ.ჩ–მა (პირადი N .....) აიღო ვალდებულება არასრულწლოვანი შვილების დ.ჩ–ის და რ.ჩ–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაეხადა 250-250 ლარი 2019 წლის 01 ნოემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე.

5.4. დ.ჩ–ი არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვი, შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი დადგენილია 2028 წლის 01 ივნისამდე. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 06 თებერვლის ფორმა NIV-100/ა-ს თანახმად, დ.ჩ–ის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არის ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი.

5.5. არასრულწლოვანი რ.ჩ–ი ვარჯიშობს ძიუდოს სპორტულ კლუბ „შ–ი - 2005-ში“, სადაც ყოველთვიური სწავლის გადასახადი შეადგენს 50 ლარს. ორივე არასრულწლოვანი დ.ჩ–ი და რ.ჩ–ი დადიან მუსიკალურ თეატრ-სტუდია „მ.ნ–ში“, სადაც ყოველთვიური გადასახდელი თანხა თითოეულ ბავშვზე შეადგენს თვეში - 110 ლარს.

5.6. მოსარჩელე დ.ჩ–ი იმყოფება მეორე ქორწინებაში ნ.ი–თან. მხარეებს თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ შვილი 2021 წლის 01 თებერვალს დაბადებული ჯ. ჩ–ი.

5.7. 2021 წლის 21 თებერვლის ფორმა NIV-100/ა-ს თანახმად, ჯ.ჩ–ის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არის კანის აბსცესი, კიდურის ფურინკული და კარბუნკული. ჩატარებული კვლევების შედეგად ექოსკოპიით აღინიშნა მარცხნივ გაორებული თირკმელი, რაც თანდაყოლილ ანომალიაზე, მსუბუქი ხარისხის ჰიდრონეფროზზე მიუთითებს. ხოლო შპს „მ–ის“ მიერ ჩატარებული ბარძაყის ძვლის Ro-გრაფიის მიხედვით, მარცხენა ბარძაყის ძვალი დამოკლებულია 4 მმ-ით, ბარძაყის დისტალური ეპიფიზი დეფორმირებულია.

5.8. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ს 05.05.2018 წლის ცნობის თანახმად, დ.ჩ–ის დედას ჰისტომორფოლოგიური კვლევის თანახმად დაუდგინდა ფარისებრი ჯირკვლის მრავალკვანძოვანი ჩიყვი და ყბა-ყურა სანერწყვე ჯირკვლის პლეომორფული ადენომა.

5.9. დ.ჩ–ი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 07 ოქტომბრის ინფორმაციით დასაქმებული იყო 2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შპს „ს.მ.ც–ში“, სადაც მისი ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა - 1875 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი იყო - 375 ლარი, ხოლო 2019 წლის მარტის თვიდან - 2019 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით დასაქმებული იყო სს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც მისი ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი განსხვავებულია თვეების მიხედვით და მითითებული პერიოდისათვის დ.ჩ–ის დასაბეგრი ჯამური შემოსავალი შეადგენდა 55728,48 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის 11081,33 ლარი. შესაბამისად მისი ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით შეადგენდა 2349.85 ლარს. მოპასუხე თ.ჩ–ი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 07 ოქტომბრის ინფორმაციით დასაქმებული იყო 2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შპს „ს.მ.ც–ში“, სადაც თვეების მიხედვით განსხვავებულია მისი დასაბეგრი შემოსავალი და არის 17250 ლარი, საიდანაც დაკავებული გადასახადი შეადგენს 3450 ლარს, მას ამავე ორგანიზაციიდან გააჩნია დასაბეგრი შემოსავალი 2018 წლის სექტემბრის თვეში - 340,91 ლარის ოდენობით, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 68,18 ლარს, ხოლო 2018 წლის აგვისტოს თვიდან - 2019 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით თ.ჩ–ი დასაქმებულია სსიპ „ბ. და რ.უ.ს–ში“ და მისი დასაბეგრი შემოსავალი 2019 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეში შეადგენს 1400 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 280 ლარი, 2019 წლის დეკემბრის თვეში შეადგენს - 2760 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი შეადგენს 552 ლარს, ხოლო 2019 წლის იანვრის თვიდან - 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით - 1600 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი შეადგენს - 313,6 ლარს.

5.10. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 აგვისტოს ინფორმაციით, დ.ჩ–ი დასაქმებულია სს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ და მისი ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი 2019 წლის ივლისის თვიდან - 2020 წლის ივნისის თვის ჩათვლით განსხვავებულია თვეების მიხედვით, მითითებული პერიოდისათვის დ.ჩ–ის დასაბეგრი ჯამური შემოსავალი შეადგენს 29497,12 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის 5781,45 ლარი. შესაბამისად, მისი ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით შეადგენს 2155,97 ლარს. ამავე ინფორმაციით, თ.ჩ–ი დასაქმებულია სსიპ „ბ. და რ.უ.ს–ში“ და მისი დასაბეგრი შემოსავალი 2019 წლის ივლისის თვიდან - 2020 წლის ივნისის თვის ჩათვლით შეადგენს - 1600 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 313,6 ლარს. დ.ჩ–ი მუშაობს სს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რადიოთერაპიის ტექნიკოსის პოზიციაზე და მის დასაბეგრი ხელფასი შეადგენს 2114,00 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი - 1691 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 ოქტომბრის ინფორმაციით, დ.ჩ–ი დასაქმებულია სს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ და მისი ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი 2020 წლის ივნისის თვიდან - 2021 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით განსხვავებულია თვეების მიხედვით, მითითებული პერიოდისათვის დ.ჩ–ის დასაბეგრი ჯამური შემოსავალი შეადგენს 41046,28 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის 8045,08 ლარი. შესაბამისად, მისი ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით შეადგენს 2062,58 ლარს. ამავე ინფორმაციით, თ.ჩ–ი დასაქმებულია სსიპ „ბ. და რ.უ.ს–ში“ და მისი დასაბეგრი შემოსავალი 2020 წლის ივნისის თვიდან - 2021 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგენს - 1600 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 313,6 ლარს, ხოლო 2021 წლის სექტემბრის თვეში შეადგენს - 2212,24 ლარს საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 433,6 ლარი. 2021 წლის მდგომარეობით, მოსარჩელეს შემოსავლის სახით ხელზე აღებული აქვს იანვარში -2023 ლარი; თებერვალში - 1801; მარტში - 1814; აპრილში -2506; მაისში - 2350; ივნისში - 2052; ივლისში - 2383; აგვისტოში - 2539; სექტემბერში - 2180. ამდენად 2021 წლის მოსარჩელის ხელზე ასაღები შემოსავალი შეადგენს თვეში საშუალოდ 2183 ლარს.

5.11. სს „ს.ბ–ის“ ინფორმაციით, დ.ჩ–ის ვალდებულება სს ,,ს.ბ–ში“ საკრედიტო ხელშეკრულება N7335884-ის თანახმად, შეადგენს 4402.55 ლარს, საკრედიტო ხელშეკრულება N7604879-ის თანხმად, შეადგენს - 3024.52 ლარს, იგი ფლობს საკრედიტო ბარათს - ვალდებულების სრული მოცულობით - 633.29 ლარი და ოვერდრაფტს - 481.02 ლარის ოდენობით. დ.ჩ–ს საკრედიტო ვალდებულეები გააჩნია ასევე სს ,,ვ.ბ–ში“. ბანკის ინფორმაციით, მხარეებს შორის ხელშეკრულება N609.0944307.003 გაფორმდა 2018 წლის 31 დეკემბერს 22000 ლარზე. აღნიშნულ სესხზე ორჯერ განხორციელდა რესტრუქტურიზაცია და 2021 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით ხელშეკრულებაზე N609.0944307.006 სესხის ნაშთი შეადგენს - 19565.27 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. პალატამ ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 1221-ე და 1237-ე მუხლებზე, რომელთა დანაწესი ადგენს ალიმენტის ოდენობის შემცირებისა და საალიმენტო დავალიანების გადახდისგან გათავისუფლების შესაძლებლობას შესაბამისი წინაპირობების არსებობისას. კერძოდ, მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. ასევე ალიმენტის გადამხდელის ან მიმღების მატერიალური ან ჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მუხლების განმარტება უნდა მომხდარიყო ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავდა ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ.

5.13. პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა დადგინდა 2019 წელს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და აღნიშნული თარიღიდან გასული იყო 3 წელი. ამ პერიოდის განმავლობაში, მართალია შეიცვალა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა, თუმცა ასევე შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და დაკისრებული ფულადი თანხის მსყიდველუნარიანობა, ასევე არასრულწლოვანთა ასაკი, რაც თავის მხრივ იწვევს ხარჯების ზრდას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ალიმენტის შემცირების წინაპირობები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ჩ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ შეფასების გარეშე დატოვა დიაბეტით დაავადებულ პირთა სახელმწიფო დახმარების პროგრამები, ის, რომ დ.ჩ–ი უზრუნველყოფილია უფასო სპორტული და კულტურული აქტივობებით. არ გაითვალისწინა მოსარჩელის მეორე ქორწინებაში შეძენილი შვილის ინტერესები და რესტრუქტურირებული საბანკო ვალდებულების არსებობის პირობებში მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება.

6.2. სასამართლომ არასწორად არ ჩათვალა დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებად მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება და მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა აღნიშნული.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ დ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).\

12. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის შემცირების (თითოეულ ბავშვზე 140 ლარამდე) საკითხი.

12.1. უკვე დადგენილი ალიმენტის შემცირების შესაძლებლობა გათვალისწინებულია სსკ-ის 1221-ე მუხლით: მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. სსკ-ის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რასაც არ იზიარებს კასატორი და მოითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას ანუ, ალიმენტის თითოეულ ბავშვზე 140 ლარამდე შემცირებას.

12.2. კასატორის მოთხოვნას საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წელი). სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, შემცირების საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით. გონივრულობის აღნიშნული სტანდარტის განსასაზღვრად სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი ნორმებით: სსკ-ის 1212-ე მუხლი ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას. 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი, შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, რა დროსაც, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად დადგენილია როგორც მშობლის, ასევე, შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა.

12.3. კასატორის პრეტენზია შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულს არ გააჩნია ვარგისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო შემთხვევაში, ამოსავალი პრინციპი ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარებაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“. შეიძლება ითქვას, რომ მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. მითითებული კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (ბავშვის მიმართ მშობელთა ვალდებულების ნორმატიული მოწესრიგების თვალსაზრისით იხ., სუსგ №ას-602-570-2015, 20.11.2015წ.). გასათვალისწინებელია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, „უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცების თვალსაზრისით ალიმენტის ოდენობის შესახებ სარჩელს აღძვრისას გარემოებათა არსებითად შეცვლის დადასტურება მოსარჩელეს ევალება, ამასთანავე, სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის რეალურ მატერიალურ მდგომაროებასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს სარჩოს ოდენობის საკითხი“. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის იმდენად გაუარესების ფაქტი, რომ გავლენა მოახდინოს მის მიერ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე. შესაბამისად, პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე დაკისრებული ალიმენტის ყოველთვიური ოდენობა.

12.4. ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური ხასიათის და ის რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვნებს აქვთ ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში კიდევ უფრო მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე, ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვების სათანადოდ აღზრდა-განვითარებას. გარდა ამისა, მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

12.5. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ჰყავს მეორე ქორწინებიდან შვილი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. საკასაციო პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული ალიმენტის დადგენილი ოდენობის შემცირების სამართლებრივ წინაპირობად. მოსარჩელის სამივე შვილი არის არასრულწლოვანი და აქვთ ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები. მათზე ზრუნვა და რჩენა კი წარმოადგენს მშობლების უპირველეს მოვალეობას.

12.6. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მამის მიერ თითოეული ბავშვის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის 140-140 ლარამდე შემცირების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი ვერ იქნება არათუ ბავშვების (დ. და რ.ჩ–ების) აუცილებელი საჭიროება, არამედ ელემენტარული პირობებიც კი და მათ აღზრდა-განვითარებას შეექმნება საფრთხე.

12.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილების ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით 240 და 250 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

15. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

16. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ.ჩ–ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N13844942650, გადახდის თარიღი 12.07.2022) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. დ.ჩ–ს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N13844942650, გადახდის თარიღი 12.07.2022) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე