საქმე № ას-623-2022 12 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „მ-----ი ბ-----ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ----ა მ----ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,მ----ი ბ----ს'' (შემდეგში - შემკვეთი, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) შპს ,,ნ----ა მ----ან'' (შემდეგში: მენარდე, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) 2019 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ნოემბრის და დეკემბრის, ასევე, 2020 წლის თებერვლის, ივნისისა და ივლისის თვეებში შეძენილი აქვს როგორც ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების საწარმოებლად აუცილებელი მასალა (საქონელი), ასევე, ამ სამუშაოთა შპს ,,ნ----ა მ----ის“ მიერ შესრულებისთვის განსაზღვრული მომსახურება. შპს ,,მ---ი ბ----ნი’’ (დამკვეთი) მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებას ახდენდა ეტაპობრივად.
2. შპს ,,ნ---ა მ----ის’’ მიერ შპს ,,მ---ი ბ-----ვის’’ მიყიდული საქონლისა და გაწეული მომსახურების ღირებულება ჯამში შეადგენს 45 797.75 ლარს, საიდანაც, 23 849.6 ლარი წარმოადგენს მიყიდული საქონლის ღირებულებას, ხოლო, 21 948.15 ლარი - შპს ,,ნ----ა მ---ის’’ მიერ გასაწევი მომსახურების ღირებულებას. მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების სრული ღირებულებიდან - 45 797.75 შპს ,,მ----ი ბ----ის’' შპს ,,ნ---ა მ---ის'' ანაზღაურებული აქვს 37 786.45 ლარი.
3. 22.03.2021 წელს, შპს ,,ნ---ა მ---მ’’ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს ,,მ---ი ბ----ის’’ მიმართ გამარტივებული წარმოების დაწყების მიზნით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,მ----ი ბ----ის’' მიერ წარდგენილი პროტესტის გათვალისწინებით, შპს ,,ნ---ა მ--ის’ უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე. შპს ,,მ---ი ბ----ის’' მიმართ გამარტივებული წესით სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით შპს ,,ნ----ა მ----ის’’ მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილია სააპლიკაციო საფასური - 100 ლარი.
4. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,მ---ი ბ----ნს“ შპს ,,ნ----ა მ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8 011.30 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელის პოზიცია
5.1. მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ნ----ა მ----მ’’ შპს ,,მ---ი ბ---ნს’’ მიაწოდა ჯამში 45 797.75 ლარის ღირებულების საქონელი და მომსახურება. მოპასუხემ არსებული ფულადი ვალდებულება შეასრულა მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, გადასახდელი 45 797.75 ლარიდან, მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 37 786.45 ლარი. 2020 წლის 03 თებერვლიდან, მოპასუხეს აღარ გადაუხდია დავალიანება, რომლის ოდენობაც შეადგენს 8 011.30 ლარს.
5.2. 22.03.2021 წელს, შპს ,,ნ----ა მ----მ“ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რაზედაც გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით, თუმცა, უშედეგოდ. მოპასუხემ კანონით დადგენილ ათ დღიან ვადაში წარადგინა პროტესტი.
6. მოპასუხის შესაგებელი
შპს ,,ნ----ა მ----ის’’ სარჩელზე წარდგენილი მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით, მოპასუხე შპს ,,მ----ი ბ----მა“ სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მართალია, შპს ,,ნ---ა მ---იმ’’ მიაწოდა საქონელი, თუმცა, მას არ გაუწევია ხელშეკრულებით ნაკისრი სამშენებლო მომსახურება ჯეროვნად და სრულფასოვნად.
7. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
შპს ,,ნ----ა მ----ის’’ სარჩელზე წარდგენილი შეგებებული სარჩელით, შპს ,,მ---ი ბ----მა’’ მოითხოვა შპს ,,ნ---ა მ----ის“ მის სასარგებლოდ 13 936.85 ლარის გადახდის დაკისრება.
8. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიცია
8.1. შპს ,,მ----ი ბ----მა'' მოპასუხე შპს ,,ნ---ა მ---ის’’ ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე დაუკვეთა ჰიდროიზოლაციის სამუშაოების განხორციელება მის საკუთრებაში არსებული მშენებარე სასტუმროს მიწისქვეშა ფართში წყლის გაჟონვის შესაჩერებლად, რომელიც მდებარეობს, დაბა -----, 25 მეტრიანების მიმდებარედ. მხარეთა შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებლის მიერ მომსახურების სრულ ღირებულებად განისაზღვრა 45 797.75 ლარი. მან წინასწარ გადაიხადა 37 786.45 ლარი, რასაც, შპს ,,ნ----ა მ---სი’’ სადავოდ არ ხდის.
8.2. შპს ,,ნ----ა მ---ის’' მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურების გაწევა არ მომხდარა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. გაწეული მომსახურება ნაკლიანია - წყალი ისევ ჟონავს შენობაში, დანესტილია კედლები და იატაკი არის სველი. აღნიშნული დასტურდება ფაქტების კონსტატაციის ოქმითაც.
8.3. მომსახურების ღირებულების გამოსათვლელად წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მოხდა ხარჯების გამოცალკევება, რის შედეგადაც დგინდება, რომ 23 849.6 ლარი არის იმ მასალის ღირებულება, რომლის ფაქტობრივი მოწოდებაც მოხდა შპს
8.4. ,,ნ---ა მ----ან“, ხოლო, მომსახურეობისთვის გადასახდელი თანხა შეადგენდა 21948.1 ლარს. მას შპს ,,ნ----ა მ----ვის'' ჯამში უკვე გადახდილი აქვს 37 786.45 ლარი. აღნიშნული თანხიდან, 23 849.6 ლარი გადახდილია მომსახურების ღირებულების ანგარიშში. დარჩენილი 21 948.15 ლარიდან კი მის მიერ მომსახურებისთვის გადახდილია 13 936.85 ლარი, რომელიც შპს ,,ნ----ა მ----მა’’ უკან უნდა დააბრუნოს. თავისთავად, მას არ ევალება სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილი 8 011.30 ლარის გადახდა, შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიანი შესრულების გამო.
9. შეგებებული სარჩელით მოპასუხის შესაგებელი
შპს ,,მ-----ი ბ----ის’’ შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელით, მოპასუხე შპს ,,ნ----ა მ----მ’’ არ ცნო შეგებებული სარჩელი, და განმარტა, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით არსებული შეთანხმება არ გულისხმობდა მის მიერ იმ სამუშაოების შესრულებას, რაც შეაჩერებდა სარდაფში წყლის შედინებას. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, როგორც დამკვეთი, პერიოდულად უკვეთავდა მას გარკვეული მოცულობის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს, რაც მას ჯეროვნად აქვს შესრულებული. ლიფტის შახტაში კი შესრულებული სამუშაოების შემდეგ მოხდა დამკვეთის მხრიდან მექანიკური დაზიანება. მის მიერ შესრულებული ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად და აღნიშნული ადგილებიდან წყალი არ ჟონავს. აღნიშნულს ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ სამუშაოთა ნაკლის თაობაზე განაცხადა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შპს ,,ნ----ა მ-----მ’’ წარადგინა სარჩელი დარჩენილი ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, შპს ,,მ----ი ბ-----ნს’’ თანხა წინასწარ არ გადაუხდია. მის მიერ ეტაპობრივად ხდებოდა მიწოდებული მასალებისა და გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ნ----ა მ----ის’’ სარჩელი შპს ,,მ----ი ბ----ის’’ მიმართ დაკმაყოფილდა. შპს ,,მ----ი ბ---ნს’’ შპს ,,ნ----ა მ----ს’’ სასარგებლოდ დაეკისრა 8 011.30 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,მ---ი ბ---ის’’ შეგებებული სარჩელი შპს ,,ნ----ა მ----ის’’ მიმართ არ დაკმაყოფილდა.
11. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,მ----ი ბ----მა“, რომელმაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით შპს ,,მ----ი ბ---ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება.
12.2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის (შეგებებული სარჩელის ავტორის) მიერ სადავოდ გამხდარი გარემოება, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად, მის მიერ წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით არ დადასტურდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, საქმის მასალებში წარმოდგენილი პერიოდულად შედგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე, მოწმედ დაკითხული ა. კ-ის ჩვენებით დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მომსახურების გაწევის ნაწილში გულისხმობდა შპს ,,ნ----ა მ----ის'' მიერ შპს ,,მ---ი ბ-----ის'' მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ბორჯომის რაიონი, -- ----, 25 მეტრიანების მიმდებარედ (ს/კ ------) პერიოდულად დაკვეთილი ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესრულებას. მოწმემ, რომელის წარმოადგენს შპს ,,ნ----ა მ---ის’’ დასაქმებულს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოთა შესასრულებლად, მიუთითა, რომ შპს ,,ნ----ა მ----ი’’ სამუშაოებს ასრულებდა უძრავი ქონების კონკრეტულ უბნებზე, თუმცა, არსებული სისტემური პრობლემის გათვალისწინებით, ყოველ ჯერზე წყლის შემოდინება ხდებოდა თავიდან, ახალი წერტილიდან, რის გამოც ამ პრობლემის აღმოფხვრა სრულად ვერ ხდებოდა. რაც შეეხება შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმს ფაქტების კონსტატაციის შესახებ (ს.ფ. 154-159), რომლის თანახმად, უძრავ ქონებაში წყალი ისევ ჟონავს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულის საწინააღმდეგოდ, შპს ,,ნ----ა მ----ის'' მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. ------), რომლის თანახმად, ,,ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ---- ----, --- ---- ქუჩა --- --ში მდებარე მრავალბინიან კორპუსში, პირველ სართულზე (სარდაფში), ს/კ ---- საძირკვლის კედლებზე და კოლონებზე იმ ადგილებში, სადაც შპს ,,ნ---ა მ----ის'' მიერ მოწყობილია ჰიდროიზოლაცია, არ ხდება წყლის გაჟონვა. წყალი ჟონავს იმ ადგილებში, სადაც ჰიდროიზოლაცია მოწყობილი არ არის’’. ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მასში ასახული დასკვნა, აღნიშნულის საპირისპირო სხვა ჯეროვანი მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, ქმნის მისი გაზიარების საფუძველს.
12.3. საბოლოდ, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მომსახურების გაწევის ნაწილში გულისხმობდა შპს ,,ნ----ა მ---ის’’ მიერ შპს ,,მ---ი ბ----ვის'' მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ბორჯომის რაიონი, --- ---, 25 მეტრიანების მიმდებარედ (ს/კ -----) პერიოდულად დაკვეთილი ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესრულებას. შპს ,,ნ----ა მ---ის'' აღნიშნული ვალდებულება შესრულებული აქვს ჯეროვნად. ასევე დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მომსახურების გაწევის ნაწილში გულისხმობდა შპს ,,ნ----ა მ---ის'' მიერ შპს ,,მ---ი ბ----ვის'' მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ბორჯომის რაიონი, --- ----, 25 მეტრიანების მიმდებარედ (ს/კ ----) პერიოდულად დაკვეთილი ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესრულებას. დადგენილია ასევე, რომ შპს ,,ნ---ა მ---ის'' აღნიშნული ვალდებულება შესრულებული აქვს ჯეროვნად. შემსრულებლის მიერ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოუშობს მას დამკვეთის მიმართ ანაზღაურების გადახდაზე საპასუხო ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას.
12.4. სააპელაციო პალატის მითითებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ვერ შეძლო შეგებებულ სარჩელში დაყენებული მოთხოვნის ვერც ფაქტობრივი და ვერც სამართლებრივი დასაბუთება. პალატამ მიუთითა, იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს ,,ნ---ა მ----ის’’, როგორც შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იყო ჯეროვნად, გამორიცხავდა წარმოდგენილი შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობას და განაპირობებდა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი სარჩელისა და შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობა დამოკიდებულია იმ ფაქტზე, თუ რამდენად დასტურდება შემსრულებლის - შპს ,,ნ----ა მ----ის'' მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს ,,მ----ი ბ----ნი’’ სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასა და შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობას უკავშირებს სწორედ იმ ფაქტს, რომ შემსრულებლის (შპს ,,ნ---ა მ---სი’’) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა არაჯეროვნად - ნაკლიანად, რაც მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით დაასაბუთა, ხოლო მოპასუხემ (შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ) ვერც ძირითადი სარჩელის კვალიფიციური შედავება შეძლო და ვერც შეგებებული სარჩელით დაყენებული მოთხოვნის დასაბუთება.
12.5. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა მტკიცების ტვირთზე და მის საკანონმდებლო საფუძველზე - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. აღნიშნული მტკიცების ტვირთის დაძლევა შეძლო მხოლოდ მოსარჩელემ, შედეგად სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მომსახურების გაწევის ნაწილში გულისხმობდა შპს ,,ნ----ა მ---ის’’ მიერ შპს ,,მ----ი ბ----ვის'' მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ბორჯომის რაიონი, ---- -------, 25 მეტრიანების მიმდებარედ (ს/კ -----) პერიოდულად დაკვეთილი ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესრულებას. შპს ,,ნ---ა მ----ის'' აღნიშნული ვალდებულება შესრულებული აქვს ჯეროვნად.
12.6. სააპელაციო პალატამ საკუთარი პოზიცია დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლს, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.
12.7. საერთო ჯამში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ შეძლო აღნიშნულ ნორმასთან საკუთარი სარჩელისა და მოთხოვნის წარმატებული სუბსუმირება, ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, ხოლო მოპასუხემ (შეგებებული საჩელით მოსარჩელემ) ვერ შეძლო საკუთარი პოზიციისა და მოთხოვნის დასაბუთება შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შეუძლებლობის გამო, ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად მოხდა სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევა და შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. კასატორის მოთხოვნა
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13.2.კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომ თითქოს შპს ,,მ----ი ბ----მა“ შპს ,,ნ----ა მ---ს“ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პერიოდულად დაუკვეთა ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესრულება. კასატორის მითითებით, მიწოდება და შესრულება ხდებოდა პერიოდულად, შესაბამისად შეთანხმებული მომსახურება უნდა შესრულებულიყო მთლიანი სარდაფის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებზე და არა ნაწილ-ნაწილ. კასატორის მოსაზრებით, ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად და სრულყოფილად, შესრულება არის ნაკლიანი, რადგან არ აღმოიფხვრა ის პრობლემა, რის გამოც დამკვეთმა ხელშეკრულება დადო მოსარჩელესთან, შედეგად, წყალი ისევ ჟონავს შენობაში, არის ნესტი და სარდაფი არის სველი. კასატორი ყურადრებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ექსპერტი აღნიშნავს, რომ სამუშაოები არაა დასრულებული, რაც, კასატორის მოსაზრებით, მიანიშნებს მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად შესრულებულ ვალდებულებაზე.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
18. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
23. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას გულისხმობს (იხ. სუსგ № ას-1646-2019, 30.09.2020 წ).
24. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 6.07.2018 წ).
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის მიხედვით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 640-მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
26. სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
27. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, (ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.
29. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“. (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 200-, გვ.64). ამრიგად, ფაქტებზე თვითონ მხარეებმა უნდა მიუთითონ. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მხარეთა გამოკითხვისა და შეკითხვების მიცემის გზით ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების სრულად და ზუსტად განსაზღვრას.
30. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი კვლავ სადავოდ ხდის საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენის საკითხს, რაც, როგორც პირველი, ასევე სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ ჯეროვნად იქნა გამოკვლეული. კასატორის მთავარი შედავება მოიცავს სააპელაციო სასამართლოს განჩინების არა თუ სამართლებრივ კრიტიკას, არამედ კვლავ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების მიმართ არსებულ პრეტენზიებს. განმცხადებლის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არის მესამე ინსტანციის (საბოლოო ინსტანცია) სასამართლო, რომელიც ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა სისწორეს სამართლებრივი კუთხით. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, ამიტომ, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა საკასაციო სასამართლოში პრინციპულად დაუშვებელია. ერთადერთ გამონაკლისს ამ შემთხვევაში წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საპროცესო სამართლებრივი ნორმების ისეთი დარღვევა, რომლის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (იხ. სუსგ №ა-6389-ა-16-2021). მოცემულ შემთხვევაში, მართალია კასატორს არ წარმოუდგენია ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, თუმცა მის მიერ ქვედა ინსტანციის განჩინების არც მატერიალურსამართლებრივი და არც საპროცესოსამართლებრივი კრიტიკა განხორციელებულა, შესაბამისად, კასატორი ვერ ადასტურებს ვერც საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევის ფაქტს, რასაც შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყოლოდა.
31. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს და ასკვნის, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი პერიოდულად შედგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე, მოწმედ დაკითხული ა. კ-ის ჩვენებით დადგინდა, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მომსახურების გაწევის ნაწილში გულისხმობდა შპს ,,ნ---ა მ---ის'' მიერ შპს ,,მ----ი ბ----ვის'' მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ბორჯომის რაიონი, ---- ---, 25 მეტრიანების მიმდებარედ (ს/კ ----) პერიოდულად დაკვეთილი ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესრულებას. მოწმემ, რომელის წარმოადგენს შპს ,,ნ---ა მ---ის’’ დასაქმებულს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოთა შესასრულებლად, მიუთითა, რომ შპს ,,ნ---ა მ---ი’’ სამუშაოებს ასრულებდა უძრავი ქონების კონკრეტულ უბნებზე, თუმცა, არსებული სისტემური პრობლემის გათვალისწინებით ყოველ ჯერზე წყლის შემოდინება ხდებოდა თავიდან, ახალი წერტილიდან, რის გამოც ამ პრობლემის აღმოფხვრა სრულად ვერ ხდებოდა“.
32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება მტკიცების ტვირთზე, კერძოდ, ზეპირი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებაზე, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა გულისხმობდა შპს ,,ნ----ა მ---ის’’ მიერ მიწისქვეშა ფართში წყლის გაჟონვის შესაჩერებლად ჰიდროიზოლაციის სამუშაოების შესრულებას, ეკისრებოდა ამ ფაქტის მიმთითებელ მხარეს - შპს ,,მ----ი ბ----ს’’. აღნიშნული, მას რაიმე სახის მტკიცებულებით, გარდა თავად მხარისვე ახსნა-განმარტებისა, არ დასტურდებოდა. წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, რომლებიც შედგენილი იყო პერიოდულად, ასევე, სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული ა. კ-ის ჩვენების გათვალისწინებით კი, დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მომსახურების გაწევის ნაწილში გულისხმობდა შპს ,,ნ---ა მ----ს’’ მიერ შპს ,,მ----ი ბ---ვის'' მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ბორჯომის რაიონი, --- ---, 25 მეტრიანების მიმდებარედ, პერიოდულად დაკვეთილი ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესრულებას. მოწმემ, რომელიც წარმოადგენდა შპს ,,ნ----ა მ---ის’’ დასაქმებულს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოთა შესასრულებლად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ შპს ,,ნ--ა მ--ი’’ სამუშაოებს ასრულებდა უძრავი ქონების კონკრეტულ უბნებზე, თუმცა, არსებული სისტემური პრობლემის გათვალისწინებით, ყოველ ჯერზე წყლის შემოდინება ხდებოდა თავიდან, ახალი წერტილიდან, რის გამოც ამ პრობლემის აღმოფხვრა სრულად ვერ ხდებოდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, შპს ,,ნ----ა მ---ი’’-ს მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნაში (ს.ფ. ---), მითითებული იყო, რომ: ,,ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ---- ----, --- ---- ქუჩა N--- --ში მდებარე მრავალბინიან კორპუსში, პირველ სართულზე (სარდაფში), ს/კ ---- საძირკვლის კედლებზე და კოლონებზე იმ ადგილებში, სადაც შპს ,,ნ---ა მ----ს’’ მიერ მოწყობილია ჰიდროიზოლაცია, არ ხდება წყლის გაჟონვა. წყალი ჟონავს იმ ადგილებში, სადაც ჰიდროიზოლაცია მოწყობილი არ არის’’. შესაბამისად, მოცემული ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, მასში ასახული დასკვნა, აღნიშნულის საპირისპირო სხვა ჯეროვანი მტკიცებულების არ არსებობის პირობებში ქმნიდა მისი გაზიარების საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო ყველა ის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
33. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მითითებული პრეტენზიები ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნულ საკითხებზე როგორც პირველ, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოებს ჰქონდათ შესაბამისი დასაბუთებული პასუხი.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი გარემოებანი, როდესაც ჩათვალა, რომ მოსარჩელე მხარემ დაძლია მისი მტკიცების ტვირთი და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა დაასაბუთა, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
36. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
47. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაბამისად, რადგან აღნიშნული განჩინებით დადგა არსებითი სამართლებრივი შედეგი და გადაწყდა საკასაციო საჩივრის ბედი - საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კასატორს უნდა დაევალოს სახელმწიფო ბაჟის სახით 444 ლარის 30%-ის - 133,2 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ----ი ბ----ის“ (----) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „მ----ი ბ----ნს“ (----) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 444 ლარის 70% - 310.8 ლარი შემდეგ ანგარიშზე (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ------.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
ვ. კაკაბაძე