Facebook Twitter

საქმე №ას-176-2021 31 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თბილისის ----- ჰოსპიტალი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ……ა-…..“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „კ…..ა-….“-სა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „გამყიდველი“) და შპს „თბილისის ------ ჰოსპიტალს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მყიდველი“ ან „კასატორი“) შორის 2019 წლის 15 აპრილს დაიდო ხელშეკრულება გამყიდველის საკუთრებაში არსებული ანგიოგრაფიული აპარატურის შეძენის შესახებ. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 36 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით.

2. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საფასური მყიდველს უნდა გადაეხადა შემდეგი გრაფიკით: პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, 3 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით; მეორე გადახდა - არაუგვიანეს 2019 წლის 30 აპრილისა, 3 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით; მესამე გადახდა - ნასყიდობის საგნის მონტაჟის, მისი პირველი ჩართვის/გაშვებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში, 7 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 21 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო მესამე ეტაპის თანხის გადახდის მომდევნო საანგარიშო თვიდან ყოველთვიურად, 1 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.

3. ხელშეკრულების 4.2. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-3 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ ან მთლიანად შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნასყიდობის საგნის ღირებულების 0,05%-ის ოდენობით.

4. მოპასუხემ დაარღვია ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ნასყიდობის საგნის ღირებულების დადგენილი გრაფიკით გადახდის ვალდებულება, ჯამში 200-დღიანი ვადაგადაცილებით.

5. მოპასუხეს ნასყიდობის ღირებულებიდან მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი აქვს 5 000 აშშ დოლარი.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის დავალიანების ძირითადი თანხის - 5000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 3 650 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა სასამართლო სხდომაზე სარჩელს დაეთანხმა ძირითადი დავალიანების, ნასყიდობის საგნის ღირებულების - 5 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 365 აშშ დოლარის გადახდა.

9. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 477-ე, 505-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა 2020 წლის 05 აგვისტოს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დავალიანების ძირითადი თანხის - 5 000 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელი ცნო, რაც ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი გახდა.

13. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, თუმცა იმავე კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 3 650 აშშ დოლარი ათჯერ შეამცირა.

14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა მისი ბრალით არ იყო გამოწვეული. კერძოდ, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა სხვა პირისაგან (სახელმწიფოსგან) შესრულების საგნის (თანხის) მიუღებლობამ, რამაც ვალდებულების დადგენილ ვადაში შესრულება შეუძლებელი გახადა. ვალდებულების დარღვევის მიმართ მოპასუხის ბრალის არარსებობის გამო კი, იგი უნდა გათავისუფლდეს როგორც ძირითადი დავალიანების, ისე პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან.

15. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 201-ე, 219-ე, 380-ე მუხლები და ზემოთ მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი მარტივი (არაკვალიფიციური) შესაგებლით რაიმე შედავება ვალდებულების დარღვევის მიმართ მოპასუხის არაბრალეულობასთან დაკავშირებით არ განუხორციელებია, შესაბამისად, ამ გარემოების მტკიცების მიზნით მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, საპატიო მიზეზის არარსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მართებულად დაეკისრა როგორც ნასყიდობის საფასურის, ისე პირგასამტეხლოს გადახდა.

17. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

18. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

18.1. მოპასუხე წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას, რომელიც სტაციონარული საქმიანობის შესახებ სანებართვო მოწმობის საფუძველზე ახორციელებს ნებადართულ სამედიცინო საქმიანობას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში დაწესებულება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ, პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებას. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფოს, კერძოდ, პროგრამის განმახორციელებლის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, გაწეული სამედიცინო მომსახურების მიხედვით. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოებს პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში (რომელშიც შედის ანგარიშების წარდგენისა და დამუშავების ვადებიც);

18.2. ვინაიდან, მოპასუხისთვის ფულადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხები, წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია სახელმწიფოსგან მისაღები თანხების დამუშავებაზე (შესაძლებელია პროგრამის განმახორციელებლის მიერ დაკორექტირდეს წარდგენილი შესრულება და ნაცვლად მოთხოვნილი თანხისა, სხვა თანხის აღიარება მოხდეს) და შემდგომ მის ჩარიცხვაზე. მოსარჩელის მიმართ დავალიანების დაგროვებაც პროგრამული თანხების მიუღებლობით იყო განპირობებული, კერძოდ, სახელმწიფოსგან დაგვიანებით და არასრულად ხდებოდა გაწეული მომსახურების ანაზღაურება. შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების მიუხედავად, ანაზღაურების დაყოვნებაც მითითებული საფუძვლით არის განპირობებული;

18.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობა მოპასუხის ბრალით არ ყოფილა გამოწვეული, ეს უკანასკნელი სრულად არის გათავისუფლებული ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან;

18.4. ვინაიდან, არ არსებობს ძირითადი დავალიანების დაკისრების საფუძველი, ასევე, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

24. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

25. კასატორი დავობს, რომ არ არსებობდა ძირითადი დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა მისი ბრალით არ ყოფილა გამოწვეული.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიც არის შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე არის დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-108-2021, 22 აპრილი, 2021 წელი; №ას-467-2020, 25 ივნისი, 2021 წელი).

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. იმავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ბუნებრივია, ამ საპროცესო სტანდარტის დადგენა გავლენას ახდენს სასამართლო კვლევის საგანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბიტრი, მტკიცებულებებს იკვლევს არა საკუთარი, არამედ მხარეთა მიერ განხორციელებული შედავების ფარგლებში და, ამ მხრივ, ადგენს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა-არარსებობას (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1100-1057-2016, 09 ივნისი, 2017 წელი; №ას-1340-1260-2017, 07 მარტი, 2018 წელი ).

28. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, პარ. 201).

29. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არც შესაგებელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა/არაჯეროვნად შესრულება მისი ბრალით არ იყო გამოწვეული. ამასთან, არ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც მან აღნიშნულის თაობაზე თავის დროზე ვერ განაცხადა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხემ დაკარგა საქმის მოსამზადებელი სტადიის შემდგომ, ახალ გარემოებებზე მითითებისა და მათზე დაყრდნობით სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო უფლება. ზემოაღნიშნული გარემოება, რომელზეც მოპასუხემ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიუთითა, წარმოადგენს იმავე კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისწინებულ ახალ გარემოებას და სააპელაციო სასამართლომ მასზე მართებულად არ იმსჯელა.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

32. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში 2020 წლის 05 აგვისტოს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა - თ. მ-ამ, რომელსაც კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა სარჩელის ცნობის უფლებამოსილება (სსსკ-ის 98.1 მუხლი) (იხ. ტ. I, ს.ფ. 41), სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი დავალიანების - 5000 აშშ დოლარის ნაწილში ცნო (იხ. ტ. I, ს.ფ. 51), შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ამ ნაწილში სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

33. ამასთან, ვინაიდან, სადავო არ არის მოპასუხის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძველზე, სახეზე იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

35. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 893,97 ლარის 70% – 625,78 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „თბილისის ------ ჰოსპიტალის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „თბილისის ----- ჰოსპიტალს“ (ს/კ -----) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 22 მარტს №--- ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 893,97 ლარის 70% – 625,78 (ექვსას ოცდახუთი ლარი და სამოცდათვრამეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი -----;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი