21 ოქტომბერი 2022 წელი
№ას-1117-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ.პ.ს. ,,ა–ი”
მოწინააღმდეგე მხარე _ ა.გ–ვი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით, ა.გ–ვის სარჩელი შ.პ.ს. „ა–ი“-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შ.პ.ს. „ა–ი“-ს ა.გ–ვის სასარგებლოდ დაეკისრა: 2016 წლის საიჯარო ქირის - 12 595 ლარის, 2017 წლის საიჯარო ქირის - 65 000 ლარისა და 2017 წლის 02 ოქტომბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს - 6240.30 ლარის გადახდა. შ.პ.ს. „ა–ი“-ს სარჩელი ა.გ–ვის მიმართ, არ დაკმაყოფილდა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ა–ი“-ს წარმომადგენელმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით, შ.პ.ს. „ა–ი“-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ №2/16822-19 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გამოცხადდა 13.05.2022 წელს გამართულ სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა მოსარჩელის ა.გ–ვის წარმომადგენელი გ.პ–ი. რაც შეეხება მოპასუხე შ.პ.ს. „ა–ი“-ს წარმომადგენელ გ.ი–ძეს, მისთვის ცნობილი იყო 13.05.2022 წელს სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ (იხ. 15.04.2022წ სხდომის ოქმი - ტ. 4 ს.ფ.55-69; ხელწერილი ს.ფ. 96), თუმცა მოპასუხეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. საქმის მასალების მიხედვით, მოპასუხის წარმომადგენელმა გ.ი–ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.05.2022 წლის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა კანონმდებლობით დადგენილი 30-დღიანი ვადის დარღვევით - 20.06.2022 წელს. (იხ. ტ.4, ს.ფ. 124) შესაბამისად, სსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარისათვის განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაეწყო განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდგომ 2022 წლის 14 ივნისიდან და ამოიწურა 2022 წლის 27 ივნისს. საქმის მასალების მიხედვით, შ.პ.ს. „ა–ი“-ს სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შევიდა 30.06.2022 წელს და არ დასტურდება ფაქტი სააპელაციო საჩივრის ფოსტის მეშვეობით სასამართლოში გაგზავნის შესახებ.
3.2. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შეასრულებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას და გამოცხადდებოდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 30-ე დღისა, მაშინ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა იმ დღიდან, როდესაც სასამართლო ჩააბარებდა მხარეს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში მოსარჩელის სასამართლოში გამოცხადების ფაქტი. შესაბამისად, გასაჩივრების ვადა ავტომატურად დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამასთან, საქმის მასალებში არც იმის დამადასტურებელი ცნობა მოიპოვება, რომ სასამართლომ გვიან მოამზადა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
3.3. ამდენად, აპელანტს თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.06.2021წ. გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლო 27.06.2022წ. ჩათვლით. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, შ.პ.ს. „ა–ი“-ს სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 30.06.2022წ. (ტ.4 ს.ფ.127), ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შ.პ.ს. „ა–ი“-ს წარმომადგენელმა გ.ი–ძემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
4.1. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 13 მაისით დათარიღებული გადაწყვეტილება ვებგვერდზე განათავსა 2022 წლის 13 ივნისს. აპელანტის წარმომადგენელი არაერთხელ ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს მობილური საშუალებით და სთხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა, თუმცა სასამართლოს მოხელე განმარტავდა, რომ გადაწყვეტილების მომზადებისთანავე წარმომადგენელს აცნობებდა აღნიშნულის შესახებ. მოსამართლის თანაშემწემ მხოლოდ 2022 წლის 14 ივნისს აცნობა შ.პ.ს. „ა–ი“-ს წარმომადგენელს, რომ 2022 წლის 13 ივნისს დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა და მხარეს (წარმომადგენელს) შეეძლო მისი მიღება. 2022 წლის 02 აგვისტოს წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში გადაამოწმა 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების მომზადებისა და ვებგვერდზე განთავსების თარიღი და მას მისაღებში დაუდასტურეს, რომ გადაწყვეტილება ნამდვილად 2022 წლის 13 ივნისს იქნა მომზადებული.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ევალებოდა, გადაწყვეტილება მოემზადებინა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში, ანუ 2022 წლის 28 მაისის ჩათვლით, აღნიშნული ვადა სასამართლოს მხრიდან დაირღვა. ის გარემოება, რომ შ.პ.ს. „ა–ი“-ს წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს წერილობით არ მიმართა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, ესე იგი, არ შეეცადა, შეექმნა მტკიცებულება მასზედ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მომზადების ვადა დაარღვია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მხარეს (წარმომადგენელს) სასამართლოსთვის არ მიუმართავს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. 2591 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში მხარე (წარმომადგენელი) ობიექტურად ვერ ჩიაბარებდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მისი არარსებობის გამო.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, შ.პ.ს. „ა–ი“-ს კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლა.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (იხ. სუსგ. №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი).
11. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ციტირებული ნორმის მესამე ნაწილის ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
13. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით (ტ.4, ს.ფ. 50) დასტურდება, რომ გ.ი–ძე საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას იყო შ.პ.ს. „ა–ი“-ს საპროცესო წარმომადგენელი 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 15 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელაც ესწრებოდა გ.ი–ძე, მხარეებს (წარმომადგენლებს) ეცნობათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი და დრო - 2022 წლის 13 მაისი, 15:50 საათი, რის შესახებაც ხელწერილს ხელი მოაწერა შ.პ.ს. „ა–ი“-ს წარმომადგენელმა გ.ი–ძემ (ტ.4, ს.ფ. 96). დადგენილია, რომ შ.პ.ს. „ა–ი“-ს წარმომადგენელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდა (ტ.4, ს.ფ. 107-109). ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის გამოსაყენებლად არსებობს წინაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის ცოდნის სახით.
14.1. დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში (ე.ი. 2022 წლის 03 ივნისიდან ამავე წლის 12 ივნისის ჩათვლით) შ.პ.ს. „ა–ი“-ს განცხადება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ სასამართლოში არ წარდგენილა. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო გზით ითხოვდა დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემას.
14.2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
14.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი, შეიძლება, დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ. №ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.). რაც შეეხება მოსამართლის თანაშემწესთან ტელეფონით დარეკვას, იგი არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი ვადის მიხედვით გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადებად. პალატა კიდევ ერთხელ განამარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს მხარის (რომელიც ესწრება ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა აითვლება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
14.4. ამავდროულად, კერძო საჩივრის ავტორის მითითება მოსამართლის თანაშემწესთან გადაწყვეტილების გადმოცემის მიზნით კომუნიკაციის წარმოების შესახებ, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, ამდენად, პალატა დამტკიცებულად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2022 წლის 14 ივნისამდე შ.პ.ს. „ა–ი“-ს წარმომადგენელი მოსამართლის თანაშემწისგან იღებდა უარს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებაზე.
14.5. ამავდროულად, კერძო საჩივრის ავტორი უთითებს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გადაწყვეტილება ვადის დარღვევით მომზადდა. ვინაიდან, გადაწყვეტილების ვადის დარღვევით მომზადების ფაქტის დამტკიცება კერძო საჩივრის ავტორის ინტერესში შედის, სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების შესაბამისად, აღნიშნული გარემოების სათანადო მტკიცებულებით დადასტურება სწორედ შ.პ.ს. „ა–ი“-ს საპროცესო ტვირთს წარმოადგენდა, რომლის რეალიზებაც კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო, ამრიგად, საკასაციო პალატა ვერც აღნიშნულ არგუმენტს გაიზიარებს.
15. დადგენილია, რომ სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება შ.პ.ს. „ა–ი“-ს წარმომადგენელმა გ.ი–ძემ ჩაიბარა 2022 წლის 20 ივნისს (იხ. ხელწერილი, ტ.4, ს.ფ. 124).
16. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კერძო საჩივრის ავტორს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილი ვალდებულება არ შეუსრულებია, ამდენად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დენა ავტომატურად დაიწყო 2022 წლის 14 ივნისს და მიმდინარეობდა 2022 წლის 27 ივნისის ჩათვლით.
17. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2022 წლის 30 ივნისს (იხ. სააპელაციო საჩივარი , ტ.4, ს.ფ. 127-151).
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
19. ამდენად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ა–ი“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი