Facebook Twitter

საქმე №ას-459-2021 31 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „--------- ბანკი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ლ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „------- ბანკსა“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „ბანკი“ ან „კასატორი“) და გ. ლ-ას (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) შორის 2008 წლის 13 მარტიდან წარმოიშვა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. თავდაპირველად მოპასუხე დასაქმებული იყო ბანკის ფილიალების ქსელში არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების დეპარტამენტის ადმინისტრატორის, მოგვიანებით, 2012 წლის 01 დეკემბრიდან კი საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე. დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 994 ლარს (იხ. ტ. I, ს.ფ. 23, 26-37).

2. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის 23.01.2019წ. ბრძანებით ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია და გაუქმდა საქართველოს მასშტაბით ამავე დეპარტამენტში სერვის-ადმინისტრატორისა და ადმინისტრატორის თანამდებობები.

3. აღნიშნული რეორგანიზაციის გათვალისწინებით, 2019 წლის 01 თებერვალს საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტში გაუქმდა სერვის- ადმინისტრატორის 63 და ადმინისტრატორის 53 თანამდებობა. რეორგანიზაციის შემდეგ სერვის-ადმინისტრატორისა და ადმინისტრატორის ფუნქციები გადავიდა სერვის-ცენტრის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებში, ხოლო მენეჯერი, თავის მხრივ, აღნიშნულ ფუნქცია-მოვალეობებს ანაწილებს სერვის-ცენტრის სხვა თანამშრომლებზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 68).

4. ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის 29.01.2019წ. №---- ბრძანებით 2019 წლის 01 თებერვლიდან მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის (ახალი რედაქციის 47-ე მუხლის) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. იმავე ბრძანებით განისაზღვრა დასაქმებულისათვის საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის (ახალი რედაქციის 48-ე მუხლის) პირველი პუნქტის შესაბამისად, ორი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის გადახდა (იხ. ტ. I, ს.ფ. 25, 69).

5. მოსარჩელემ 2019 წლის 31 იანვარს განცხადებით მიმართა ბანკს და განუმარტა, რომ არ ეთანხმებოდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას და მოითხოვა, გამოცდილების გათვალისწინებით განეხილათ სხვა პოზიციაზე მისი გადაყვანის შესაძლებლობა (იხ. ტ. I, ს.ფ. 20).

6. ბანკის 07.03.2019წ. საპასუხო წერილით დასაქმებულს განემარტა, რომ მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის (ახალი რედაქციის 47-ე მუხლის) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, რეორგანიზაციის პროცესი კი განაპირობა საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტში ადმინისტრატორისა და სერვის-ადმინისტრატორის პოზიციების გაუქმებამ (იხ. ტ. I, ს.ფ. 19).

7. ბანკმა 2019 წლის 06 თებერვალს მოპასუხეს კომპენსაციის სახით აუნაზღაურა 1988 ლარი (დარიცხული) (იხ. ტ. I, ს.ფ. 70).

8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბანკის 29.01.2019წ. №--- ბრძანების ბათილად ცნობა; მოსარჩელის ტოლფას სამუშაო ადგილზე - გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 994 ლარის ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენამდე.

9. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის 29.01.2019წ. ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა - 11 928 ლარის ოდენობით.

11. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის 23.01.2019წ. ბრძანება უტყუარად ადასტურებს ბანკში რეორგანიზაციის განხორციელების ფაქტს. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა სერვის-ადმინისტრატორის 63 და ადმინისტრატორის 53 თანამდებობა და ეს ცვლილება მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა, მისი მართლზომიერება საეჭვო არ არის. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, შტატების გაუქმების შედეგად მოსარჩელესთან ერთად გათავისუფლებულ 12 თანამშრომელს, რომლებიც კვლავ ბანკში დასაქმდნენ, რა კრიტერიუმებით მიენიჭათ უპირატესობა და მიიღო თუ არა დამსაქმებელმა ყველა ზომა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საშტატო ნუსხის გათვალისწინებით, მოსარჩელის შემდგომი დასაქმებისათვის. ამ გარემოებების დადგენა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებულად ჩაითვალოს.

15. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ბანკის 03.12.2019წ. ცნობა-დახასიათებაზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 67), სადაც აპელანტის მიერ დადასტურებულია, რომ მისი მხრიდან რეორგანიზაციის შემდეგ მოსარჩელისათვის ფილიალში სხვა შესაძლო ალტერნატიული პოზიციის შეთავაზება არ მომხდარა, ვინაიდან იგი მუშაობის პერიოდში შესაძლო შესათავაზებელი პოზიციებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს არ ავლენდა და შესაბამისი კომპეტენცია არ გააჩნდა. იმავე ცნობა-დახასიათებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე სერვის-ადმინისტრატორის პოზიციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა, თუმცა მას დაწინაურების, პოზიციის ცვლილების ან სიახლეების მიმართ ინტერესი არასდროს გამოუხატავს. ბანკში მუშაობის პერიოდში იგი არ გამოირჩეოდა აქტიურობით, მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა დამაკმაყოფილებლად, თუმცა დაკისრებული ვალდებულების შესრულებისას არ იყო მოტივირებული. იგი არ გამოირჩეოდა აქტიურობით გაყიდვებისა და სერვისის სფეროში, ფილიალის შიგნით ჯვარედინი გაყიდვების კუთხით სხვადასხვა პროდუქტებსა თუ სერვისებში, რაც ამ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლის უშუალო ვალდებულებას წარმოადგენდა. ამასთან, ბანკში მუშაობის პერიოდში მოსარჩელეს არ გამოუხატავს არანაირი ინიციატივა და დამსაქმებლისთვის რაიმე წინადადებით პროცესის/ სერვისის გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით არ მიუმართავს.

16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში ასევე წარდგენილია ბანკის 03.02.2020წ. №---ცნობა (იხ. ტომი I, ს.ფ. 172), სადაც აღნიშნულია, რომ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი (12 თანამშრომელი) დასაქმდა კონკურსის წესით შემდეგ პოზიციებზე: მოლარე-ოპერატორი, გაყიდვების ასისტენტი, კონტროლის მენეჯერი, საკრედიტო ადმინისტრატორი, უსაფრთხოების ადმინისტრატორი, საოპერაციო მხარდაჭერის და კონტროლის სამსახურის ოფიცერი, პრობლემური აქტივების მენეჯერი, დისტანციური მხარდაჭერის სპეციალისტი. თუმცა, საქმეში არ არის წარდგენილი აღნიშნულ ცნობაში მითითებული კონკურსის დანიშვნის, ჩატარებისა და რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილის (12 თანამშრომლის) კონკურსის საფუძველზე შერჩევის მტკიცებულება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ ეს გარემოება სადავოდ გახადა და მიუთითა, რომ აღნიშნული თანამშრომლები კონკურსის გარეშე იქნენ დანიშნული/გადაყვანილი სხვა პოზიციაზე.

17. სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაბუთებული მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა ნიშნით, რომელი სამსახურებრივი დამსახურებისა და სამუშაო გამოცდილების შედეგად გააკეთა მან არჩევანი იმ პირების სასარგებლოდ, რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად სამსახურში დატოვა და რამ განაპირობა სწორედ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება. მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მოსარჩელის მხრიდან შრომის დისციპლინის დარღვევის, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების, მისი არასაკმარისი კვალიფიკაციისა თუ სხვა გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მასთან შედარებით, სხვა თანამშრომელს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებდა. წარდგენილია მხოლოდ ცნობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არ ისწრაფვოდა კარიერული განვითარებისკენ, რაც აბსტრაქტულ და უსაფუძვლო განმარტებას წარმოადგენს.

18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 115-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ დამსაქმებელმა მოსარჩელე არამართლზომიერად გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ, შრომით-სამართლებრივი დავებისთვის დამახასიათებელი მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკური სტანდარტის შესაბამისად, ვერ დაადასტურა რეორგანიზაციით განპირობებული სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება. დამსაქმებელმა არ მიიღო ყველა ზომა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საშტატო ნუსხის გათვალისწინებით მოსარჩელის შემდგომი დასაქმებისათვის, ამასთან, ისე დატოვა/გადაიყვანა რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლები სხვა პოზიციებზე, რომ არ დაუსაბუთებია მათი კომპეტენტურობისა და უნარების უპირატესობა მოსარჩელის კომპეტენციასთან და უნარებთან შედარებით. ასევე, ვერ დაადასტურა მოსარჩელის ბანკში შემდგომი დასაქმების შეუძლებლობა.

19. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული პოზიციის - გაყიდვების კონსულტანტისა და მის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიციის ტოლფასოვნება. ამასთან, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის შესატყვისი თანამდებობა ბანკში არ არსებობდა და ის ფუნქციები, რომელსაც მოსარჩელე ასრულებდა გადანაწილებული იყო რამდენიმე პოზიციაზე. შესაბამისად, არ არსებობდა ვაკანტური თანამდებობა, რომელიც შეიძლებოდა მოსარჩელეს დაეკავებინა, როგორც ტოლფასი თანამდებობა.

20. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის (ახალი რედაქციით 48-ე მუხლი) მე-8 ნაწილით და დადგენილი სასამართლო პრაქტიკისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ასევე მოსარჩელის სამუშაო გამოცდილებისა და იმ მატერიალური დანაკარგის გათვალისწინებით, რაც მან უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდიდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა - 11 928 ლარი სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიიჩნია.

21. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. კასატორმა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

22. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

22.1. მთავარი არგუმენტი, რაზეც სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას მოსარჩელე უთითებდა, იყო ის, რომ ბანკმა გააუქმა სერვის-ადმინისტრატორისა და ადმინისტრატორის შტატები და მათ ნაცვლად შექმნა გაყიდვების კონსულტანტის პოზიცია, რომელიც ფუნქციურად იგივეა, თუმცა შრომის ანაზღაურება შეადგენს გაცილებით ნაკლებს. ბანკში გაყიდვების კონსულტანტის პოზიცია წლებია არსებობს და მას არანაირი კავშირი არ აქვს 2019 წელს ჩატარებულ რეორგანიზაციასთან. მოპასუხემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სერვის-ადმინისტრატორის ფუნქციათა უმრავლესობა სერვის-ცენტრის სხვა თანამშრომლებზე იქნა დელეგირებული, ნაწილი გაუქმდა, ხოლო ნაწილი ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა ჩაანაცვლა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლომ თავად მიუთითა სერვის-ადმინისტრატორისა და გაყიდვების კონსულტანტის პოზიციების არატოლფასოვნებაზე;

22.2. საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ რეორგანიზაციამდე თანამშრომლები სხვა პოზიციებზე იქნენ გადაყვანილი. მოპასუხის მიერ წარდგენილი 03.02.2020წ. ცნობით ცალსახად დგინდება, რომ შტატების გაუქმების შედეგად გათავისუფლდა ყველა სერვის-ადმინისტრატორი და ადმინისტრატორი, გარდა დეკრეტში მყოფი თანამშრომლებისა. ამასთან, მათმა ნაწილმა კონკურსში მიიღო მონაწილეობა და კვლავ დასაქმდა ბანკში;

22.3. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიჩნია ბანკის მიერ წარდგენილი, ბეჭდითა და ხელმოწერით დადასტურებული №--- ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე 12 თანამშრომელი ხელახლა შევიდა შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელთან და უფრო დამაჯერებლად ჩათვალა აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის მხოლოდ სიტყვიერი განმარტება. ამასთან, მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვისას არ გამოუთქვამს ეჭვი კონკურსის ჩატარებისა და ცნობაში მითითებული 12 თანამშრომლის სხვადასხვა პოზიციებზე დანიშვნის თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლში მას არ აქვს უფლება სადავოდ გახადოს ის გარემოება, რასაც მანამდე ეთანხმებოდა;

22.4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ბანკის მიერ რეორგანიზაცია ნამდვილად განხორციელდა, ამასთან წარდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ მხოლოდ კონკურსის წესით იქნა დასაქმებული ამავე რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული 12 თანამშრომელი, ხოლო თავად მოსარჩელეს არ ჰქონია კონკურსში მონაწილეობის მიღების მცდელობა.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

28. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

29. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მართლზომიერება.

30. კასატორი დავობს, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელე მართებულად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).

32. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (კანონის დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) დაედო. აღნიშნული მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1444-1364-2017, 09 მარტი, 2018 წელი; №ას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). კერძოდ, თუ ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (იხ. სუსგ საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).

34. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით დამსაქმებელია ვალდებული დაადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).

35. ამდენად, დამსაქმებელმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ორგანიზაციული ცვლილებების გამო დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების აუცილებლობა, რათა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირება და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ იქცეს დამსაქმებლის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.

36. დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის საფუძვლით, დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმებით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2019 წელი).

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი; №ას-361-2022, 10 ივნისი, 2022 წელი).

38. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს/დამსაქმებელს არ წარუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის სამუშაოდან მართლზომიერად გათავისუფლებას დაადასტურებდა. კერძოდ, დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა საქართველოს მასშტაბით ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტში სერვის-ადმინისტრატორისა და ადმინისტრატორის თანამდებობები. შედეგად, 2019 წლის 01 თებერვალს აღნიშნულ დეპარტამენტში გაუქმდა სერვის-ადმინისტრატორის 63 და ადმინისტრატორის 53 თანამდებობა; მოსარჩელე გათავისუფლებამდე დასაქმებული იყო სწორედ სერვის-ადმინისტრატორის თანამდებობაზე; ბანკის 03.12.2019წ. ცნობა-დახასიათებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელისათვის არ მომხდარა ფილიალში სხვა შესაძლო ალტერნატიული პოზიციის შეთავაზება. აღნიშნულის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ იგი მუშაობის პერიოდში შესაძლო შესათავაზებელი პოზიციებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს არ ავლენდა და არ გააჩნდა შესაბამისი კომპეტენცია (იხ. ტ. I, ს.ფ. 67). აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ბანკში დასაქმებული იყო 2008 წლის 13 მარტიდან, თითქმის 11 წლის განმავლობაში და საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ამ დროის განმავლობაში მოსარჩელე არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ან/და მისი კომპეტენცია და გამოცდილება მის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამო იყო.

39. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ბანკის 03.02.2020წ. ცნობის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი (12 თანამშრომელი) ბანკში დასაქმდა სხვადასხვა თანამდებობებზე, თუმცა მოპასუხეს არ წარუდგენია კონკურსის დანიშვნის, ჩატარებისა და აღნიშნული პირების კონკურსის წესით შერჩევის/დანიშვნის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სადავოდ ხდის მათი კონკურსით დანიშვნის ფაქტს (ამ გარემოებაზე მოსარჩელემ სარჩელშივე მიუთითა), მოპასუხის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული ცნობა სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. ასეთ პირობებში კი დაუსაბუთებელია მოსარჩელესთან მიმართებით რეორგანიზაციის შედეგად შენარჩუნებული სამუშაო ძალის ობიექტური პრიორიტეტულობა.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დამსაქმებელმა არ მიიღო ყველა საჭირო და სათანადო ზომა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის შემდგომი დასაქმებისათვის.

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლი) გათვალისწინებული სხვა საფუძვლების მსგავსად, დასაბუთებული და განსაზღვრადი უნდა იყოს რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებისა და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო აუცილებლობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში ეს გარემოება სათანადოდ და საკმარისად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

43. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

44. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-115-111-2016, 08 აპრილი, 2016 წელი; №ას-1414-2018, 30 მარტი, 2020 წელი; №ას-660-2019, 29 მაისი, 2020 წელი; №ას-1482-2019, 29 მაისი, 2020 წელი; №ას-703-2022, 15 სექტემბერი, 2022 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 597 ლარის 70% – 417,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „------- ბანკის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სს „------- ბანკს“ (ს/კ ------) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 12 მარტს №---- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 597 ლარის 70% – 417,9 (ოთხას ჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი -----;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი