საქმე №ა-3679-შ-103-2022 01 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე. ს-ლი
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ა-ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – ესპანეთის, მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №--- სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №---- გადაწყვეტილება
დავის საგანი – არასრულწლოვან შვილებზე მეურვეობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ესპანეთის, მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №---- სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №---- გადაწყვეტილებით ე. ს-ლი (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) და ბ. ა-ძე (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) განქორწინდნენ; ქორწინებიდან მცირეწლოვანი ქალიშვილები - 20-- წლის 15 მაისს დაბადებული ა. ა. ა-ძე, 20-- წლის 12 ივლისს დაბადებული ა. ა-ძე და 2017 წლის 12 ივლისს დაბადებული ა. ა-ძე დარჩნენ დედის მეურვეობაში და იცხოვრებენ მასთან, ე. ს-ლს ევალება განახორციელოს დედის კუთვნილი უფლებამოსილებანი; მოწინააღმდეგე მხარეს არასრულწლოვანი ქალიშვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ევროს (თითოეულ ბავშვზე 100 ევროს) ოდენობით.
2. ე. ს-ის წარმომადგენელმა ვ. შ-მა 2022 წლის 11 ივლისს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ესპანეთის, მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №--- სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №--- გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არასრულწლოვან შვილებზე მეურვეობის დადგენის ნაწილში. მისი განმარტებით, მათ სურთ არასრულწლოვანი ბავშვებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და, შესაბამისად, ქართული პასპორტების აღება.
3. შუამდგომლობაზე დართული ესპანეთის, მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №--- სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №--- გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. იმავე გადაწყვეტილებიდან ასევე დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე და იგი გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
4. სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის ავტორის პასპორტით დასტურდება, რომ იგი (არასრულწლოვნების დედა) საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა ესპანეთის, მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №---- სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №---- გადაწყვეტილების მეურვეობის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა განსახილველად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე – ზუგდიდი, ------ ---- ---, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა.
7. მოწინააღმდეგე მხარეს ზემოაღნიშნული განჩინების, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა განმეორებით იგივე მისამართზე - ზუგდიდი, ---- ----, ---- ---. ადრესატის დამ გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლიდან გამომდინარე (თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა (მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი), გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე; უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე), უწყება მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.
8. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ესპანეთის, მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №---სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №---- გადაწყვეტილების მეურვეობის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
12. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობის ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები ჩამოთვლილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლი პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და, შესაბამისად, ესპანეთის, მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №--- სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №--- გადაწყვეტილება მეურვეობის ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ელგა სოტიშვილის შუამდგომლობა ესპანეთის, მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №-- სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №--- გადაწყვეტილების მეურვეობის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ესპანეთის, მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №--- სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №--- გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქორწინებიდან მცირეწლოვანი ქალიშვილები ა. ა. ა-ძე, ა. ა-ძე და ა. ა-ძე, დაბადებულნი მადრიდში, შესაბამისად, 20-- წლის 15 მაისს, 20-- წლის 12 ივლისს და 20-- წლის 12 ივლისს, დარჩებიან დედის მეურვეობაში და იცხოვრებენ მასთან, ქალბატონ ე. ს-ლს ევალება განახორციელოს დედის კუთვნილი უფლებამოსილებანი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი