Facebook Twitter

საქმე №ას-1010-2022 31 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ვ------ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტომ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ვ----ის“ (შემდგომ - შპს, კომპანია, მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს - 18 600 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 20 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აიღო ვალდებულება, მოსარჩელისთვის 2019 წლის 20 თებერვლიდან 2020 წლის 31 იანვრამდე მიეწოდებინა საქონლის (ძროხის) გაუყინავი ხორცი. მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის 0.2%, მაგრამ არანაკლებ დღეში 200 ლარისა, ხოლო საქონლის მიუწოდებლობის შემთხვევაში - ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.

3. მოპასუხემ 11-ჯერ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა. ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 2 600 ლარის დაკისრებას. მოპასუხემ 16-ჯერ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვალდებულება, ამიტომ, ვალდებულების შეუსრულობლობის გამო, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს -16 000 ლარის გადახდა.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 776.31 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. შესაგებელის წარუდგენლობის გამო პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელში მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება უდავოდ მიიჩნია. ამასთან, დაასკვნა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც ის გონივრულ ოდენობამდე შეამცირა.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირებასთან მიმართებით და მიუთითა, რომ მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო 18 600 ლარი იყო. პალატამ გაითვალისწინა რა შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, ვალდებულების მოცულობა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათი და პირგასამტეხლოს ფუნქცია, დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული/შემცირებული პირგასამტეხლო - 776.31 ლარი, გონივრული იყო და სრულად შეესაბამებოდა მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო კი, შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი იყო და, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებს ქმნიდა.

10. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს შედავებასავალდებულო და არაშედავებასავალდებულო პირგასამტეხლოს ცნებები. შედავება სავალდებულოდ უნდა მივიჩნიოთ, თუ დადგინდება, რომ პირგასამტეხლოს ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა კონსენსუსით და ურთიერთდამფარავი ნებით არის მიღწეული და, პირიქით, შედავება არასავალდებულოდ უნდა მივიჩნიოთ მაშინ, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ წინასწარ და ურყევად არის განსაზღვრული და, შესაბამისად, ხელშეკრულების დადების დროს, მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით მოდიფიცირებას არ ექვემდებარებოდა. ვინაიდან, სადავო შემთხვევაში, პირგასამტეხლო არაშედავებასავალდებულო იყო, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო შესაგებლის საფუძველზე, საჯარო წესრიგის დაცვისა და უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართლზომიერად შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. კასატორის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული რომელი ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც წარმოიშვა ზეპირი სხდომის ჩანიშვნის საჭიროება. ამის საპირისპიროდ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე და, მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობის მიუხედავად, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მაშინ, როდესაც საქმის გარემოებები ცალსახად მიუთითებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივ საფუძვლებზე. გაუგებარია, სასამართლო რის საფუძველზე, რომელი საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად მოქმედებდა, როდესაც მოპასუხე პირგასამტეხლოს ოდენობაზე არ დავობდა. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება სრულიად უგულებელყოფს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, ამგვარი მიდგომა სასამართლოს მიერ მხარეთა უფლებამოსილებაში უხეში და გაუმართლებელი ჩარევაა, რაც ხელყოფს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - შეჯიბრებითობას.

13. პალატის განმარტებით, სასამართლოს საკუთარი შესაგებლის წარდგენის გზით თავად შეუძლია, გააპროტესტოს პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც დაუშვებელია და არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და სასამართლოს მიერ მანამდე მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას. ამასთან, ის ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მუხლით განმტკიცებულ სამართალწარმოების პროცესში თანასწორობის პრინციპის დაცვას, მოსამართლის ნეიტრალიტეტსა და მიუკერძოებლობას. სასაართლოს მიერ მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევა არღვევს ევროკონვენციის მე-6 მუხლით განმტკიცებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება სსკ-ის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებიდან გამომდინარეობს.

17. ზემოხსენებული მოთხოვნის წინააღმდეგ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია. მიუხედავად ამისა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საჯარო წესრიგის დაცვისა და უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების საფუძვლით პირგასამტეხლო შეამცირეს. პალატა არ იზიარებს ამ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. პირველ რიგში, ასეთი წინაპირობაა თავად მხარის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზეა მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასდება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მათ შორის, მხარეთა სახელშეკრულებო ინტერესის განმარტების კონტექსტით. კვალიფიციური შედავების გარეშე კი, შეუძლებელია, დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსის, ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მაქსიმალურობას უწყობს ხელს (შდრ. იხ. ნათია ჩიტაშვილი „პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2020).

19. ამდენად, მართალია, სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაცული იყოს შინაარსობრივი ბალანსიც, ანუ სამართლიანი ბალანსი მხარეთა შორის, თუმცა სასამართლომ მხარეთა თანასწორობა მისთვის კანონით დაწესებული ჩარჩოს ფარგლებში უნდა დაიცვას. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17). სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავდაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა - შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სწორედ მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი დისპოზიციურობის პრინციპის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) ერთგვარი გამოხატულებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც, გარკვეულწილად, დავაში ჩართვასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე. ამასთან, სწორედ შესაგებლის შინაარსიდან განისაზღვრება, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად, ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელიც ვერ გამოიყენება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი, შესაგებელი, მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში, მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (შდრ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, იხ. 201-ე და 2321 -ე მუხლების კომენტარები). როგორც საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გაჩინებაში განმარტა, შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით), დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია, მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება შესაბამისი (რელევანტური) ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (იხ. სუსგ №ას-354-2021, 25.06.2021წ. პ.101, 102).

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ №ას-888-2020, 10.12.2020წ.). სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის მოპასუხის მიერ წარუდგენლობა ერთგვარ პრეზუმციას ეფუძნება, კერძოდ, შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობისას არსებობს ვარაუდი, რომ მოპასუხემ აღიარა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (შდრ. სუსგ №ას-654-961-2009, 28.12.2009). შესაბამისად, თუკი მოპასუხე „თანახმაა“, დაეკისროს პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით, თუნდაც მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება, აღარ ამართლებს სასამართლოს მიერ ხელშეკრულების თავისუფლების არსში „შეჭრას“ და ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი თანხის შესახებ პირობის შინაარსობრივი თვალსაზრისით კონტროლს. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმადაც, სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების საფუძველზეა შესაძლებელი (იხ. სუსგ-ები №ას-827-2021, 03.12.2021წ.; №ას-1098-2021, 26.07.2022წ.).

21. ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის პირობებში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა თუ სხდომაზე გამოუცხადებლობა, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებას იწვევს, თუნდაც ის იყოს შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. ქ. მესხიშვილი, ,,პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები“, ,,სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).

22. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მიხედვით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 20 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აიღო ვალდებულება, მოსარჩელისთვის მიეწოდებინა გაუყინავი საქონლის (ძროხის) ხორცი 2019 წლის 20 თებერვლიდან 2020 წლის 31 იანვრამდე პერიოდში. მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის 0.2%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ დღეში 200 ლარისა, ხოლო საქონლის მიუწოდებლობის შემთხვევაში ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა. მოპასუხემ 11-ჯერ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა (985.50 ლარის ღირებულების საქონელი ---- ბაზაზე ნაცვლად 2019 წლის 25 თებერვლისა, მიწოდებულ იქნა 2019 წლის 26 თებერვალს - 1 დღის დაგვიანებით; 646.05 ლარისსაქონელი --- ბაზაზე ნაცვლად 2019 წლის 27 მაისისა, მიწოდებულ იქნა 2019 წლის 28 მაისს - 1 დღის დაგვიანებით; 328.5 ლარის საქონელი ---- ბაზაზე, ნაცვლად 2019 წლის 20 მაისისა, მიწოდებულ იქნა 2019 წლის 21 მაისს - 1 დღის დაგვიანებით; 438 ლარის საქონელი --- ბაზაზე, ნაცვლად 2019 წლის 27 მაისისა, მიწოდებულ იქნა 2019 წლის 28 მაისს - 1 დღის დაგვიანებით; 876 ლარის საქონელი ---- ბაზაზე, ნაცვლად 2019 წლის 30 აპრილისა, მიწოდებულ იქნა 2019 წლის 1 მაისს - 1 დღის დაგვიანებით; 2190 ლარის საქონელი თბილისში, ---- ქუჩაზე, ნაცვლად 2019 წლის 19 ივნისისა, მიწოდებულ იქნა 2019 წლის 21 ივნისს - 2 დღის დაგვიანებით; 941.7 ლარის საქონელი თბილისში, ---- პოლიგონზე, ნაცვლად 2019 წლის 24 ივნისისა, მიწოდებულ იქნა 26 ივნისს - 2 დღის დაგვიანებით; 547.5 ლარის საქონელი ----- ობიექტზე, ნაცვლად 2019 წლის 4 ივნისისა, მიწოდებულ იქნა 5 ივნისს - 1 დღის დაგვიანებით; 547.5 ლარის საქონელი ---- ობიექტზე, ნაცვლად 2019 წლის 04 ივნისისა, მიწოდებულ იქნა 05 ივნისს - 1 დღის დაგვიანებით; 657 ლარის საქონელი ---- ობიექტზე, ნაცვლად 2019 წლის 10 ივნისისა, მიწოდებულ იქნა 11 ივნისს - 1 დღის დაგვიანებით; 438 ლარის ღირებულების საქონელი ---- ობიექტზე, ნაცვლად 2019 წლის 10 ივნისისა, მიწოდებულ იქნა 11 ივნისს - 1 დღის დაგვიანებით). მოპასუხემ 16-ჯერ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვალდებულება (1314 ლარის ღირებულების საქონელი თბილისში, ---- პოლიგონზე, 2019 წლის 18 ივნისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 1314 ლარის ღირებულების საქონელი თბილისში, ---- პოლიგონზე, 2019 წლის 21 ივნისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 700.8 ლარის საქონელი თბილისში, --- პოლიგონზე, 2019 წლის 24 ივნისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 2190 ლარის საქონელი თბილისში, ----- ობიექტზე 2019 წლის 17 ივნისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 547.5 ლარის საქონელი ---- ობიექტზე 2019 წლის 27 ივნისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 657 ლარის საქონელი ---- ობიექტზე, 2019 წლის 17 ივნისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 547.5 ლარის საქონელი ---- ობიექტზე, 2019 წლის 17 ივნისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 547.5 ლარის საქონელი ---- ობიექტზე, 2019 წლის 18 ივნისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 547.5 ლარის საქონელი ---- ობიექტზე, 2019 წლის 18 ივნისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 98.55 ლარის საქონელი----- ობიექტზე, 2019 წლის 24 ივნისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 459.9 ლარის საქონელი ---- ობიექტზე, 2019 წლის 24 ივნისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 657 ლარის საქონელი ---- ობიექტზე, 2019 წლის 25 ივნისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 1642.5 ლარის საქონელი ---- ობიექტზე, 2019 წლის 1 ივლისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 876 ლარის საქონელი ---- ობიექტზე, 2019 წლის 1 ივლისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 1423.5 ლარის საქონელი ---- ობიექტზე, 2019 წლის 2 ივლისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული; 1533 ლარის საქონელი ---- ობიექტზე, 2019 წლის 2 ივლისს უნდა ყოფილიყო მიწოდებული და საერთოდ არ იქნა მიწოდებული). ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელე მოითხოვს, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 2 600 ლარი, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო - 16 000 ლარი. პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან ვლინდება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

23. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 18 600 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

24. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის, სააპელაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის - 2162.13 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შპს ,,ვ---ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს სასარგებლოდ დაეკისროს 18 600 ლარის გადახდა;

5. შპს ,,ვ----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2162.13 ლარის გადახდა;

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე