საქმე №ზ-632-ა-24-2022 14 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – შპს „ს–ოს“ სამეცნიერო საბჭო
განმცხადებლის მოთხოვნა – №ზ-586-22 განცხადების წარმოებაში მიღება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის №2/3317-14 გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ფ.ს“-ის (შემდგომში -„მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ს–ოს” (შემდგომში - „მოპასუხე“, „განმცხადებელი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 185 163, 83 ლარის გადახდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება.
6. შპს „ს–ოს“ სამეცნიერო საბჭომ, კომპანიის გენერალური დირექტორის - რ.ნ–ას სახელით, 2022 წლის 23 ივნისს (სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღი) განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის №2/3317-14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით, შპს „ს–ოს“ სამეცნიერო საბჭოს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩა განუხილველად. მხარეს განემარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
8. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამავე შინაარსის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით ასევე დარჩა განუხილველად (იხ. სუსგ საქმე №ზ-550-21).
9. 2022 წლის 28 ოქტომბერს შპს „ს–ოს“ სამეცნიერო საბჭომ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა №ზ-586-22 განცხადების წარმოებაში მიღება, რომელიც დარჩა რეაგირების გარეშე.
10. მხარე მიუთითებს, რომ №ზ-586-22 განცხადებას თან ერთვოდა 45 ერთეული სასაქონლო ზედნადებები, რითაც დასტურდება საქონლის მიწოდების ფაქტი. კერძოდ, შპს „ფ.ს“-ის მიერ გადახდილია 1009960 ლარი, ხოლო შპს „ს–ოს“ მიერ მიწოდებულია 1065384 ლარის პროდუქცია.
11. 2022 წლის 10 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსისგან გამოთხოვილ იქნა №ზ-586-22 განცხადება თანდართული მასალებით, რომელიც დაერთო საქმეს.
12. საკასაციო პალატა №ზ-586-22 განცხადების გაცნობის შედეგად აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მოთხოვნას კვლავ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის №2/3317-14 გადაწყვეტილების გაუქმება წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ №ზ-632-ა-24-2022 განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.
14. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ №ზ-632-ა-24-2022 განცხადებით მოთხოვნილია №ზ-586-22 განცხადების წარმოებაში მიღება, რომელიც დარჩა რეაგირების გარეშე, რამდენადაც მხარეს განემარტა, რომ განცხადებაში მითითებული მოთხოვნის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2022 წლის 1 თებერვლისა და 11 ივლისის განჩინებებით იმსჯელა №ზ-586-22 განცხადებაში მითითებული გარემოებების შესახებ.
15. №ზ-632-ა-24-2022 და №ზ-586-22 განცხადებების ერთობლივად შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის №2/3317-14 გადაწყვეტილების გაუქმებას.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ იდენტური შინაარსის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლისა და 11 ივლისის განჩინებებით დარჩა განუხილველად. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ რამდენადაც იგი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის №2/3317-14 გადაწყვეტილების გაუქმებას საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებული იყო ამ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ შპს „ს–ოს“ სამეცნიერი საბჭოს განცხადება წარმოდგენილი იყო არაგანსჯად სასამართლოში.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №ზ-586-22 განცხადება მართებულად დარჩა რეაგირების გარეშე. შესაბამისად, №ზ-632-ა-24-2022 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია №ზ-586-22 განცხადების წარმოებაში მიღება უნდა დარჩეს განუხილველად.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს - პირის უფლებას სასამართლო წესით დაცვაზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
19. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება და იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას ან/და იგივე მიზნით წარადგინოს განცხადებები და შუამდგომლობები.
20. მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს, თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაასრულოს მისი განხილვა (იხ. სუსგ საქმე №ა-746-ა-4-2011, 25 მაისი, 2011 წელი; №ა-2696-ბ-15-2014, 22 სექტემბერი, 2014 წელი).
21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.
22. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე – „იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ“).
23. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა სრულად ისარგებლა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „ს–ომ“ (ისევე როგორც ამავე ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭომ) არაერთხელ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის №2/3317-14 გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „ს–ოს“ განცხადებები მიმართულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების შეცვლისკენ, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, შესაბამისად, მიზანშეწონილი და მართებულია მისთვის განსახილველ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით მინიჭებული უფლების შეზღუდვა. აღნიშნული კი იმაში გამოიხატება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის №2/3317-14 გადაწყვეტილებაზე შპს „ს–ოს“ მიერ სამომავლოდ შემოტანილი ყველა სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი და სხვ.) დარჩება რეაგირების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს–ოს“ სამეცნიერო საბჭოს განცხადება №ზ-586-22 განცხადების წარმოებაში მიღებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის №2/3317-14 გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე