15 ნოემბერი 2022 წელი
საქმე №ას-1435-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ მ.ჩ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „თ.ბ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.ს. „თ.ბ–მა“ სარჩელი წარდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ.ჩ–ძის მიმართ და მოითხოვა შემდეგი:
1.1. მოპასუხეს, 2018 წლის 06 აგვისტოს საბანკო კრედიტის №6339052-10023581 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს დავალიანების გადახდა 170 836.83 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 118 587.28 ლარი, პროცენტი - 39 989.31 ლარი, პირგასამტეხლო - 11 858.72 ლარი და დაზღვევა - 401.52 ლარი.
1.2. მოპასუხეს, 2018 წლის 06 აგვისტოს საბანკო კრედიტის №6339052-10023581 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე - 11 8587.28 ლარზე, დაეკისროს წლიური 18% სარგებლის გადახდა 2021 წლის 29 ივლისიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან) ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1 754.44 ლარს, ხოლო ჯამურად - 21 053.16 ლარს.
1.3. მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულებების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......, 94.71 კვ.მ., ს/კ ........ დავალიანების, მასთან დაკავშირებული სასამართლო და სააღსრულებო ხარჯების დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციასთან ერთად, აღსრულება ასევე განხორციელდეს მოპასუხის ნებისმიერ შემოსავალზე და ქონების რეალიზაციის გზით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სარჩელი მოპასუხე მ.ჩ–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ:
2.1. მოპასუხე მ.ჩ–ძეს მოსარჩელე ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ 2018 წლის 06 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების - 161 349.85 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 118 587.28 ლარი, პროცენტი - 39 989.31 ლარი, პირგასამტეხლო - 2 371.74 ლარი, დაზღვევა - 401.52 ლარი.
2.2. მოპასუხე მ.ჩ–ძეს მოსარჩელე ს.ს. „თ.ბ–ი -ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 06 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 11 8587.28 ლარზე, დაეკისრა წლიური 18% სარგებელი 2021 წლის 29 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1 754.44 ლარს, ხოლო ჯამურად მაქსიმუმ 21 053.16 ლარს.
2.3. მოსარჩელე სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ წინამდებარე სარეზოლუციო ნაწილის 2.1.-2.2. პუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მოპასუხე მ.ჩ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, . ......., ს/კ: ....... (ფართი 94.71 კვ.მ.). თუ იპოთეკით დატვირთული ქონება არ იქნება საკმარისი ვალდებულების შესასრულებად, გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხე მ.ჩ–ძის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სახის სხვა ქონებიდან.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ჩ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში, გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხე მ.ჩ–ძეს მოსარჩელე ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ 2018 წლის 06 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების - 158 978.11 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 118 587.28 ლარი, პროცენტი - 39 989.31 ლარი, და დაზღვევა - 401.52 ლარი. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ჩ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოში მისი მოთხოვნა იყო პირგასამტეხლოს შემცირება და არა მისი ანულირება. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივარს თან ერთვის სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან ათი დღის ვადაში და სხვა საკითხებთან ერთად ადგენს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.
7. განსახილველ შემთხვევაში, მ.ჩ–ძე ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, სახეზეა, ისეთი ვითარება, როდესაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მხარე, რომლის სასარგებლოდაც არის მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუშვებელია.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. მართლია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი, ზოგადად განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის სუბიექტთა წრეს, მაგრამ პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეს, რომლის სასარგებლოდაც არის გამოტანილი გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს გაასაჩივროს იგი ზემდგომი წესით. ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებას ანიჭებს პირს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის არსი წარმოადგენს არა პირის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას, არამედ ორიენტირებულია იმ პირის/პირთა უფლებების დაცვაზე (გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება), რომელთა მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება, ანუ გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილით - სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი უფლებები და/ან მოვალეობები. ამასთან, ეს მუხლი არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება.
10. ზემოაღნიშნული ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე, თუკი მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მისი უფლება არ დარღვეულა და სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მისი დავა, მას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აღარ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამართლებრივი შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ იგი არასწორი და კანონშეუსაბამოა, საკასაციო სასამართლო ვერ გააუქმებს და ვერ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს იქნება კასატორის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლიდან გამომდინარე დაუშვებელია. ამდენად, მხარეს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება სრულად, თუ იგი მის წინააღმდეგაა გამოტანილი, ან იმ ნაწილში, რომელიც მის წინააღმდეგაა მიღებული.
11. განსახილველ შეთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა მ.ჩ–ძის მოთხოვნა, ცხადია, რომ მას პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დამდგარ შედეგზე არ გააჩნია, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლების მქონედ ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე და 391-ე მუხლების მიზნიდან გამომდინარე, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილბაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
14. საქართველოსს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან, მ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ვ.კ–ნის მიერ 2022 წლის 31 ოქტომბერს გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, 391-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. მ.ჩ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ.კ–ნის (პ/ნ ........) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი (საგადახდო დავალება #29046235, გადახდის თარიღი 31.10.2022).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი