Facebook Twitter

№ას-1360-2022

30 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ხ.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ი–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი.ი–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ხ.ს–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდი N.......და დადგინდა მისი ი.ი–ისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით:

1. ხ.ს–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3. განისაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულების წესი საქმეზე №2/18327-და დადგინდა, რომ გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს გ.ს–ის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება გ.ს–ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების არ გავრცელების ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინებით ი.ი–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა კოლეგიის 17.01.2022წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულების წესი საქმეზე №2/18327-20 და დადგინდა, რომ გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულებულიყო გ.ს–ის მიმართ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ხ.ს–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ხ.ს–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

დასახელებული ნორმის მიხედვით, სარჩელი შეიძლება განუხილველად დარჩეს იმის შემდეგაც, რაც მიიღება წარმოებაში. აღნიშნული დასაშვებია, თუ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი ცნობილი გახდება სარჩელის ან სხვა სახის საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ. კანონის აღნიშნული დანაწესი ვრცელდება საკასაციო საჩივრის მიმართაც. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის №ას-1244-1184-2014 განჩინება).

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ხ.ს–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, თუმცა საქმის მასალების შესწავლის დროს საკასაციო სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არ არსებობდა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები, კერძოდ ხ.ს–ძეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად, მის მიმართ იგი კანონიერ ძალაშია შესული. სადავოდ ქცეული სააპელაციო სასამართლოს განჩინება კი ეხება გ.ს–ს და არა ხ.ს–ძეს.

საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ[1]ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისპოზიციურობა, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ გააჩნია/წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა ხ.ს–ძე. სახეზე არ ყოფილა საპროცესო თანამონაწილობა (თანამოპასუხეობა). მოსარჩელემ მოპასუხედ უნდა მიუთითოს კონკრეტული პირები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად. საქმის განხილვაში პირის მონაწილეობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ევროპული კონვენციის მე-6 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლებით (სავინდიკაციო სარჩელში თანამონაწილეობის საკითხზე იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები:http://www.supremecourt.ge/files/upload[1]file/pdf/samoqrek.pdf).

აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ვერ გავრცელდებოდა გ.ს–ის მიმართ და შესაბამისად, არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით აღსრულების წესის დადგენის საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 391-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ხ.ს–ძის (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2022 წლის 04 ნოემბერს №14999407785 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე