Facebook Twitter

3 ნოემბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-356-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხეები) - ლ. გ-ლი, ნ. გ-ლი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. გ-ლი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ. გ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) ბაბუა ს. გ-ლი (შემდეგში - პირველი მამკვიდრებელი) და ბებია ნ. გ-ლი (შემდეგში - მეორე მამკვიდრებელი) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და მათ საკუთრებაში იყო ზესტაფონში, სოფელ ----- მდებარე კომლის ქონება.

2. პირველი მამკვიდრებელი 2003 წლის 30 მარტს, ხოლო მეორე მამკვიდრებელი - 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა.

3. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემების თანახმად, 2003 წლის 30 მარტს გარდაცვლილი პირველი მამკვიდრებლის ოჯახის თანასაკუთრებად რეგისტრირებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ზესტაფონში, ---------- მდებარე უძრავი ნივთები, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: ს/კ ------, ს/კ ------, ს/კ -----, ს/კ ------.

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით მეორე მამკვიდრებლის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ზესტაფონში, ----- ---- მდებარე უძრავ ნივთებზე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე (ს/კ ------).

4. ზესტაფონის არქივის 2017 წლის 27 დეკემბრის საარქივო ცნობით დადგენილია, რომ პირველი მამკვიდრებლის კომლის წევრად და მისი გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად მითითებული მეორე მამკვიდრებელი, მეუღლის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც კომლში ცხოვრობდა და სამკვიდრო ქონებას ფლობდა, როგორც საკუთარს.

5. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ----- ადმინისტრაციული ერთეულის 2017 წლის 25 აპრილის ცნობის მიხედვით, ბებიის - მეორე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ----- ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ---- ამ უკანასკნელის უძრავ-მოძრავ ქონებას (შემდეგში: სამკვიდრო ქონება, სამკვიდრო, სადავო ქონება) მოსარჩელე ფლობს და განაგებს.

6. პირველმა მამკვიდრებელმა 1998 წლის 14 აპრილს სანოტარო წესით ანდერძი (გამოქვეყნდა 2018 წლის 27 ივლისს, ნოტარიუს ნ.ფ-ის მიერ) შეადგინა, რომლითაც ზესტაფონში, სოფელ --- ---- მდებარე საცხოვრებელი სახლის მისი კუთვნილი ნაწილი თავის შვილიშვილს, მოსარჩელეს უანდერძა.

ანდერძის გაუქმების თაობაზე სანოტარო არქივში ინფორმაცია არ მოიპოვება.

7. 2008 წლის 11 მარტს სანოტარო წესით შედგენილ ანდერძში (ნოტარიუსი ნ. მ-ლი, მოწმეები: ე. ქ-ძე, მ. გ-რი) მეორე მამკვიდრებელმა უკანასკნელი ნება გამოავლინა და თავის საკუთრებაში არსებული მთელი უძრავ-მოძრავი ქონება (მათ შორის, ზესტაფონში, სოფელ ----- მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი) მის შვილიშვილს, მოსარჩელეს უანდერძა.

ანდერძის გაუქმების თაობაზე ინფორმაცია სანოტარო არქივში არ მოიპოვება.

8. 2003 წელს გარდაცვლილი პირველი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მისი მეუღლე - მეორე მამკვიდრებელი, როგორც კანონისმიერი მემკვიდრე, ვინაიდან იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და ფლობდა ამ ქონებას, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მფლობელობა გააგრძელა, თუმცა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს.

9. მეორე მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის მისი სამკვიდრო ქონება შედგებოდა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებისგანაც და ფაქტობრივი ფლობით მიღებული 2003 წელს გარდაცვლილი პირველი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებისგანაც.

10. მეორე მამკვიდრებლის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან მისი შვილები: ლ. გ-ლი (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი), ნ. გ-ლი (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი), რ. გ-ლი (შემდეგში - მესამე მოპასუხე).

11. 2017 წლის 24 აპრილს, პირველმა მოპასუხემ ნოტარიუსს მიმართა, აწ გარდაცვლილი მისი დედის - მეორე მამკვიდრებლის ყოველგვარი ქონების კანონისმიერი მემკვიდრეობით მიღებაზე უარი განაცხადა და ამ უკანასკნელის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მოსარჩელის სახელზე გაცემას დაეთანხმა.

გარდა ამისა, მოპასუხემ, როგორც სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრემ, სავალდებულო წილის მიღებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მეორე მამკვიდრებლის ქონებასთან დაკავშირებით შემდეგში რაიმე პრეტენზია აღარ ექნებოდა. განცხადება ხელმოწერითა და სანოტარო წესით დადასტურდა.

12. 2017 წლის 9 აგვისტოს, კანონისმიერი მემკვიდრეობით სამკვიდროდან თითოეულზე სავალდებულო წილის მიღების მოთხოვნით მოპასუხეებმა ნოტარიუსს მიმართეს.

13. 2017 წლის 21 აგვისტოს სანოტარო აქტით, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე მოპასუხეებს უარი ეთქვათ, მათ მიერ სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის აღდგენამდე და სამკვიდრო მოწმობის მიღებისთვის წარდგენილ დოკუმენტებში არსებული ხარვეზის აღმოფხვრამდე.

14. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:

14.1. ფაქტობრივი ფლობით მიღებული მეორე მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა;

14.2. ფაქტობრივი ფლობით მიღებული მეორე მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაში შემავალი პირველი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა;

14.3. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა საბუთის კუთვნილების თაობაზე, კერძოდ, რომ ზესტაფონის არქივის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემული საარქივო ცნობა ნ. გ-ის სახელზე ეკუთვნის მეორე მამკვიდრებელს;

14.4. მოსარჩელის მიერ სასამართლო და სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის, 1 650 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრება.

15. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით:

15.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

15.2. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ზესტაფონის არქივის 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემული საარქივო ცნობა ნ. გ-ის სახელზე ეკუთვნის მეორე მამკვიდრებელს;

15.3. მოსარჩელე ცნობილ იქნა ფაქტობრივად დაუფლებული მეორე მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ;

15.4. მოსარჩელე ცნობილ იქნა ფაქტობრივად დაუფლებული მეორე მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაში შემავალი პირველი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ;

15.5. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისრათ სასამართლოს გარეშე ხარჯის, ჯამურად 770 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 650 ლარია ადვოკატის მომსახურეობის ხარჯი და 120 ლარია აუდიტორის მომსახურეობის ხარჯი.

16. სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა და მეორე მოპასუხემ, რომლებმაც გასაჩივრებულ მაწილში ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით: პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

17.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავდრულად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა:

- პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის წარდგენილ შესაგებელში პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითეს, რომ სამკვიდრო ქონებას მოსარჩელე ფაქტობრივად არ დაუფლებია; მესამე მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია; მოპასუხეებს არც სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიკუთვნების მოთხოვნით შეგებებული სარჩელი აღუძრავთ;

- სააპელაციო შესაგებელში მოსარჩელემ მიუთითა, რომ აპელანტებს ორი ანდერძიდან სადავოდ არცერთი არ გაუხდიათ.

17.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ პირველმა მოპასუხემ პირველი მამკვიდრებლის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო, რადგან აპელანტებს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელის მიერ სადავო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ------ ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 25 აპრილის ცნობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმითა და მოწმეების, ო.ი-სა და ე.ე-ის ჩვენებებით.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მოპასუხე მხარეს არაერთხელ მისცა მათ მიერ დასახელებული მოწმეების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა მოპასუხეება მოწმეების წარდგენა ვერ შეძლეს.

17.3. დავის მოსაწესრიგებლად სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1319-ე, 1320-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1306-ე, 1344-ე მუხლები გამოიყენა, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და იგი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

18.1. პირველი მამკვდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას მეორე მამკვიდრებელთან ერთად პირველი მოპასუხეც დაეუფლა. შესაბამისად, მეორე მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის ამ უკანასკნელის სამკვიდრო შედგებოდა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებისგან (რომელიც მოსარჩელეს უანდერძა) და ფაქტობრივი ფლობით მიღებული გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილისგან, ხოლო პირველი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების დარჩენილი ½ ნაწილის მემკვიდრე პირველი მოპასუხეა, რომელმაც ხსენებული ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო. აქედან გამომდინარე, მოცემულ ნაწილში სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

18.2. მცდარია გასაჩივრებული განჩინების ის ნაწილიც, სადაც დადგენილია, რომ მეორე მამკვიდრებლის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მოსარჩელემ მიიღო. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ------ ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 25 აპრილის ცნობას. ჯერ ერთი, დასახელებული მტკიცებულება არასათანადო წესითაა გაცემული, მეორეც, გამგეობისათვის 2017 წელს არ შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო, 2013 წელს გარდაცვლილი მეორე მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას 6 თვეში დაეუფლა თუ არა მოსარჩელე. აქ კიდევ ერთი გარემოებაა საყურადღებო, კერძოდ, მითითებული ცნობით არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო ქონებას ფაქტობრივი ფლობით მხოლოდ მოსარჩელე დაეუფლა. ამდენად, აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით საქმის გადაწყვეტა არამართებულია.

18.3. სადავო საკითხის გადასაწყვეტად ვერც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის ოქმი ვერ გამოდგება. მისი მეშვეობით დგინდება, რომ სადავო ქონება ნამდვილად არსებობდა და 2018 წელს ამ ქონების გასაღები მოსარჩელეს ჰქონდა, მაგრამ არ დასტურდება, თუ ვინ დაეუფლა ქონებას მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, მათში მითითებულია მოსარჩელის მიერ სადავო ქონების მემკვიდრეობით მიღებაზე, თუმცა აღნიშნული ჩვენებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან სწორედ 6 თვეში დაეუფლა სამკვიდრო ქონებას.

18.4. საკასაციო საჩივრით შედავებულია სააპელაციო სასამართლოს რამდენიმე საოქმო განჩინებაც, კერძოდ, საქმის წარმოების შეჩერების, სააპელაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის საქმეზე დართვისა და მოწმეთა მიწვევის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საოქმო განჩინებები. მათი გაუქმების მოთხოვნები შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

18.4.1. მოპასუხეებმა საქმეზე რამდენიმე მოწმის დაკითხვაზე იშუამდგომლეს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს სხდომაზე მათ მოწმის წარდგენა ვერ შეძლეს (მისი ავადმყოფობის გამო), სასამართლომ სხდომა არ გადადო და მოპასუხეებს თავიანთი უფლებების დაცვის საშუალება არ მისცა.

18.4.2. რაკი მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე მოწმე ვერ წარადგინეს, იმავე გარემოების დასადასტურებლად სხდომაზე მათ სხვა პირი წარადგინეს, თუმცა სასამართლომ შესაბამისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოპასუხეებმა თავიანთი პოზიცია ვერ დაადასტურეს. ასევე უსაფუძვლოა საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებაც.

18.4.3. სააპელაციო სასამართლომ აპელანტებს არასწორად უთხრა უარი მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (მეანაბრის წიგნაკი, ცნობები მამკვიდრებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გადახდის ქვითრები) საქმეზე დართვაზე, რომლებითაც მეორე მამკვიდრებლის სამკვიდროს კანონით დადგენილი წესით აპელანტთა მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღება დასტურდებოდა.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

20. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

21. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის განხილვის საკვანძო საკითხია შემდეგი გარემოების განსაზღვრა:

კანონით დადგენილი წესით მიიღო თუ არა მოსარჩელემ სამკვიდრო ქონება, კერძოდ, სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივად შეუდგა თუ არა იგი ამ ქონების ფლობას ან მართვას.

სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერების განსაზღვრა სწორედ ზემომითითებული გარემოების დადგენას უკავშირდება.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი ისაა, რომ მოსარჩელე მეორე მამკვიდრებლის ანდერძისმიერი მემკვიდრეა, რომელიც სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა, თუმცა ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ ქონებაზე პრეტენზიას მეორე მამკვიდრებლის კანონისმიერი მემკვიდრეები (მოპასუხეები) აცხადებდნენ. ამ პერიოდში მოსარჩელემ აღმოაჩინა, რომ მეორე მამკვიდრებლის მეუღლეს, პირველ მამკვიდრებელსაც, მთელი თავისი ქონება მოსარჩელისათვის უანდერძებია. პირველი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი სამკვიდრო მეორე მამკვიდრებელმა მიიღო.

ამდენად, მოსარჩელის მითითებით, მეორე მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის სამკვიდრო ქონებაში შედიოდა ამ უკანასკნელის სახელზე რიცხული უძრავი ქონებაც და პირველი მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონებაც, რომლებსაც ფაქტობრივი ფლობით მოსარჩელე დაეუფლა და რომლის მესაკუთრედ ცნობასაც იგი მოითხოვს.

უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ სარჩელის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1319-ე (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად), 1320-ე (სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე), 1336-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები); შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა), 1421-ე (სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი), 1424-ე (სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით), 1306-ე (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი), 1344-ე (ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს,როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც) მუხლებშია წარმოდგენილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ სამკვიდრო ქონება მან კანონით დადგენილი წესით მიიღო, კერძოდ, სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივად შეუდგა ამ ქონების ფლობასა და მართვას.

23. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მუხლები).

ამდენად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ).

24. პალატის განსჯით, მოსარჩელემ თავის მტკიცების ტვირთში შემავალი დასახელებული გარემოება დაადასტურა, რასაც ასაბუთებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, სახელდობრ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის --- ---- ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 25 აპრილის ცნობა, ფაქტების კონსტატაციის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი, მოწმეების (ო.ი-ვი, ე,ე-ლი) ჩვენებები.

ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტების უარმყოფელი რაიმე გარემოებანი მოპასუხეებს საქმეზე არ წარმოუდგენიათ, ისინი მხოლოდ სიტყვიერი მითითებით შემოიფარგლნენ, რომ სამკვიდრო ქონებას მოსარჩელე ფაქტობრივად არ დაუფლებია, ხოლო პირველი მამკვიდრებლის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით პირველმა მოპასუხემ მიიღო, რაც მოსარჩელის მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების გასაქარწყლებლად საკმარისი ვერ იქნება. შეუძლებელია, რომ სასამართლო ამა თუ იმ საკითხის დადგენისას რომელიმე მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნოს.

როგორც ზემოთ განიმარტა, მოსარჩელის პოზიციის საფუძვლიანობის გამორიცხვა დამოკიდებულია სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენით სარჩელში მითითებულისგან საწინააღმდეგო ფაქტის დასაბუთებაზე.

კანონი სასამართლოს ავალდებულებს, მტკიცებულებები შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით და ეს რწმენა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105.2 მუხლი).

მოცემული საკითხის შეფასებისას კიდევ ერთი გარემოებაა საგულისხმო, კერძოდ, სავალდებულო წილის მიღების მოთხოვნით ნოტარიუსისათვის მიმართვამდე (2017 წლის 9 აგვისტო) რამდენიმე თვით ადრე, პირველმა მოპასუხემ, მეორე მამკვიდრებლის ყოველგვარი ქონების კანონისმიერი მემკვიდრეობის წესით მიღებაზე მოსარჩელის სასარგებლოდ უარი განაცხადა. მანვე უარი თქვა სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღებაზე, რაც ამ უკანასკნელის ხელმოწერითა და ნოტარიულად დამოწმებული განცხადებითაა დადასტურებული (იხ. ტომი 1, ს.ფ. 56-57), სსკ-ის 1446.1 მუხლის თანახმად კი, მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია. ამდენად, მას შემდეგ, რაც კანონით განსაზღვრულ ვადაში, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ მემკვიდრე სანოტარო ორგანოში განცხადებას შეიტანს, მას ამ გადაწყვეტილების შეცვლა აღარ შეუძლია.

25. არასწორია კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის მიერ მეორე მამკვიდრებლის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება სააპელაციო სასამართლოს მიერ დასახელებული არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის მიერ მეორე მამკვიდრებლის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ დამყარებულია არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე, არამედ, ეს მოსაზრება აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგადაა ჩამოყალიბებული.

აქედან ერთ-ერთ მტკიცებულებაში, კერძოდ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ----- ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 25 აპრილის ცნობაში პირდაპირაა მითითებული, რომ მოსარჩელე მეორე მამკვიდრებლის უძრავ-მოძრავ ქონებას ამ უკანასკნელის გარდაცვალებიდან ფლობდა და განაგებდა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 76).

ის გარემოება, რომ მეორე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან (2013 წლის 25 სექტემბერი) ხსენებული ცნობის გაცემამდე (2017 წლის 25 აპრილი) დიდი დროა გასული, მასში მითითებული ინფორმაციის არასარწმუნოდ მიჩნევის საფუძველს არ ქმნის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ ინფორმაციას შეეხება, რომელიც სათანადო წესით საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა იყოს მოპოვებული.

26. საკასაციო პალატის შეფასებით, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა წარმატებულია და გამომდინარეოს სსკ-ის 1319-ე, 1320-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1344-ე მუხლების შინაარსიდან.

27. რაც შეეხება გასაჩივრებულ საოქმო განჩინებებს, მათი გაუქმების მოთხოვნაც უსაფუძვლოა და აღნიშნული განჩინებების გაუქმების დამასაბუთებელ სათანადო არგუმენტაციას არ შეიცავს.

ა). როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმის ტექნიკური ჩანაწერით გამოირკვა, აპელანტთა წარმომადგენელმა მოცემული საქმის წარმოების შეჩერება ითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს წარმოებაში მყოფი იმ საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის წინააღმდეგ იყო აღძრული, მოსარჩელის სასარგებლოდ შედგენილი ანდერძების ბათილობისა და სამკვიდროს განსაზღვრული წილის მიღების მოთხოვნით. ხოლო 2020 წლის 28 იანვრის საოქმო განჩინებით დგინდება, რომ აპელანტთა წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმისწარმოების შეჩერების შესახებ ამავე საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი კერძო საჩივრის განხილვის დასრულებამდე.

სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (იხ. სუსგ №ას-1719-2019, 22.01.2020).

მოცემულ შემთხვევებში, ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას კასატორთა (აპელანტების) მიერ მითითებული საქმეების განხილვის დასრულებამდე არ დასტურდება. ამდენად, ორივე შემთხვევაში, სსსკ-ის 279 მუხლის „დ“ პუნქტზე (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განნხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ამ მუხლის დეფინიცია აპელანტთა მიერ წარმოდგენილ გარემოებებს არ მიესადაგებოდა, რაც საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველს ქმნიდა.

ბ). მოწმეთა მიწვევის შესახებ შუამდგომლობებთან მიმართებით აღსანიშნავია შემდეგი: აპელანტთა წარმომადგენლის მიერ მითითებული მოწმეების დაკითხვის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლომაც იმსჯელა, თუმცა მათი დაკითხვა საქმის განხილვის მიმდინარეობისას წარმოქმნილი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა.

სსსკ-ის 380-382-ე მუხლების დეფინიციის გათვალისწინებით, 2019 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ შინაარსობრივად აღნიშნა, რომ მისი შეფასების საგანი იყო - რამდენად ჰქონდათ საპატიო მიზეზი აპელანტებს, მოწმეთა ჩვენებების სააპელაციო განხილვის სტადიაზე წარმოსადგენად, კერძოდ, არსებობდა თუ არა შესაბამისი საპროცესო მოქმედების პირველი ინსტანციის სასამართლოში შესრულების ობიექტური შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელანტებმა თავდაპირველად იშუამდგომლეს მოწმე ე.ქ-ის დაკითხვის თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, თუმცა შუამდგომლობის აღმძვრელმა მხარემ დასახელებული მოწმის წარმოდგენა რამდენიმე სხდომაზე ვერ შეძლო. 2019 წლის 17 იანვარს მოპასუხეთა წარმომადგენელმა წერილობით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, სადაც განმარტა, რომ მის მიერ დასახელებული მოწმის (ე.ქ-ის) წარმოდგენას ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებდა (შესაბამისი დოკუმენტი განცხადებას არ ერთვოდა), რის გამოც ხსენებული მოწმის ნაცვლად სხვა ორი პირის, კერძოდ, ლ.დ-ისა და მ.დ-ის დაკითხვის შესახებ იშუამდგომლა, თუმცა მომდევნო, კერძოდ, 2019 წლის 21 იანვრის მთავარ სხდომაზე ლ.დ-ის დაკითხვაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ვერც ამ უკანასკნელის სასამართლოში წარმოდგენას ვერ უზრუნველყოფდა; მოწმე მ.დ-ის დაკითხვის შუამდგომლობა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა ვინაიდან შუამდგომლობა საქმის განხილვის არასათანადო სტადიაზე იქნა აღძრული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მთლიანობაში მიიჩნია, რომ მოწმეების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობა მხარისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მოტივებით გამოწვეული არ ყოფილა და ჩათვალა, რომ მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის ტექნიკური ჩანაწერი, 13:12:44, ტომი 2, ს.ფ. 121).

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საოქმო განჩინების ზემომითითებული მოტივაცია მოწმეთა დაკითხვის საკითხზე მიღებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით უარის თქმის ამომწურავ დასაბუთებას შეიცავს, რაც საქმის მასალებიდან გამომდინარე ფაქტობრივი მოცემულობისა და სსსკ-ის 380-382-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით სრულადაა გასაზიარებელი.

გ). რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის საქმეზე დართვის შუამდგომლობას, ამ შემთხვევაშიც, მხედველობაშია მისაღები სსსკ-ის 380.1 და 380.2 მუხლები (სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები; სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს ე.წ. „შეზღუდული აპელაციის“ პრინციპის განმსაზღვრელ ნორმას და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალ ფაქტებზე მითითებისა და ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ საგამონაკლისო წესით, საპატიო მიზეზის არსებობისას. თავის მხრივ, ფაქტების მითითების ან/და მტკიცებულების წარდგენის საპატიოობაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამავე კოდექსით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 215.3. მუხლი), რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს პროცესის ფუნდამენტური პრინციპები (იხ. სუსგ: საქმე №ას-123-123-2018, 09.11.2018).

მოცემულ შემთხვევაში, ასეთი საპატიო მიზეზის არსებობა აპელანტებს არ დაუდასტურებიათ, რამაც, ასევე, შექმნა საფუძველი სააპელაციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინებით ზემომითითებული შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის.

28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

29. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

31. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. გ-სა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ. გ-სა (პ/ნ --------) და ნ. გ-ს (პ/ნ - -----) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 360 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა # -, გადახდის თარიღი - 6.07.2020) 70% - 252 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი -----;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე