31 ოქტომბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-124 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ჯ. ა-ვი (პირველი შეგებებული მოპასუხე), ს. ო-ნი (მოსარჩელე, მეორე შეგებებული მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს. ა-ვა (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), გარიგების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ. ა-ვი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი შეგებებული მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და ს. ო-ნი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მეორე შეგებებული მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებას რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელი უარყოფილ იქნა; ს. ა-ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შეგებებული მოსარჩელე) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ----- მდებარე 1582 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ნაგებობებზე ს/კ-ით #----- (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, უძრავი ქონება), შეგებებულ მოსარჩელესა და პირველ შეგებებულ მოპასუხეს შორის 2010 წლის 27 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი ნასყიდობის ხელშეკრულება); ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ქონებაზე პირველ შეგებებულ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2014 წლის 30 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე ნასყიდობის ხელშეკრულება) და უძრავი ქონების მესაკუთრედ შეგებებული მოსარჩელე აღირიცხა; 2010 წლის 27 აგვისტოს შეგებებულ მოსარჩელესა და პირველ შეგებებულ მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულება ვალის აღიარებისა და იპოთეკის ხელშეკრულებად იქნა აღიარებული; ფულადი ვალდებულების შეწყვეტილად აღიარების შესახებ შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორების აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო დასაბუთებული, სახელდობრ:
2. კასატორების მტკიცებით, ხელშეკრულების დადების შემდეგ პირველი შეგებებული მოპასუხის მიერ შეგებებული მოსარჩელის ოჯახის წევრისგან თანხის მიღებისა და ამ უკანასკნელის მიერ ქონების გადაცემის თაობაზე მოთხოვნის არარსებობა, არასწორად დადგინდა. კერძოდ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შეგებებული მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების გაფორმება, მიუთითებდა პირველი შეგებებული მოპასუხის წინაშე ფულადი ვალდებულების აღიარებაზე, რომლის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთულად უნდა ჩაითვალოს. არასწორად განისაზღვრა ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობაც.
გარდა ამისა, კასატორის მტკიცებით, არასწორად დადგინდა, რომ მოსარჩელე არაკეთილსინდისიერი შემძენია, რის გამოც მასთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაც ბათილად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3.2014 წლის 30 მაისს, მოსარჩელესა და პირველ შეგებებულ მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელე აღირიცხა, საფასური - 35 000 ლარით განისაზღვრა.
4.4. მოსარჩელე პირველი შეგებებული მოპასუხის ყოფილი მეუღლეა, მათ სამი შვილი ჰყავთ.
4.5. უძრავ ქონებას შეგებებული მოსარჩელე მფლობს.
4.6. 2010 წლის 27 აგვისტოს შეგებებულ მოსარჩელესა და პირველ შეგებებულ მოპასუხეს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, ნასყიდობის საფასური 47 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის საფასური მყიდველმა სრულად აანაზღაურა, ხოლო უძრავი ქონება ამ უკანასკნელს 2012 წლი 27 აგვისტოს გადაეცემოდა.
4.6.1. ხელშეკრულების ფარგლებში შეგებებულმა მოპასუხემ შეგებებული მოსარჩელის ოჯახის წევრებისგან მიიღო ფულადი თანხა, კერძოდ, პირველი შეგებებული მოპასუხის სახელზე საქართველოში გადმორიცხულია 19 238 აშშ დოლარი, საიდანაც რ. ხ-ის მიერ გამოგზავნილია 4 000 აშშ დოლარი, ქვითრების მიხედვით, თანხის ნაწილი რ. კ-ვმა გამოაგზავნა ჯ. ა-ის ძმის - ი. ა-ის სახელზე რუსული რუბლით, მიმღები ქვეყანა რუსეთი, შესაბამისად, თანხა არც საქართველოში და არც ჯ. ა-ის სახელზე არ გადმორიცხულა.
4.6.2. საქმეში წარდგენილი საბანკო ქვითრების თანახმად, სს „----- ბანკის“ მეშვეობით ჯ. ა-მა - 6550 აშშ დოლარი მიიღო.
4.6.3. ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, გასხვისებულ ქონებაზე გამყიდველის მფლობელობა ორი წლის ვადით შენარჩუნდებოდა, რომლის ამოწურვისას მყიდველს მისთვის ქონების გადაცემა არ მოუთხოვია.
4.6.4. ჯ. ა-მა 2011-2013 წლებში რ. კ-ისა და შეგებებული მოსარჩელის შვილის, რ. ხ-გან ყოველთვიურად - 2 000 აშშ დილარი მიიღო. საქმეში დაცული მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ ჯ. ა-ვი მესამე პირისთვის შესრულების მიღების მიზნით, იღებდა ამ თანხას.
4.6.5. ს. ა-ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ჯ. ა-ის წინაშე აღიარა ფულადი ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება.
4.7. მოსარჩელე არაკეთილსინდისიერი შემძენია.
4.8. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა იპოთეკა, რომელიც ჯ. ა-ის მიმართ არსებულ სასესხო ვალდებულებას უზრუნველყოფდა.
5. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. სსკ-ის 56-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება; თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)) მიხედვით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგებისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად აქვთ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია, თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს.
კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპს.
სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (შდრ. სუსგ №ას-487-461-2015, 17.06.2015; №ას-1382-2018, 25.01.2019წ.; № ას-3-2020. 16.06.2020წ).
6. გარიგების ნამდვილობა მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენაზეა დამოკიდებული. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენა. უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ქონებაზე საკუთრება მყიდველს გადასცეს. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმით, თუმცა შეგებებული მოსარჩელის მტკიცებით, მას ქონება არ გაუყიდია და ნასყიდობის თაობაზე ნება არ გამოუვლენია. მისი განმარტებით, მან მხოლოდ სესხის/ვალის აღიარებისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნება გამოავლინა.
7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი. თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა სურთ.
მოჩვენებითი გარიგების დროს, მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შესაძლოა იყოს ბათილი ან არა, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, იგი ბათილია.
როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მხარეებს არ სურთ ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის მიღება. ორივე შემთხვევაში აშკარაა სიმულაცია, მხოლოდ განსხვავებული მეთოდებით. გარიგება დაიდება იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა.
მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დროს, გარიგების ბათილობის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება-არამართლზომიერებაზე. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია, გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედი წესები (შდრ. სუსგ საქმეზე Nას-694-665-2016, 31.03.2017 წ.)
8. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს.
დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად აქვთ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (შდრ. სუსგ საქმეზე №ას-1142-1088-2014, 23.01.2015 წ.).
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2010 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულების დადებისას მხარეთა რეალურ მიზანს წარმოადგენდა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მყარი გარანტიის შექმნა და არა ნასყიდობის ხელშეკრულების დადება.
შესაბამისად, პალატას მართებულად მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც თვალთმაქცური გარიგებით, დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც სსკ-ის 56.2 მუხლის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობისა და აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
დაფარული გარიგების პირობები არ ეწინააღმდეგება შეთანხმების მომენტში მოქმედი რედაქციით სესხის და იპოთეკის მომწესრიგებელ ნორმებს. ამდენად, პირველმა მოპასუხემ შეგებებულ სარჩელში მოიპოვა სადავო უძრავ ნივთზე არა საკუთრების, არამედ იპოთეკარის უფლება, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ქონების შეგებებული სარჩელის ავტორის სახელზე აღრიცხვის თაობაზე დასაბუთებულია.
ვინაიდან თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს იპოთეკის მომწესრიგებელი ნორმები (სსკ-ის 286-ე და მომდევნო ნორმები) და სწორად დაადგინეს ნივთზე შეგებებული სარჩელის პირველი მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკის უფლება, რაც გულისხმობს იპოთეკარის უფლების რეგისტრაციასა და უძრავი ნივთის მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებას.
9.1. ამასთან, დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელის პირველი მოპასუხე უძრავ ნივთს არ დაუფლებია და სადავო უძრავ ქონებას შეგებებული მოსარჩელე ფლობს. ასევე დადგენილია, მოსარჩელეს პირველ შეგებებულ მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობა აკავშირებს, მას სადავო ქონების შეძენისას სათანადო წინდახედულობა არ გამოუჩენია, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას - 2014 წლის 30 მაისს, სადავო ქონებას ჯ. ა-ვი არ ფლობდა, შესაბამისად, მესაკუთრის ვინაობის შესამოწმებლად სათანადო წინდახედულობა არ გამოუჩენია, კერძოდ, არ დაინტერესებულა სადავო ნივთზე შეგებებული მოსარჩელის მფლობელობის წარმოშობის საფუძვლით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე და პირველი შეგებებული მოპასუხე სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ, იმ მიზნით, რომ შეგებებულ მოსარჩელეს სადავო ქონება ვერ დაებრუნებინა. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სადავო ქონება მხოლოდ ფორმალურად/მოსაჩვენებლად გასხვისდა, შემძენის კეთილსინდისიერებაც გამოირიცხება, შესაბამისად, მასთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაც ბათილია.
10. ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია (ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც თვალთმაქცური გარიგებით, დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება), არ არსებობს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობაც.
11. კასატორთა მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). შესაბამისად საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მხოლოდ ძირითად არგუმენტებზე.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
13. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საკასაციო საჩივარზე გადავადებული 5 850 ლარის 30%-ის - 1 755 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ო-ისა და ჯ. ა-ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ს. ო-ნს (პ/ნ: -----) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 5 850 ლარის, 30%-ის - 1 755 ლარის გადახდა;
2.1. ჯ. ა-ვს (პ/ნ ------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 5 850 ლარის, 30%-ის - 1 755 ლარის გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე