Facebook Twitter

№ა-575-შ-18-2022

30 ნოემბერი, 2022 წ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ.დ–ის კანონიერი წარმომადგენელი ზ.დ–ი

განხილვის საგანი – ისრაელის სახელმწიფოს, რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 07 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – მამობის დადგენა, გვარის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ისრაელის სახელმწიფოს, რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ზ.დ–ი არის არასრულწლოვანის - გ.პ–ვის მამა. ამავე სასამართლოს 2019 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილებით გ.პ–ვის გვარი „პ–ვი“ შეიცვალა გვარით: „დ–ი“.

2022 წლის 21 ოქტომბერს ზ.დ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ზ.დ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ისრაელის სახელმწიფოს, რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 07 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული ისრაელის სახელმწიფოს, რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 07 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილებების შესწავლით ირკვევა, რომ ზ.დ–ი არის არასრულწლოვანის - გ.პ–ვის მამა და გ.პ–ვის გვარი „პ–ვი“ შეიცვალა გვარით: „დ–ი“. სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებება კანონიერ ძალაშია შესული 2018 წლის 07 ოქტომბერს, ხოლო 2019 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება 2019 წლის 06 იანვარს, სასამართლოს გადაწყვეტილებები მიღებულია მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე. შუამდგომლობაზე თანდართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ისრაელის სახელმწიფოს, რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ ზ.დ–ი არის არასრულწლოვანის - გ.პ–ვის მამა, ასევე ამავე სასამართლოს 2019 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ.პ–ვის გვარი „პ–ვი“ შეიცვალა გვარით: „დ–ი“, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. ზ.დ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ისრაელის სახელმწიფოს, რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ ზ.დ–ი არის არასრულწლოვანის - გ.პ–ვის მამა.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ისრაელის სახელმწიფოს, რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ.პ–ვის გვარი „პ–ვი“ შეიცვალა გვარით: „დ–ი“.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე