Facebook Twitter

საქმე №ას-1391-2022 30 ნოემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

გიორგი მიქაუტაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ. ვ-ლი, ლ. ქ-ლი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „------- ბანკი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „------ ბანკმა“ (შემდგომ – მოსარჩელე, ბანკი, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ვ-სა (შემდგომ - პირველი მოპასუხე) და ლ. ქ-ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე, ასევე ერთობლივად მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა.

სარჩელის საფუძვლები:

2. ბანკის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება მის საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა მოპასუხეები ქონებას უკანონოდ ფლობენ და მოსარჩელე ვერ ახერხებს საკუთარი ქონების განკარგვას, რის გამოც იძულებულია, დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ვლინდებოდა სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქალაქ თბილისში, ----- ქუჩა №---ში მდებარე 60.62 კვ.მ სარდაფის (ს/კ №-----) გამოთხოვა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა; დადგინდა მეორე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქალაქ თბილისში, ---- №---ში, ბინა №---ის (ს/კ №-----), ბინა №---ის (ს/კ №-----) ბინა №---ის (ს/კ №---- სიღნაღში, სოფელ --- ---ე ქუჩაზე №---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ№----) გამოთხოვა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება ბანკის საკუთრებაა, რომელსაც მოპასუხეები მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.

8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-ე და 172.1 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ აპელანტები ვალდებული არიან, მესაკუთრეს კუთვნილი ქონება დაუბრუნონ.

9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მსჯელობა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელი განუხილველად უნდა დაეტოვებინა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხეებისთვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაუბარებლობის ფაქტი, 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით გააუქმა 2021 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განაახლა. იმავე განჩინებით სასამართლომ მოპასუხეებს შესაგებლის წარსადგენად 10 დღის ვადა განუსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეებმა სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინეს, რომლითაც სარჩელში მითითებულ გარემოებებს არ დაეთანხმნენ. ამრიგად, აპელანტები პრეტენზიას აცხადებენ არა, ზოგადად, სარჩელის ჩაუბარებლობაზე, არამედ მოსარჩელის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 184-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაუბარებლობაზე.

10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეებისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებასთან მიმართებით მოსარჩელის მიერ დაშვებული შეცდომა სასამართლომ გაასწორა, კერძოდ, თავისი 2021 წლის 22 ივლისის გაჩინებით შესაგებლის წარუდგენლობის საფუძვლით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გააუქმა და იმავე განჩინებით მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად ვადა ხელახლა განუსაზღვრა, გზავნილის ჩაბარებასთან მიმართებით მოსარჩელე მხარის მიერ დაშვებული ხარვეზი, რაც, როგორც აღინიშნა, სასამართლოს მხრიდან გასწორდა, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტურობის პრინციპების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა მოპასუხეებისთვის სარჩელის ჩაბარების და შესაგებლის ვადის ხელახლა განსაზღვრის ალტერნატიული გზა. მართალია, საქმეში წარმოდგენილი არ არის მოპასუხეებისთვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერილი, თუმცა საგულისხმოა, რომ თავად აპელანტები სარჩელის ჩაუბარებლობაზე არ დავობენ. სააპელაციო საჩივრის არგუმენტს, მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის სარჩელის ორ თვიან ვადაში ჩაუბარებლობა წარმოადგენს. ამ მიმართებით საგულისხმო იყო ისიც, რომ მოპასუხეებმა სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შესაგებლის წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადაში წარადგინეს.

11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

13. კასატორთა მტკიცებით, სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად არ ჩაბარებიათ სსსკ-ის 184-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმეში არ არსებობს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოპასუხეთათვის სარჩელის ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი. შესაბამისად, მას შემდეგ რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა თავისივე დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს მოპასუხეებისთვის დადგენილი წესით სარჩელი არ ჩაუბარებია, სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის საფუძველზე, სარჩელი განუხილველად უნდა დაეტოვებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასებავ - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

20. მოსარჩელე მესაკუთრეა იმ უძრავი ნივთის, რომელსაც ფლობს მოპასუხე, თუმცა მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.

21. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.

22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინაღმდეგ" განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

23. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

24. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

26. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

27. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

28. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

29. საკასაციო პალატის აზრით, ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთის ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ იგი დაამტკიცებდა ქონების მართლზომიერად ფლობას.

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნეოდა. შესაბამისად, კასატორთა მიერ მითითებული საკასაციო პრეტენზიები, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას - მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლების ფაქტს გააქარწყლებდა.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორებს სათანადო წესით არ უარყვიათ. მათი საკასაციო პრეტენზია, მხოლოდ პროცესუალურ დარღვევას უკავშირდება, კერძოდ, მათი მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს ბანკის სარჩელი განუხილველად უნდა დაეტოვებინა, რამდენადაც მოპასუხეებს შესაგებელი სსსკ-ის 184.3 მუხლით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ და ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

32. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ ბანკის სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად. მოპასუხეებს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრათ 10 დღის ვადა. 2021 წლის 18 აპრილს მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა მოპასუხეებზე სარჩელისა და თანდართული მასალების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დგინდებოდა, რომ გზავნილი მოპასუხეებს ჩაბარდათ. მოპასუხეებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენიათ, მათ არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2021 წლის 24 მაისს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, რომლითაც სარჩელი მოპასუხეების მიმართ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2021 წლის 24 მაისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმისწარმოება განახლდა. მოპასუხეებს განესაზღვრათ წერილობითი შესაგებელის წარმოსადგენად საპროცესო ვადა 10 (ათი) დღე განჩინების გამოცხადებიდან. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს არ ჩაბარებიათ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები კანონით დადგენილი წესით, რის გამოც მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას შემოეტანათ შესაგებელი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში.

33. კასატორები, საკასაციო საჩივრით ფაქტობრივად ზემოხსენებულ განჩინებას ასაჩივრებენ და მიიჩნევენ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ პირველი ინსტანციის სასამათლოს სარჩელი განუხილველად უნდა დაეტოვებინა. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა ხსენებულ პრეტენზიებს და, პირველ რიგში, განმარტავს, რომ საპროცესო წესების დანიშნულება საქმის სამართლიანი განხილვის უზრუნველყოფაა და სასამართლომ საპროცესო ნორმები იმგვარად უნდა განმარტოს, რომ თავიდან იქნას აცილებული მოდავე სუბიექტთაგან ერთ-ერთის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება. ხსენებული პრინციპის უზრუნველსაყოფადაა საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა, კერძოდ, გადაწყვეტილების გაუქმებას საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევა მხოლოდ მაშინ დაედება საფუძვლად, თუკი ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

34. რაც შეეხება მოპასუხეთათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 184.3 მუხლით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის დაუცველობაც სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი შეიძლება გახდეს, თუმცა, ამ საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებისათვის, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ნორმის მიზანი. სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის ჩაბარება და ამის თაობაზე სასამართლოს ინფორმირების ვალდებულება ემსახურება მოპასუხის გარანტირებული უფლების - სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებათა განკარგვის რეალიზებას. იმ შემთხვევაში, თუკი საქმის მასალებით დადგინდება, რომ მოპასუხეს ჯეროვნად ეცნობა მის წინააღმდეგ მიმდინარე დავის თაობაზე და შესაძლებლობა მიეცა, წარადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის გამაქარწყლებელი არგუმენტები ან უარი განაცხადოს საპროცესო თავდაცვაზე, ნორმის მიზანი მიღწეულია, შესაბამისად, ამ საფუძვლით სარჩელის განხილვაზე უარი გაუმართლებელი იქნება. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სასამართლომ მოპასუხეებს დაუნიშნა გონივრული ვადა შესაგებლის წარმოსადგენად, მოპასუხეებმა სარჩელის წინააღმდეგ წარადგინეს შეპასუხება, შესაბამისად, მათი საპროცესო უფლებები არ დარღვეულა, რაც გამორიცხავს მათი არგუმენტის გაზიარების შესაძლებლობას, რომ სასამართლოს სარჩელი განუხილველად უნდა დაეტოვებინა.

35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

38. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება).

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს დაუბრუნდებათ 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ვ-სა და ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. მ. ვ-ლს (პ/ნ -----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. ა-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადასახადო დავალება №----, გადახდის თარიღი 31.10.2022), 70% - 105 ლარი;

3. ლ. ქ-ლს (პ/ნ ----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. ა-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადასახადო დავალება №-----, გადახდის თარიღი 31.10.2022), 70% - 105 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

ვლადიმერ კაკაბაძე