№ას-1371-2020 21 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ.ფ–სი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ხ–ი
II საკასაციო საჩივრის ავტორი - ჯ.ხ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ.ფ–სი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.09.2020 წლის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „გ.ფ–სმა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „პირველი კასატორი“) სარჩელი აღძრა ჯ.ხ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მეორე კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 591 043 ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.10.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 265-276). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.09.2020 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 700 ლარისა და 249 750 ლარის ანაზღაურება (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.3, ს.ფ.247-274). გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს მხარეებმა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
5. სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, პირველი კასატორის დირექტორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან უარს აცხადებს სარჩელზე (იხ.: განცხადება, ტ.3, ს.ფ.385). საქმეში წარმოდგენილი აქტით დასტურდება, რომ მისთვის ცნობილია სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. სარჩელზე უარის თქმა - ესაა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტი საპროცესო სამართლებრივი შედეგით (თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი. სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბილისი, 2014, გვ.85). სსსკ-ის მე-3 მუხლში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-20-17-2015, 18.03.2015 წელი; №ას-694-648-2017, 12.06.2017 წელი; №ას-1047-2019, 20.12.2019 წელი, №ას-274-2020, 27.05.2022 წელი).
8. სსსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მოცემულ შემთხვევაში, განცხადებას ერთვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ პირველი კასატორის/მოსარჩელის დირექტორი არის შ.ხ–ლი, შესაბამისად, ის უფლებამოსილია, საზოგადოების სახელით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, მათ შორის სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობითაც (იხ.: სუსგ №ას-702-672-2014, 03.11.2014 წელი).
9. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ამასთან, წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას, მოსარჩელის დისპოზიციური ნების შესაბამისად ჩამოყალიბებულ სასარჩელო მოთხოვნებზე წარმოების შეწყვეტის გარდა, საკასაციო პალატას არა აქვს სხვა საკითხებზე მსჯელობის უფლებამოსილება.
10. სსსკ-ის 1991 მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმეზე წყდება წარმოება, უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.02.2018 წლის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება.
11. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ვინაიდან საკასაციო საჩივრების არსებითად განხილვამდე მოსარჩელემ სარჩელზე თქვა უარი, კასატორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სუსგ №ას-20-17-2015, 18.03.2015 წელი, №ას-694-648-2017, 12.06.2017 წელი, №ას-66-63-2016, 16.03.2016 წელი, №ას-582-541-2017, 03.11.2017 წელი, №ას-274-2020, 27.05.2022 წელი, №ას-1075-2022, 14.11.2022 წელი) .
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე. შესაბამისად, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გ.ფ–სის“ შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე შპს „გ.ფ–სის“ სარჩელზე ჯ.ხ–ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.02.2018 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ჯ.ხ–ის (პირადი ნომერი: .....) სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას - „გაზ 21“ (სანომრე ნიშნით - ......, გამოშვების წელი - 1963, ძრავი - 390005, ძარა - 31485, შასი - 262131, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა- AV0254483 გაცემული 11.05.2007წ.) და ჯ.ხ–ის (პირადი ნომერი: .....) საკუთრებაში/სახელზე არსებულ საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო ანგარიშს ჯამში 591 043 (ხუთას ოთხმოცდათერთმეტი ათას ორმოცდასამი) ლარის ფარგლებში.
4. შპს „გ.ფ–სს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარი (საგადასახადო დავალება #1604582015, გადახდის თარიღი 05.11.2020წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 302003150.
5. ჯ.ხ–ს (პირადი ნომერი: .....) უკან დაუბრუნდეს ქ.რ–ძის (პირადი ნომერი: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6000 ლარი (საგადახდო დავალება #10094753906, გადახდის თარიღი 10.11.2020წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
6. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია