საქმე №ა-2794-შ-81-2022 01 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. ა-ვა რ. კიზი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. პ-ლი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ------ რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ----- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ა-ვა რ. კიზის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ი. ა-ვა რ. კიზისა და მოპასუხე გ. პ-ლს შორის 2016 წლის 24 ნოემბერს ბაქოს №--- ----- --- მდებარე სარეგისტრაციო განყოფილებაში ---- ნომრით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; დადგინდა, რომ ქორწინების შეწყვეტის შემდეგ მათი საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2017 წლის 07 სექტემბერს დაბადებული დ. გ. ძე პ-ლი დარჩეს დედასთან - ი. ა-ვა რ. კიზისთან; გ. პ-ლს 2017 წლის 07 სექტემბერს დაბადებული დ. გ. ძე პ.ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა 2021 წლის 21 ოქტომბრიდან ყოველთვიურად მისი ყველა შემოსავლის (მოგების) ¼ ნაწილის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟი 100 მანათის ოდენობით ი. ა-ვა რ. კიზის სასარგებლოდ.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის 01 ივნისის №---წერილით მომართა საქართველოს უზენაესსსასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ი. ა-ვა რ. კიზის შუამდგომლობა გ. პ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების ნაწილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
3. შუამდგომლობაზე თანდართული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ----- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. საქმეშია ასევე ალიმენტის დაკისრების ნაწილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ---- რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
4. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ---- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის ცნობით დასტურდება, რომ იმავე სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული.
5. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნიზამის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ მოპასუხე გ. პ-ლი სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ სათანადოდ იყო ინფორმირებული, თუმცა სასამართლოში არ გამოცხადდა და სასამართლოს არ შეატყობინა გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ. აღნიშნული ასევე დასტურდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ---- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის ცნობით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით ი. ა-ვა რ. კიზის შუამდგომლობა ალიმენტის დაკისრების ნაწილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ---- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
7. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს, გ. პ-ლს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ---- ქ. --, ბინა ---. სასამართლო გზავნილი 2022 წლის 22 ივნისს ჩაიბარა ადრესატის მამამ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის, ასევე, საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
9. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ა-ვა რ. კიზის შუამდგომლობა ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ---- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
12. "საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ" ხელშეკრულების (შემდგომში - „ორმხრივი ხელშეკრულება“) 29-ე მუხლი არეგულირებს სამართალურთიერთობებს მშობლებსა და შვილებს შორის. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მშობლების ან ერთ–ერთი მათგანის საცხოვრებელი ადგილი არის ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე, ხოლო ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე, მაშინ მათ შორის სამართალურთიერთობა განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის ბავშვი. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის სამართალურთიერთობათა საქმეებზე კომპეტენტურნი არიან ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულებანი, რომლის კანონმდებლობაც უნდა იქნეს გამოყენებული ამ შემთხვევაში. ამდენად, ალიმენტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სასამართლოს ჰქონდა საერთაშორისო კომპეტენცია. ამასთან, დავაზე არ ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია.
13. ორმხრივი ხელშეკრულების მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების საკითხები. კერძოდ, 42-46 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულებისა და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები. შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის ორმხრივი ხელშეკრულების 44-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შესამოწმებლად.
15. ორმხრივი ხელშეკრულების 43-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით: 1) გადაწყვეტილება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იგი იქნა გამოტანილი, კანონიერ ძალაში შევიდა და ექვემდებარება აღსრულებას; 2) მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სათანადო წესით იქნა შეტყობინებული იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ხოლო პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში, ჰქონდა წარმომადგენლობის შესაძლებლობა. 3) ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, ადრე არ იყო გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე დავის საფუძველზე და იმავე მხარეებს შორის ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის სასამართლოს მიერ ადრე არ იყო აღძრული წარმოება ამ საქმეზე; 4) ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ხოლო ხელშეკრულებით გაუთვლისწინებელ შემთხვევებში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად, საქმე არ განეკუთვნება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.
16. ამასთან, "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ" მინსკის 1993 წლის კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და 55-ე მუხლი "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების აღიარება და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემა შესაძლებელია მოხდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდეც, თუკი ის აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე ექვემდებარება.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ორმხრივი ხელშეკრულების 43-44-ე მუხლებით, ისევე, როგორც მინსკის კონვენციის 53-55-ე მუხლებით გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის დადგენილ წინაპირობებს და არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები.
18. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით და ზემოაღნიშნული გარემოებები სადავოდ არ გაუხდია.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა ორმხრივი ხელშეკრულებითა და მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
20. შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ---- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. პ-ლს 2017 წლის 07 სექტემბერს დაბადებული დ. გ. ძე პ-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა 2021 წლის 21 ოქტომბრიდან ყოველთვიურად მისი ყველა შემოსავლის (მოგების) ¼ ნაწილის ოდენობით, უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ ხელშეკრულების 42-46-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ა-ვა რ. კიზის შუამდგომლობა ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ---- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ---- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც: გ. პ-ლს 2017 წლის 07 სექტემბერს დაბადებული დ. გ. ძე პ-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა 2021 წლის 21 ოქტომბრიდან ყოველთვიურად მისი ყველა შემოსავლის (მოგების) ¼ ნაწილის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი