Facebook Twitter

საქმე № ას-53-2022 19 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „სადაზღვევო კომპანია --------“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. კ-ლი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „სადაზღვევო კომპანია -----“ (შემდეგში: „მოსარჩელე“, „სადაზღვევო კომპანია“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სადაზღვევო კომპანიის საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სადაზღვევო კომპანიის სარჩელი და ბ. კ-ლს (შემდგომში „მოპასუხე“) მოსარჩელის სასარგებლოდ 1 044 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, მაშინ, როდესაც საქმეში წარდგენილი შპს „ჯ……ი მ……ის“ ინვოისით დადასტურებულია სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოპასუხისთვის დაკისრების მართებულობა. იმავეს ადასტურებს 2020 წლის 6 თებერვლის საექსპერტო დასკვნაც. ზიანის ოდენობის განმსაზღვრელი სხვა ალტერნატიული მტკიცებულება კი საქმეში არ მოიპოვება. საქმის მასალებით, ასევე, არ დასტურდება ის გარემოება, რომ სხვა სერვის-ცენტრში მანქანის შეკეთების შემთხვევაში, ზიანის ოდენობა განსხვავებული იქნებოდა.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. ქ. თბილისში, იუსტიციის სახლის სადგომზე მომხდარი 2019 წლის 22 თებერვალს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომანქანა „---- ----“, სახელმწიფო ნომრით - --------;

7.2. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა მოსარჩელე;

7.3. დაზიანებული ავტომანქანა დაზღვეული იყო მოპასუხე სადაზღვევო კომპანიაში, დამზღვევის დ. გ-ის მიერ;

7.4. ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2019 წლის 1 მარტს სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს გადაურიცხა 16 906,47 ლარი;

7.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 ნოემბრის საექსპერტო დასკვნის თანახმად, დაზიანებული ავტომობილის წინა მარჯვენა მაშუქზე აღდგენისთვის ჩასატარებელი საპლასტმასე სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 150 ლარს, ხოლო წინა ბამპერზე აღდგენისთვის ჩასატარებელი საპლასტმასე სამუშაოების ღირებულება - 100 ლარს;

7.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2 ივლისის საექსპერტო დასკვაში მითითებულია, რომ დაზიანებული ავტომანქანის მარჯვენა მაშუქი ფარისა და წინა ბამპერის აღდგენა ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილია;

7.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 6 თებერვლის საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია, რომ დამკვეთის მიერ წარდგენილი ინვოისის მიხედვით, დაზიანებული ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა საორიენტაციოდ 14 973 ლარია.

8. მოცემულ შემთხვევაში, დავა ეხება სუბროგაციის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 832-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან (იხ. სუსგ საქმე #ას-809-776-2016, 04.04.17წ., საქმე #ას-581-549-2011, 05.09.12 წ.).

10. წინამდებარე საკასაციო საჩივრით სადავოა სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ოდენობა. კასატორი ამტკიცებს, რომ საქმეში წარდგენილი 2020 წლის 6 თებერვლის საექსპერტო დასკვნა, ასევე შპს „ჯ---ი მ---ის“ მიერ გაცემული ინვოისი ადასტურებს მის მიერ მოთხოვნილი, მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხის ოდენობის მართებულობას, რაც უსაფუძვლოდ არ გაიზიარეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის საწყისზე დამყარებული მართლმსაჯულების განხორციელებისას (სსსკ-ის მე-5 მუხლი) სასამართლოს, მოთხოვნის საფუძვლიანობასთან მიმართებით არ გააჩნია წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი, არამედ, მხარეთა მონაწილეობით დგინდება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები სასამართლო სხდომაზე. ბუნებრივია, სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

12. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

13. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

14. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (მოსარჩელე) ძირითადად აპელირებს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 6 თებერვლის დასკვნაზე და აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტით დადასტურებულია მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის (14 973 ლარი) ოდენობა.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.

17. ამასთან, ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი). საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო.

18. მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. მან კრიტიკული განხილვის შედეგად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი აზრი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე. უფრო მეტიც, თუ ექსპერტის დასკვნა უპირისპირდება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საკითხი უნდა გაირკვეს სწორედ ექსპერტის ზეპირი განმარტებების მიღების, საკუთრივ დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯრებისა და დეტალური შესწავლის საფუძველზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევი მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი).

19. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეაფასა როგორც კასატორის მიერ მითითებული და მის მიერვე საქმეზე წარდგენილი საექსპერტო დასკვნისა და შპს „ჯ-----ი მ-----ის“ 2019 წლის 26 თებერვლის ინვოისის, ასევე მოპასუხის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნების კვლევითი და დასკვნითი ნაწილების შინაარსი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად დაასკვნა, რომ 2020 წლის 6 თებერვლის საექსპერტო დასკვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მასში ასახული ოდენობით ზიანის არსებობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, ვინაიდან როგორც დასკვნის შინაარსით ირკვევა, ექსპერტმა ზიანის ოდენობა, 14 973 ლარი, სწორედ დამკვეთის მიერ მიწოდებული ინვოისის საფუძველზე განსაზღვრა. მითითებული დასკვნის საწინააღმდეგოდ კი, საქმეში მოიპოვება ორი საექსპერტო დასკვნა (2019 წლის 2 ივლისისა და 28 ნოემბრის საექსპერტო დასკვნები), რომლებითაც დეტალურადაა განსაზღვრული ავტომობილის დაზიანებული ნაწილების აღდგენითი სამუშაოების ღირებულება.

20. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები შეაფასა მტკიცებულებების შეფასებისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. კასატორს (მოსარჩელეს) კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „სადაზღვევო კომპანია -----“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „სადაზღვევო კომპანია ------“ (----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი------) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №----, გადახდის თარიღი 2022 წლის 21 თებერვალი), 697 ლარის 70% - 487.9 ლარი და ამავე საგადახდო დავალებით, ზედმეტად გადახდილი 52 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ.მიქაბერიძე