Facebook Twitter

საქმე №ას-1143-2022 5 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ. ე-ძე, ლ. ე-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. გ-ძე (შპს ი-----ია ---“-ის სავარაუდო უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ი----ია ----“-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თ. ე-სა და ლ. ე-ის მიმართ და მოითხოვა:

- მოპასუხე თ. ე-ეს დაეკისროს მოსარჩელე შპს „ი-----ია ----"- ის სასარგებლოდ 129586,17 ლარის გადახდა (დანაკლისით მიყენებული მატერიალური ზიანის გამო) და ამავე თანხის სარგებლობისათვის ყოველწლიურად 5%-ის (6479,30 ლარის) ანაზღაურება 31.03.2017 წლიდან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ფაქტობრივად აღსრულებამდე.

- ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხეებს, მამა-შვილ თ. ე-სა და ლ. ე-ეს შორის დადებული 28.04.2017წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, როგორც მოჩვენებითი გარიგება; ამავე ხელშეკრულების საგანი, უძრავი ნივთის (ს/კ -----) 1/2 იდეალური წილი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხოს თ. ე-ის სახელზე და იგი სააღსრულებო ბიუროს მიერ რეალიზებულ იქნას იძულებითა უქციონზე, შპს „ი-----ია ----“-ის მიმართ თ. ე-ის ვალის დაფარვის მიზნით.

2. მოპასუხის შესაგებელი

წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და უარყო მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი შესაძლებლობა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ი-----ია ---“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-მ, და იშუამდგომლა შპს „ი----ია ----“-ის უფლებამონაცვლედ ცნობა, ასევე მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. შუამდგომლობა უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ

სააპელაციო საჩივარს თან ერთვოდა ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლის თანახმად, 2022 წლის 14 თებერვალს, შპს ,,ი----ია ----’’-ის (ს/ნ ----) დირექტორს დ. გ-ის და ბ. გ-ის ( პ/ნ -----) შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,----ია ---’’ ბ. გ-ეს უთმობს მოთხოვნის უფლებას, რაც წარმოშობილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შპს ,,ი---ია ----’’-ის სამოქალაქო სარჩელიდან, მოპასუხეების თ. ე-ის და მისი შვილის ლ. ე-ის მიმართ, პირველ მოპასუხეზე 129 586, 17 ლარის გადახდის დაკისრებისა (დანაკლისით მიყენებული მატერიალური ზიანის გამო) და ამავე თანხის სარგებლობისთვის, ყოველწლიურად 5 %-ის (6 479,30 ლარის) დაკისრების შესახებ, 31.03.2017 წლიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ფაქტობრივად აღსრულებამდე, აგრეთვე მოპასუხეებს შორის დადებული 28.04.2017 წელს უძრავი ნივთის ½ იდეალური წილის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით თ. ე-ის სახელზე აღრიცხვის და ამავე წილის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე, თ. ე-ის ვალის დაფარვის მიზნით (სამოქალქო საქმე -----).

6. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა მოწინააღმდეგე მხარის - თ. და ლ. ე-ის წარმომადგენლმა რ. ხ-ამ და მისი უარყოფა მოითხოვა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების მიზანია აპელანტებმა თავი აარიდონ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდას, რაც რეალურად ზიანის მომტანი ქმედებაა სახელმწიფოსათვის.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: 1. №----- სამოქალაქო საქმეზე, მოსარჩელე (აპელანტი) მხარის შპს ,,ი----ია ---’’-ის (ს/ნ ----) უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნეს ბ. გ-ძე ( პ/ნ -----).

7.2. სააპელაციო სასამართლომ თავისი დასაბუთება დააფუძნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ლი ნაწილს, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილს და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა შპს ,,ი----ია ----’’-ის (ს/ნ ----). აპელანტ ბ. გ-ის (შპს „ი---ია ---“-ის სავარაუდო უფლებამონაცვლე) მიერ წარმოდგენილი მასალებით - 2022 წლის 14 თებერვალს მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულებით დასტურდება, რომ შპს ,,ი---ია ---’’-ის (ს/ნ ----) დირექტორს დ. გ-სა და ბ. გ-ეს ( პ/ნ ----) შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ი---ია --’’ ბ. გ-ეს უთმობს მოთხოვნის უფლებას, შესაბამისად, მოთხოვნის დათმობა განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების დაცვით. საწინააღმდეგო გარემოების (მათ შორის მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების) დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში მოსარჩელის მიერ გამოხატული ნების საფუძველზე, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ სადავო უფლება შპს „ი----ია ----“-ის მიერ დათმობილია ბ. გ-ვის. დავის არსიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობა დასაშვებია და უფლებამონაცვლეობის ფაქტი დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

8. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:

8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლითაც მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება.

8.2. საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული გარიგება შინაარსობრივად არა თუ მოთხოვნის დათმობას, არამედ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავის არიდებას გულისხმობს. საჩივრის ავტორის მითითებით, შპს ,,ი----ია ---“-ის დირექტორია ბ. გ-ის ძმა, რომელმაც საქმის წარმოების წაგების შემდეგ მოთხოვნის უფლება დაუთმო თავის ძმას, შესაბამისად, მათ შორის დადებული გარიგება მოჩვენებითია, რაც დასტურდება ლოგიკური მსჯელობით, შესაბამისად, ხდება ფიზიკური პირიდან იურიდიულ პირზე მოთხოვნის უფლების დათმობა, ეს უკანასკნელი კი ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც გულისხმობს იურიდიული პირის ფიზიკური პირის საფარველქვეშ ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, აღნიშნული კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

13. სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

14. საპროცესო უფლებამონაცვლეობას მატერიალური სამართლის ნორმები განაპირობებენ, რომელთა მიხედვითაც, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს, შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, მაშინ დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც (სუსგ №ას-839-839-2018, 13.07.2018წ., პ. 15). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ.). საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. დამატებით: ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.).

15. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია ისეთ შემთხვევებში, სადაც დასაშვებია მოთხოვნის დათმობა. მოთხოვნის დათმობის შესაძლებლობა განპირობებულია ვალდებულების შინაარსითა და მისი შესრულების სხვა პირზე გადაცემის შესაძლებლობით. აქვე ხაზი უნდა გაესვას ვალდებულებისა და მოთხოვნის მიმართ წარმოშობილი უფლებამონაცვლეობის საკითხს, რადგან მოვალისა და კრედიტორის პიროვნულ ცვლილებებს შორის არსებობს განსხვავება. მოვალის ცვლილებისას, ვალის გადაკისრების შემთხვევის დროს, შესაძლოა აუცილებელი გახდეს კონკრეტული ვალდებულების კონკრეტული პირის მიერ შესრულება, რაც გამოიწვევს ვალდებულების გადაკისრების შეუძლებლობას (მაგალითაც, კონკრეტული მომღერლის მიერ სიმღერის შესრულება), რაც შეეხება კრედიტორის ცვლილებასა და მოთხოვნის დათმობას, ამ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების იმპერატივის თვალთახედვით, არ ენიჭება არსებითი მნიშვნელობა შესრულების მიმღების, კრედიტორის პიროვნულობას, რადგან, ამ შემთხვევაში, მთავარია მოვალემ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ხოლო კრედიტორი ვალდებულია მიიღოს ის.

16.მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისი სახის სახესხვაობებთან არ გვაქვს საქმე, რადგან ცალსახაა, რომ იმ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში, რომელიც გახდა უფლებამონაცვლეობის საფუძველი, არ არსებობს გამონაკლისი შემთხვევა და უფლებამონაცვლეც, სამართლებრივი გაგებით, უფლებამოსილია მიიღოს ის შესრულება, რასაც მიიღებდა თავდაპირველი კრედიტორი.

17. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორეზე გადასვლაა უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის საპროცესო მდგომარეობის იმ მოცულობით დაკავება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო, შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა, სსკ-ის 92-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფლებამონაცვლე ვალდებული იქნება გადაიხადოს სწორედ ის საპროცესო ხარჯის ოდენობა (ამ შემთხვევაში ბაჟი), რაც მანამდე თავდაპირველ საპროცესო სუბიექტს გააჩნდა, ამიტომ საპროცესო სტატუსიდან გამომდინარე ის ვალდებულებები, რაც თავდაპირველ მხარეს ჰქონდა უფლებამონაცვლის სხვაგვარი საპროცესო სტატუსის არსებობით ვერ შეიცვლება, შედეგად, უფლებამონაცვლეს გადასახდელი ექნება კონკრეტულად ის ბაჟი, რაც უნდა ყოფილიყო გადახდილი უფლებამონაცვლეობის არარსებობის შემთხვევაში. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნის მიმღებმა იცოდა რა სახის უფლებები გადავიდა მასზე, წინასწარ იყო ცნობილი უფლებამონაცვლეობით გადასულ ვალდებულებათა შინაარსი, ამიტომ, უფლებამონაცვლეობაზე დათანხმება ამავდროულად გულისხმობს ვალდებულების შესაბამის შესრულებას, როგორაც შესრულდებოდა უფლებამონაცვლეობის არარსებობისას, აქედან გამომდინარე, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის ან სხვაგვარი საპროცესო ხარჯის გადახდისაგან თავის არიდების შესაძლებლობა (შდრ. სუსგ-ები ას-720-2019, 28.06.2019; ას-957-899-2012, 23.07.2012).

18. განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა შპს ,,ი----ია ---’’-ის (ს/ნ ----). აპელანტ ბ. გ-ის (შპს „ი----ია ---“-ის სავარაუდო უფლებამონაცვლე) მიერ წარმოდგენილი მასალებით - 2022 წლის 14 თებერვალს მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულებით დასტურდება, რომ შპს ,,ი---ია ---’’-ის (ს/ნ ---) დირექტორს დ. გ-სა და ბ. გ-ეს ( პ/ნ ----) შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ი---ია ---’’ ბ. გ-ეს უთმობს მოთხოვნის უფლებას, შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოთხოვნის დათმობა განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების დაცვით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის მიერ განვითარებულ მსჯელობას, დამატებით აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია საკმარისი დასაბუთება და მტკიცებულებები იმისათვის, რომ დაედასტურებინა ის სამართლებრივი პოზიცია, რაც გახდა განჩინების გასაჩივრების საფუძველი.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ე-სა და ლ. ე-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე