Facebook Twitter

საქმე №ას-1336-2022 22 ნოემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.კ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.დ. და ლ–კა“, შპს „გ.ბ.ჯ–ა“ (მოსარჩელეები)

თავდაპირველი მოპასუხე – შპს „თ.პ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.06.2022 წლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – განჩინების გაუქმება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.04.2022 წლის გადაწყვეტილებით შპს „ს.დ. და ლ–კის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) სარჩელი შპს „თ.პ–ისა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და დ.კ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“, პირველ მოპასუხესთან ერთობლივად - „მოპასუხეები“) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიწოდებული საქონლის ღირებულების 427,4 ლარის, გაუწეველი მარკეტინგული მომსახურების თანხის 900 ლარისა და პირგასამტეხლოს - ჯამში 500 ლარის (200 ლარი ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადის გადაცილებისთვის + 300 ლარი მარკეტინგული მომსახურების პირგასამტეხლო) გადახდა, პირველ მოსარჩელეს უარი ეთქვა დამატებით ნასყიდობის საფასურის ვადაში გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს თანხის 491 ლარისა და მარკეტინგული პირგასამტეხლოს თანხის 600 ლარის დაკისრებაზე; შპს „გ.ბ.ჯ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“) სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 444,89 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.06.2022 წლის განჩინებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.04.2022 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, ხოლო პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 365-ე მუხლზე (სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს) და განმარტა, რომ მეორე მოპასუხის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული, სოლიდარულად შესასრულებელი ვალდებულება პირველი მოსარჩელის მიმართ 1827,4 ლარია. ამდენად, მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.06.2022 წლის განჩინება მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

8. სსსკ-ის 365-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სსსკ-ის 2.2. მუხლით, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ-ებები: №ას-230-218-2017, 28.04.2017წ; №ას-1305-2019, 21.11.2019წ; №ას-1582-2019, 28.02.2020წ.). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR) (სუსგ-ებები: №ას-692-646-2017, 14.07.2017წ; №ას- 533-533-2018, 22.06.2018წ.).

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა (სოლიდარულად) 1827,4 ლარის გადახდა. შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1827,4 ლარს შეადგენს, რაც კანონით განსაზღვრულ ზღვარზე ნაკლებია და სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.კ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.06.2022 წლის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია