საქმე №ას-264-2022 06 დეკემბერი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ზ. ზ-ძე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ლი (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 დეკმებრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, ზ. ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე იბა ,,------ წ-----ის კ----ის’’ წევრებს: მ. ხ-სა და მ. მ-ლს მოსარჩელე ზ. ზ-ის სასარგებლოდ სოლიდურად დაეკისრათ 60 350 აშშ დოლარის გადახდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება თანხის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2021 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ზ. ზ-ემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი. ზ. ზ-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში ხარვეზის შევსება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით, ზ. ზ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 05 დღეში სახელმწიფო ბაჟის სახით 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტის, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დაზუსტებული და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
13. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 8 აპრილს საქართველოს ფოსტის მეშვეობით, შესაბამისად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ხუთ დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 09 აპრილს და ამოიწურა 2022 წლის 13 აპრილს. აღნიშნული დროის პერიოდში კასატორის მიერ არ მომხდარა ხარვეზის შევსება და არც შესაბამისი სახის შუამდგომლობის წარმოდგენა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
14. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმეზე №ას------ ზ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე