Facebook Twitter

20 ოქტომბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-447 -2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „------“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ. და ნ. ფ-ები (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინება;

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „-----“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შპს) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ნ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მეიჯარე) და ზ. ფ-ბის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ - 8775 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 9600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა; ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისთვის 7200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე პირველი მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მოპასუხის ქმედებამ დააზიანა.

1.2. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, არასწორად დადგინდა, რომ პირველ მოსარჩელესა და შპს „გ-----სს“ შორის ხელშეკრულების შეწყვეტა მათ მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოებით არის გამოწვეული.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით, ნ. და ნ. ფ-ბი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლეები) ცნობილ იქნენ მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. თბილისში, ----- ქუჩა #----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის #- შენობაში მდებარე 138.8 ვ.მ ბინა #-, #- შენობის ქვეშ მდებარე 18.88 კვ.მ სარდაფი, #- შენობის პირველ სართულზე 20.55 კვ.მ ავტოფარეხი და #- შენობის ქვეშ მდებარე 18.66 კვ.მ სარდაფი ს/კ-ით #------ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება), 2018 წლის 31 დეკემბრიდან უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, პირველი მოსარჩელის საკუთრებაა.

4.4. თბილისში, ----- ქუჩა #---ში მდებარე #-, #-, #-, #-, #- და #- შენობა-ნაგებობები ს/კ-ით #-------, 700 კვ.მ ფართით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება), მოპასუხის საკუთრებაა.

4.5. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 10 აპრილის №----- ბრძანებით, შეთანხმდა თბილისში, სექტორი - ----, ----- ქუჩა №---, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ----) შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროექტი. ამავე სამსახურის მიერ 2017 წლის 5 მაისს გაცემული №---- ბრძანების მიხედვით, თბილისში, ---- ქუჩა №----ში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ -----) გაიცა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.

4.5.1. დემონტაჟისა და შემდგომი სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი, დაინტერესებული პირი მოპასუხეა.

4.6. მშენებლობის პროცესში რომელსაც მოპასუხე წარმართავდა, ქვაბულის ამოღებისას სამშენებლო ნორმების დარღვევამ პირველი მოსარჩელის კუთვნილი სახლი დააზიანა, სახელდობრ;

4.6.1. ი/მ ,,რ. მ-ძე, მ----ტი, დ----ბა, ე-----ის“ 2013 წლის 30 დეკემბრის დასკვნით, თბილისში, ------ ქუჩა #----ში მდებარე აგურის მზიდ კედლებში ნაგები სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადებზე დაკვირვების საფუძველზე, სახლის საექსპლოატაციო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კედლებში არ შეინიშნება გამჭოლი ბზარები, არც სხვა რაიმე დაზიანებები, რაც მიანიშნებს, რომ ფიზიკური ცვეთის გამოვლინებებს მზიდ კონსტრუქციებში ადგილი არ აქვს.

4.6.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 13 იანვრის №----- დასკვნით, თბილისში, ----- ქუჩა #----ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ მას (70 წლის ნაგებობას) ესაჭიროება საექსპლოატაციო დონის ამაღლება. ამისთვის აუცილებელია შიდა და გარე წყალ-კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია, რკინაბეტონის სეისმური სარტყლის და სხვა სახის კონსტრუქციული ელემენტის კაპიტალური შეკეთება, ასევე აუცილებელია აღიკვეთოს ატმოსფერული ნალექების საძირკველში ჩადინების შესაძლებლობა. ე.ი. ჩასატარებელია შენობის კაპიტალური რემონტი.

4.6.3. შპს „ა------ა გ----ის“ 2016 წლის 3 ნოემბრის საექსპერტო დასკვნით, ----- ქუჩა #----ში მდებარე მომიჯნავე სამსართულიანი ძირითადი შენობა საკვლევი ობიექტისგან დაცილებულია 6 მეტრით, ხოლო ამავე მისამართზე არსებული ავტოფარეხი 3 მეტრით. გარეგნული დათვალიერებით აღნიშნულ შენობაზე არ შეიმჩნევა მნიშვნელოვანი დეფორმაცია და ბზარები. აღნიშნული შენობები, რომლებიც მდებარეობენ ----- ქუჩა ----ში და 104-ში ტექნიკური მდგრადობის თვალსაზრისით, საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით არის ნორმალურ მდგომარეობაში და მიეკუთვნება I კატეგორიას.

4.6.4. ი/მ ,,რ. მ-ძე, მ----ტი, დ----ბა, ე----ის’’ 2017 წლის 21 დეკემბრის საექსპერტო-ტექნიკური დასკვნის მიხედვით, ,,---- ქუჩა №---ში, პირველი მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაზე მიყენებული დაზიანებები გამოიწვია მიმდებარედ ---- ქუჩაზე №--- მშენებლობის პერიოდის ქვაბულის ამოღებისას სამშენებლო ნორმების დარღვევამ. მისი ფერდობის შემაგრება უნდა მომხდარიყო ქვაბულის ამოღებაზე სამუშაოთა დაწყებამდე’’. ამოღებული ქვაბულის სიმაღლე 8 მეტრამდეა, საჭირო იყო გრუნტის ამოღებამდე ქვაბულის ფერდის გამაგრება ლესტერის ტიპის შპუნტური კედლით, რაც მოგვიანებით გაკეთდა. ვერტიკალურ მდგომარეობაში დატოვებული ქვაბულის ფერდი 8 მეტრ სიმაღლეზე თავის თავს ვერ დაიჭერდა, ამიტომაც მოშორებულ ნაწილებშიც დაიბზარა ეზო და შენობის იატაკებზეც, კედლებშიც გაჩნდა ბზარები, გაიჭედა კარ-ფანჯრები.

4.6.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თბილისში, ----- ქუჩა №-----ში მდებარე შენობისა და მიმდებარე ეზოს ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შენობაზე არსებული დაზიანებები შეესაბამება 2-3 ხარისხს და მათი პროგრესირებადი ხასიათიდან გამომდინარე შენობის შემდგომი ექსპლოატაცია საფრთხის შემცველია. ------ ქუჩა №----ში მდებარე შენობისა და ეზოს დაზიანება გამოწვეულია ---- ქუჩა №----ში მიმდინარე მშენებლობით, კერძოდ, ქვაბულის ფერდების არასთანადოდ დამაგრებით; შენობის მეორე სართულზე არსებულ ბინაში გასულ წლებში ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები, ბინა ტექნიკურად მოვლილია, თუმცა მზიდ კედლებსა და ტიხრებზე წარმოქმნილია, როგორც დახრილი, ისე ვერტიკალური ბზარები. ცალკეული ბზარები ვრცელდება სართულის სიმაღლეზე და მათი გახსნილობა 5-30 მმ-მდეა, იატაკის მოპირკეთებაშიც შეინიშნება ბზარები, ხოლო რამდენიმე ადგილზე კედლებთან ჩანს ბზარებიდან ბათქაშის მცირე ნაწილაკების ცვენის კვალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შენობაზე მიმდინარე დეფორმაციები პროგრესირებს. ბინაში ეზოდან არსებული ტერასიდან, რომლის მოპირკეთებაშიც წარმოქმნილია ბზარი, რომელიც გადადის შენობის კედლებზე, ასევე ბზარები ვრცელდება ეზოს მოპირკეთებაშიც და ----- ქუჩის მხრიდან არსებულ ღობის კედელზეც. შენობის მესამე სართული ტექნიკურად მოუვლელია და კედლებზე შეინიშნება სხვადასხვა მიმართულების ბზარები, რომელთაგან ცალკეული ბზარები ვიზუალურად ახალია. საკვლელვი შენობის მომიჯნავედ ----- ქ. #----ში მიმდინარეობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ახალი ბზარების განვითარება საკვლევ შენობაზე, ძირითადი ბზარების თავმოყრა სამშენებლო მოედნის მხარეს, ასევე ეზოს მოპირკეთებაში და გრუნტის ზედაპირზე ნაპრალების წარმოქმნა და ღობის კედელზე ბზარების განვითარება მიუთითებს, რომ ადგილი აქვს აქვს გრუნტის მასივის დაძვრას, რისი პროვოცირებაც გამოწვეულია ---- ქ. #---ში მიმდინარე მშენებლობით. კერძოდ, ქვაბულის ფერდების არასათანადოდო დამაგრებით.

4.6.6. შპს ,,ო----ლ გ---პ --’’ - ის 2019 წლის 22 მარტის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის თანახმად, თბილისში, ---- ქუჩა №----ში მდებარე 3 სართულიანი საცხოვრებელი სახლი მიეკუთვნება მესამე კატეგორიას და მისი შემდგომი ექსპლოატაცია სახიფათოა. - ---- ქ №--- კორპუსის მშენებლობის პროცესი მასზე ზეგავლენას არ მოახდენს თუ დაცული იქნება მშენებლობის ორგანიზაციის პროცესში მოთხოვნილი ღონისძიებები, მაგრამ შენობის მდგრადობაზე გავლენას ახდენს ფუძე-გრუნტენის გაწყლიანება, რის შედეგადაც საძირკველი დეფორმირდება, ადრე სარდაფის ერთი კედელი დაიშალა და მოხდა მისი აღდგენა, ამჟამად კედლები დასველებულია და მათში გაჩენილია დიდი ბზარები. საჭიროა შენობისა და ტერიტორიის ინსტრუმენტალური კვლევა რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს შენობის გამაგრება. ყველა მინაშენი, როგორც ეზოს მხრიდან ასევე დასავლეთ ფასადზე შესრულებულია სამშენებლო ნორმების დარღვევით, არ არის კავშირები ძირითად შენობასა და მინაშენებს შორის. დიდი ალბათობით, მინაშენებში საძირკვლის ძირის ნიშნული ბევრად მაღლაა, ვიდრე ძირითადი შენობის საძირკვლის ჩაღრმავება. მხოლოდ ბოლო სართულის გადახურვის დონეზეა მოწყობილი რკინაბეტონის სარტყელი, დანარჩენ სართულებზე სარტყელი არ არის. ფანჯრისა და კარების ღიობების თავზე მოწყობილია აგურის სოლისებური ზღუდარები, რაც აგრეთვე სეისმური ნორმების დარღვევაა.

4.6.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 08 ივნისის №----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ---- ქუჩა №----ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას ამოღებული ქვაბულის ფერდის გამაგრების კონსტრუქციული გადაწყვეტა ნაწილობრივ არ შეესაბამება სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს. მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის მომიჯნავე - ---- ქუჩა №----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული დაზიანებების უმეტესი ნაწილი ადრეული პერიოდისაა, გამოწვეული ექსპლოატაციის მანძილზე თბილისში მომხდარი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრების ზემოქმედებით და ფუძე-გრუნტების გაწყლიანების შედეგად საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებით. ახალი ბზარები და დაზიანებები, თავმოყრილი სამშენებლო მოედნის მხარეს, გამოწვეულია იმის გამო, რომ არ ჩატარებულა ქვაბულის ფერდის ზედა ნაწილის სრულყოფილი გამაგრება.

4.7. მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები შენობის კონსტრუქციის გამაგრებაზე (იხ. ელექტრონული მიმოწერები).

4.8. პირველი მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას - 17 550 ლარის სარემონტო სამუშაოები დასჭირდა (იხ. შპს ,,ს-----ო კ---ია ----ის“ 2019 წლის 18 ივლისის დასკვნა).

4.9. პირველ მოსარჩელესა და ა(ა)იპ „გ----უს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოიჯარე) შორის 2017 წლის 29 ივნისს იჯარის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც იჯარის ხელშეკრულება) დაიდო. შეთანხმების მიხედვით, მოიჯარეს იჯარით, დროებით სარგებლობაში გადაეცა პირველი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, ყოველთვიური ქირა - 1200 აშშ დოლარს შეადგენდა.

4.10. მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობა 2017 წლის 10 ოქტომბერს, კასატორის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების გამო, მოიჯარის ინიციატივით შეწყდა, სახელდობრ:

4.10.1. 2017 წლის 20 სექტემბრის წერილით მოიჯარემ მეიჯარეს აცნობა - „ გვერდზე მშენებლობაა, რომელიც გაჩერებულია და ადგილიდან არ იძვრის,

ამოთხრილია უზარმაზარი ორმო და არ არის უსაფრთხო გარემო, რომლისთვისაც დამატებითი ხარჯი გაიღეს და ეზოში ღობე გააკეთეს, სახლის კედლები ყოველ კვირა იბზარება, სახლის მშენებლობის მხარეს არსებული კედელი დაჯდა, რამაც გამოიწვია რკინის კარების გაჭედვა, სამჯერ, ოთახში გამავალი ხის კარები რამდენჯერმე გაიჭედა, დაჭირდა გარანდვა, შეკეთება და ახლიდან ჩასმა, ისევ მოუწია წყლისა და კანალიზაციის შეკეთება. ამასთან, ჯგუფი, რომელსაც ფუნქციონირება უნდა დაეწყო არ შედგა, მშობლებმა მიზეზად მშენებლობა დაასახელეს.“

4.10.2. 19.03.2019 წლის მიმოწერის თანახმად კი, დგინდება, რომ „საბავშვო ბაღის ფუნქციონირება შეუძლებელი გახდა, რადგან საფრთხე ემუქრებოდა ბავშვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რის გამოც იძულებული გახდნენ უმოკლეს ვადაში და დამატებითი ხარჯების გაღების შედეგად გადასულიყვნენ სხვა ფართში“.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) და 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინსწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლებიდან გამომდინარეობს.

6. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.

7. მოპასუხის პრეტენზია მოიცავს მოსაზრებას, რომ სამშენებლო სამუშაოებს არ დაუზიანებია პირველი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის ქმედებასა და შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.

8. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).

9. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელებაზე.

თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი.

შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).

10. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (შდრ. სუსგ Nას-191-183-2016, 19.04.16).

11. საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი, სწორედ რომ, მართლსაწინააღმდეგო მოქმედების სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგია. ...ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ ის საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს.

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ნივთის დაზიანებასა და მოპასუხე საწარმოს ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის დასაბუთებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებსა და სპეციალისტების განმარტებებზე.

მათი შინაარსით, მართალია, --- ქუჩა №----ში მდებარე საცხოვრებელ სახლს მშენებლობის დაწყებამდეც აღენიშნებოდა გარკვეული დაზიანებები, თუმცა ახალი ბზარებისა და დაზიანებების გამომწვევი მიზეზი სწორედ მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოებია, კერძოდ, მშენებლობის პროცესში, ქვაბულის ამოღებისას სამშენებლო ნორმების დარღვევამ პირველი მოსარჩელის კუთვნილი სახლი დააზიანა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოპასუხისთვის მხოლოდ სადემონტაჟო სამუშაოებისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის არსებობა არ გამორიცხავს მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე პასუხისმგებლობის წარმოშობას, რადგან, ქვაბულის ფერდების სათანადოდ დამაგრებით, ზიანის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა.

13. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

13.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

13.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

13.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

13.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.

13.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

14. როგორც აღინიშნა, საკასაციო სასამართლო საექსპერტო კვლევების საფუძველზე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინაარმდეგო და ბრალეული მოქმედებით. მოპასუხემ/კასატორმა კი, ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარდგენილ საექსპერტო დასკვნებში გადმოცემული არგუმენტები სათანადო ხარისხის მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა.

15. ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 411-ე მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.15).

პალატას მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, განსახილველ შემთხვევაში, ასევე იკვეთებოდა. კერძოდ: დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოიჯარეს შორის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტას საიჯარო ქონებაზე კასატორის მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების უშუალო უარყოფითი გავლენა დაედო საფუძვლად, ამრიგად, რადგანაც გამოვლინდა მოპასუხის არამართლზომიერი ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს ზიანის არსებობის ფაქტს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა დასახელებული საფუძვლით თანხის ანაზღაურების ვალდებულებაც.

16. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა არაარსებით პრეტენზიაზე.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 438.75 ლარისა და 1511,48 ლარის, ჯამურად - 1950.23 ლარის (საგადასახადო დავალებები - №-, გადახდის თარიღები - 26.06.2021), 70% - 1365.61 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი -----;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „-------ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „----ს“ (ს/ნ -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 438.75 ლარისა და 1511,48 ლარის, ჯამურად - 1950.23 ლარის (საგადასახადო დავალებები - №-, გადახდის თარიღები - 26.06.2021), 70% - 1365.61 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ------;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე