11 ნოემბერი, 2022 წელი
საქმე №ას-1415-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ შ.პ.ს. „ლ–სი“, ზ.ტ–ვი, მ.მ–ნი
მოწინააღმდეგე მხარეები _ ს.ს. „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს.ს. „ს.ბ–ი"-ს სარჩელი შ.პ.ს. „ლ–სი“-ს, ზ.ტ–ვისა და მ.მ–ნის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს შ.პ.ს. „ლ–სი“-ს წარმომადგენელმა, ზ.ტ–ვმა და მ.მ–ნმა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით შ.პ.ს. „ლ–სი“-ს, ზ.ტ–ვისა და მ.მ–ნის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ.პ.ს. „ლ–სი“-ს წარმომადგენელმა, ზ.ტ–ვმა და მ.მ–ნმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით შ.პ.ს. „ლ–სი“-ს, ზ.ტ–ვისა და მ.მ–ნის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 27 მაისს.
6. 2022 წლის 02 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა აპელანტების წარმომადგენლის განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და დანარჩენ ნაწილში მან აპელანტებისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის 2 თვით გაგრძელება ითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინებით აპელანტების წარმომადგენლის მ.ნ–ის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის 2 თვით გარძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივრის ავტორებს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 დღით გაუგრძელდათ დარჩენილი სახლმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოსადგენად. ამავე განჩინებით განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა და რომ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი აპელანტების წარმომადგენელს 2022 წლის 09 ივნისს სატელეფონო ეტყობინებით ეცნობა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შ.პ.ს. „ლ–სი“-ს წარმომადგენელმა, ზ.ტ–ვმა და მ.მ–ნმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო/კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
12. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა გაუგრძელდათ 10 დღით. ამავე განჩინებით განემარტათ, რომ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მხარემ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან გასაჩივრებულია საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება, რომლის კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალსწინებს.
14. პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი იმსჯელოს შუალედურ განჩინებაზე, თუ ის გასაჩივრებულია შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია კერძო საჩივარი, რომლითაც მხარეები ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, აღნიშნული კერძო საჩივრის განსახილველად მიღების შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვისას მოხდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინების საფუძვლიანობაზე მსჯელობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.პ.ს. „ლ–სი“-ს, ზ.ტ–ვის და მ.მ–ნის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი