Facebook Twitter

საქმე №ას-1397-2022 29 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „დ.ჯ–ა“, რ.მ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ლ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ.ჯ–ასა“ და რ.მ–ის (შემდგომში - „მოპასუხეები“, „კასატორები“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 28 302.35 ლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივრები, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. რ.მ–ი შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ კასატორი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით რ.მ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; რ.მ–სა და შპს „დ.ჯ–ას“ დაევალათ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: 2.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; 2.2. ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის – 1 415, 12 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

9. ზემოაღნიშნული განჩინება რ.მ–ს გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 18 ნოემბერს.

10. 2022 წლის 28 ნოემბერს რ.მ–მა მისი და შპს „დ.ჯ–ას“ სახელით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი თქვა საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.

13. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

14. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-1573-2018, 26.09.2019 წელი; №ას-1793-2019, 12.03.2020 წელი; №ას-1238-2022, 04.10.2022 წელი).

15. მოცემულ შემთხვევაში, რ.მ–მა საკუთარი და შპს „დ.ჯ–ას“ სახელით [რ.მ–ი წარმოადგენს აღნიშნული კომპანიის დირექტორს, იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFGhaKND1Red37aPYKGt8[YpPtkk[5cu8]oWRKSQkOl4q] მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და დაადასტურა, რომ აღარ აქვს საკასაციო საჩივრის განხილვის ნება.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა განაცხადეს, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობენ უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მათ განახორციელეს სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან კასატორებმა იქამდე განაცხადეს უარი საკასაციო საჩივარზე, ვიდრე სასამართლო იმსჯელებდა მის წარმოებაში მიღებაზე, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ამდენად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. სუსგ №ას-37-36-2014, 17.02.2014, №ას-1238-2022, 4.10.2022). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 396-ე, 399-ე, 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.მ–ისა და შპს „დ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე