Facebook Twitter

საქმე №ას-1170-2022 29 ნოემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ა.რ–ი, ლ.რ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.07.2022 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს 27.04.2022 წლის გადაწყვეტილებით სს „კ.ბ–ის“ სარჩელი ა.რ–ისა და ლ.რ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ თანხის დაკისრებისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.07.2022 წლის განჩინებით მოპასუხეთა შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დარჩა განუხილველად. მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 27.04.2022 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.06.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ, წარმოედგინათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში, საჩივრის ელექტრონული ვერსია, ასევე, უნდა მიეთითებინათ საჩივრის ფასი და წარმოედგინათ მისი 4%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.

3.2. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 06.07.2022 წელს აპელანტების წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც აპელანტებმა ნაწილობრივ შეავსეს ხარვეზი, კერძოდ, წარმოადგინეს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.07.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.06.2022 წლის განჩინებით განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ 5 დღით. განჩინება აპელანტებს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდათ 15.07.2022 წელს, შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო ამავე წლის 16 ივლისს და დასრულდა 20 ივლისს. დროის ამ მონაკვეთში აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის.

3.4. 21.07.2022 წელს აპელანტების წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელებაზე. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლებით და მიუთითა, რომ აპელანტების განცხადება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

3.5. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.07.2022 წლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

8. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.06.2022 წლის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტებს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სასამართლოში წარედგინათ: სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში, საჩივრის ელექტრონული ვერსია, ასევე, უნდა მიეთითებინათ საჩივრის ფასი და წარედგინათ მისი 4%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (იხ. ს.ფ. 244-245). 06.07.2022 წელს მხარემ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და წარადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ. ს.ფ. 250-251). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.07.2022 წლის განჩინებით აპელანტებს ხარვეზის სრულად შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ 5 დღით და დაევალათ აღნიშნულ ვადაში სასამართლოში წარედგინათ სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში, ასევე, საჩივრის ელექტრონული ვერსია. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (იხ. ს.ფ. 253-254).

10. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.07.2022 წლის განჩინება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ აპელანტებს და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ჩაჰბარდათ 15.07.2022 წელს (იხ. ს.ფ. 255-258). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დენა დაიწყო 16.07.2022 წელს და ამოიწურა 20.07.2022 წელს. აღნიშნულ ვადაში აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსიათ და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის. ასეთი შუამდგომლობით მათ სასამართლოს მიმართეს მხოლოდ 21.07.2022 წელს, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მართებულად დატოვა განუხილველად მათი სააპელაციო საჩივარი.

11. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; სუსგ №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ №ას-693-2019, 28.06.2019წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.რ–ისა და ლ.რ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.07.2022 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია