29 სექტემბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-857 -2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - დ. პ-ლი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ------ის ჯ---ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ყოველთვიური სარჩოს დაკისრება, საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. პ-ლი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, დასაქმებული ან პაციენტი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შპს „თ-----ის ჯ----ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი ან კომპანია) მიმართ ყოველთვიური სარჩოს დაკისრებისა და საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, 2019 წლის 17 ივნისს მიღებული მძიმე საწარმოო ტრავმის გამო, გახდა პროფესიულად შრომისუუნარო, რის შედეგადაც მოკლებულია შესაძლებლობას, განაგრძოს მუშაობა და გამოიმუშაოს საარსებოდ საჭირო თანხა. იმ პირობებში როდესაც მუდმივად ექიმების მეთვალყურეობასა და მედიკამენტებს საჭიროებს მისი სასარჩელო მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოსარჩელე 2014 წლის 17 აპრილიდან 2015 წლის 1 იანვრამდე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე ორგანიზაციაში დამხმარე მუშად დასაქმდა. დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 825 ლარს შეადგენდა.
4.4. დამსაქმებლის ბრძანების საფუძველზე, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა, დამხმარე მუშის პოზიციაზე, უწყვეტად, 2020 წლის 18 მაისამდე გრძელდებოდა.
4.5. 2019 წლის 17 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებული დასუფთავების ავტომანქანიდან ჩამოვარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შპს „მ---ი ს---ნო ტ---ბის ცენტრ ------- კ-----ში“ პაციენტს დაესვა დიაგნოზი - ენცეფალოპათია, დაუზუსტებელი, თავის ტვინის კეროვანი, თავის მრავლობითი ზედაპირული, გულმკერდის ტრავმები, ზურგის ქვედა ნაწილისა და მენჯის დაჟეჟილობა, ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა (იხ. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა, ს.ფ. 29-30).
4.6. ცნობის მიხედვით, მოსარჩელე 2019 წლის 17 ივნისიდან 2019 წლის 26 ივნისამდე რეანიმაციულ განყოფილებაში, ხოლო 2019 წლის 3 ივლისამდე ნეიროქირურგიულ სტაციონარში მკურნალობდა. ამ პერიოდში აღენიშნებოდა ფსიქომოტორული აღგზნების ეპიზოდები, იყო კონტაქტური, მცირედ დეზორიენტირებული და გამოეხატა ენცეფალოპათია. გაწერის დროს მისი მდგომარეობა გაუჯობესებული იყო.
4.7. 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის იანვრამდე მოსარჩელე მუდმივი მონიტორინგის ქვეშ მკურნალობდა.
4.8. შპს „თბილისის #--- მოზრდილთა პოლიკლინიკის“ მიერ 2020 წლის 10 იანვარს გაცემული ცნობით, მოსარჩელეს ქმედუნარიანობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა აღენიშნებოდა, მიზეზი „საერთო დაავადება“, მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 1 თებერვლამდე.
4.9. შპს „თბილისის #--- მოზრდილთა პოლიკლინიკის“ მიერ გაცემული შემოწმების აქტით, „სართო დაავადებაზე“ მითითებით, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი 2022 წლის 1 თებერვლამდე დადგინდა, დიაგნოზი - პოსტრავმული ენცეფალოპათია, მესამე სტადია მნესტიური ფუნქციის მკვეთრი დაქვეითებით, ვესტიბულოპათია. ქმედუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი - შრომისუნარიანობის მეორე ხარისხი.
4.10. დამსაქმებლის 2020 წლის 18 მაისის #---- ბრძანებით, დასაქმებული გათავისუფლდა დამხმარე მუშის პოზიციიდან და 2020 წლის 18 მაისიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით კონტეინერების შემკეთებლად დაინიშნა. თანამდებობის ცვლილების საფუძვლად თავად დამსაქმებლის განცხადება მიეთითა.
4.11. 2019 წლის 17 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოსარჩელემ განმარტა - „როდესაც ჩვენ (მოსარჩელე და გ. ს-ლი) დავდექით ავტომობილზე, ავტომობილმა დაიწყო მოძრაობა ნელი სვლით. მსვლელობისას უცბად თავი ვერ შევიკავე და გადმოვარდი ავტომობილიდან ძირს ასფალტზე, რის შედეგად არაფერი მახსოვს. მოგახსენებთ, რომ ავტომობილი მოძრაობდა ნელი სვლით, გადმოვარდნამდე არანაირი მკვეთრი მანევრი ან მუხრუჭი არ გაუკეთებია, მოძრაობდა ჩვეულებრივად ნელი სვლით. მოგახსენებთ, რომ ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე ჩემი უყურადღებობით გადმოვვარდი ავტომობილიდან“.
4.11.1. ავტომობილის ნელი სვლა, მკვეთრი მანევრი და მუხრუჭის გამოუყენებლობა დაადასტურა გ. ს-მა და თავად ავტომანქანის მძღოლმა ე. ც-ემ.
4.11.2. შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 17 ოქტომბრის #---- დასკვნის მიხედვით, მძღოლს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ იკვეთება.
4.12. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 27 ივნისის #---- ექსპერტიზის დასკვნით, ავტომობილს „-- ---, სახ. #----, რაიმე სახის ავარიული დაზიანება არ აღენიშნებოდა, ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი, სამუხრუჭე სისტემა და უკანა სატერფულები (მუშის დასადგომი ადგილი) გამართული იყო.
4.13. #---- სისხლის სამართლის საქმეზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის დაზიანების ფაქტის გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება არ არსებობდა და საქმისწარმოება შეწყდა (იხ. დადგენილება).
4.14. დასაქმებულის შრომისუნარიანობის მუდმივი დაკარგვა, რაც დამსაქმებელს სარჩოს გადახდის ვალდებულებას დააკისრებდა, არ დასტურდება.
4.15. 2019 წლის 17 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით, მოპასუხის ბრალეულობა არ დასტურდება.
5. ყოველთვიური სარჩოს დაკისრებისა და საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობა სშკ-ის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება), 413-ე (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით; სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში,დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების არარსებობამ განაპირობა.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 44-ე მუხლი შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხს აწესრიგებს. აღნიშნული დანაწესით, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ ნორმებში უნდა ვეძებოთ.
7. სამოქალაქო კოდექსი ზიანის ანაზღაურების ორ წესს ადგენს: ა) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და ბ) დელიქტური ვალდებულებები, თუმცა, დაზარალებული პირის უფლებრივი რესტიტუციის განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარე, კანონი მათ თანაარსებობას დასაშვებად მიიჩნევს, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება, ასევე, სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (შდრ. სუსგ საქმე №ას-1180-1141-2016, 31.03. 2017 წ; #ას-349-349-2018,18.06.2018).
8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 408.1 მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა სახეზე... სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანების (უბედური შემთხვევის) გამო. (იხ. სუსგ საქმე №ას-52-48-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
10. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018 № ას-809-776-2016, 04.04.2017).
11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს საწარმოო ტრამვის შედეგად შრომისუნარიანობის შემცირების გამო, ყოველთვიური სარჩოს - 825 ლარის დაკისრებასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
12. მოპასუხე სადავოდ ხდის ზიანის ანაზღაურებაზე საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხს და აცხადებს, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი სამუშაოს შესრულების დროს მიყენებულ ტრავმასა და არსებულ ზიანს შორის არ დასტურდება. დაუსაბუთებელია მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი მითითება სიმპტომების დღემდე არსებობის შესახებაც, გაუგებარია, თუ რას ნიშნავს ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის აკრძალვა და რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს.
12.1. ამასთან, მოსარჩელე დღემდე კომპანიის თანამშრომელია, ხელფასის შენარჩუნებით, მისივე განცხადებით გადაყვანილ იქნა მსუბუქ სამუშაოზე, თუმცა სამსახურში მაინც არ ცხადდება.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს მითითებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება, თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით), მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა.
მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. თუკი მხარე მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზებას თავს ვერ გაართმევს ეს გარემოება მხარისთვის არახელსაყრელ შედეგს გამოიწვევს.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ, მაშინაც, როდესაც თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
13.1. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
13.2. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს.
13.3. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
13.4. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად სამედიცინო დოკუმენტაცია წარადგინა, რომლითაც, მართალია, დასტურდება, რომ დასაქმებულს გადმოვარდნის შედეგად ჯანმრთელობა დაუზიანდა, თუმცა ტრავმამ რამდენად დააკარგვინა ან შეუმცირა შრომისუნარიანობა, რაც შეუძლებელს გახდიდა მის დასაქმებას, არ დადგენილა. ამავდროულად, საქმეში დაცული მტკიცებულებებით/ჯანმრთელობის შესახებ ცნობებით, ცალსახად არ დგინდება მოსარჩელის პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვა. საგულისხმოა, რომ შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზად არა დასუფთავების ავტომანქანიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებული ტრავმა, არამედ „საერთო დაავადებაა“ მითითებული.
13.5. 2019 წლის 17 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით, მოპასუხის ბრალეულობა ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება. კერძოდ, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 27 ივნისის #---- ექსპერტიზის დასკვნით, ავტომობილს „----- ---“, სახ.#-----, რაიმე სახის ავარიული დაზიანება არ აღენიშნებოდა, საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა, უკანა სატერფულებიც (მუშის დასადგომი ადგილი) გამართული იყო. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს თავად მოსარჩელეც ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიცემულ ჩვენებაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, ვერ დაადასტურა, რომ ავტომობილიდან ჩამოვარდა და დაზიანება მიიღო მოპასუხე მხარის ბრალეული ქმედებით. შესაბამისად, სარჩოსა და მორალური ზიანის ანაზღაურების უძირითადესი ელემენტის არსებობა არ არის გამოკვეთილი და სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
15. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე