Facebook Twitter

საქმე №ას-1209-2022 28 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტი (განმცხადებელი)

მოვალე - შპს „ო-----ა მ----რ ჯ---ი“

მეურვე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – განჩინების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით შპს „ო---ა მ---რ ჯ---ის“ (შემდგომში - „მოვალე“) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და იმავე სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მოვალის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საინკასო დავალების შედეგად 2021 წლის 28 აპრილს ჩამოჭრილი 97 097,16 ლარის უკან დაბრუნება გადამხდელის პირად ბარათზე.

2. სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტმა (შემდგომში - „კერძო საჩივრის ავტორი“ ან „განმცხადებელი“) 2022 წლის 07 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განჩინების განმარტება.

3. განმცხადებლის მითითებით, საჭიროა იმის სათანადო განმარტება, თუ რას გულისხმობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინება - გადამხდელისათვის თანხის საბანკო ანგარიშზე დაბრუნებას, თუ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016წ. №13446 ბრძანების მიხედვით, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას, ვინაიდან 2021 წლის 28 აპრილისათვის არსებული მიმდინარე დავალიანება დაიფარა საბანკო ანგარიშზე არსებული თანხითა და გპაბ-ზე არსებული ზედმეტობით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, მოიხმო „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ 18.05.2016წ. №13446 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი და განმარტა, რომ მოვალე კერძო საჩივრით ითხოვდა სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის 2021 წლის 28 აპრილს საინკასო დავალების შედეგად ჩამოჭრილი თანხების (97097,16 ლარი) გადამხდელის პირად ბარათზე უკან დაბრუნების დავალებას, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა. სასამართლო ვერ გასცდებოდა საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს და არც გასცდენია.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმავე სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განჩინება არ არის ბუნდოვანი. განჩინებაში ნათლად არის მითითებული, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს თანხის უკან დაბრუნება გადამხდელის პირად ბარათზე დაევალა, რაც „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ №13446 ბრძანების მიხედვით, მოიაზრებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათს.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე განმცხადებელმა წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის 2022 წლის 16 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების დავალება მოითხოვა.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოვალის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა შემოსავლების სამსახურისათვის საინკასო დავალების შედეგად 2021 წლის 28 აპრილს ჩამოჭრილი 97 097,16 ლარის მოვალე კომპანიის ანგარიშზე დაბრუნების დავალების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილი არ პასუხობს საჩივრის ავტორის მოთხოვნას, ვინაიდან სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილში ჩაწერა, რომ ინკასოთი ჩამოჭრილი თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს არა მოვალე კომპანიის ანგარიშზე, არამედ გადამხდელის პირად ბარათზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც არ აზუსტებს უნდა მოხდეს თანხის დაბრუნება გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე თუ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016წ. №13446-ის ბრძანების თანახმად, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. ეს ორი ცნება ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც შინაარსობრივად, ისე ტექნიკურად.

9. კერძო საჩივრის ავტორი ასევე განმარტავს, რომ თუ სასამართლო გულისხმობს გადამხდელის პირად ბარათზე თანხის დაბრუნებას, აღნიშნული ოპერაცია უკვე განხორციელებულია და საინკასო დავალებით ჩამოჭრილი თანხები ასახულია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. საინკასო დავალებით თანხის ჩამოჭრა ხდება მოვალე კომპანიის საბანკო დაწესებულებაში არსებული ანგარიშიდან, ხოლო გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი არის შემოსავლების სამსახურში არსებული გადამხდელის ბარათი, სადაც კეთდება ჩანაწერი და ასახულია ყველა ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ, მათ შორის, მიმდინარე დავალიანების, გადავადებული დავალიანებისა და ზედმეტობის არსებობის შესახებ. როდესაც კომპანიას გააჩნია ზედმეტობა და წარმოეშობა მიმდინარე დავალიანება, ამ შემთხვევაში ზედმეტობა მიმდინარე დავალიანებას გადაფარავს. მოცემულ შემთხვევაში მოვალეს გადაახდისუუნარობის საქმის გახსნის შემდგომ წარმოეშვა დავალიანება, რაზედაც მოხდა ნაწილი თანხის არსებული ზედმეტობით გადაფარვა (გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა) ნაწილი თანხის კი საინკასო დავალებით ჩამოჭრა, რაც მოვალე კომპანიის საბანკო ანგარიშიდან არსებული თანხის ჩამოჭრას გულისხმობს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია განმცხადებლისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

15. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისაკენ და უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და განსამარტი გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობდა.

16. სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მთლიანად ან რომელიმე კონკრეტული დებულების სადავოდ გახდის საპროცესო მექანიზმს. დაუშვებელია, მხარემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდოს ამა თუ იმ საკითხის არასწორად გადაწყვეტა, კანონის არასწორად გამოყენება, განმარტება ან ისეთი გარემოება, რომელმაც შეიძლება რაიმე სახით არსებითად შეცვალოს განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობა. ამგვარი განცხადება უნდა დაემყაროს მხოლოდ კონკრეტული დებულების ბუნდოვანებას, ორაზროვნებას. განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.

17. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით მოვალის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საინკასო დავალების შედეგად 2021 წლის 28 აპრილს ჩამოჭრილი 97 097,16 ლარის უკან დაბრუნება გადამხდელის პირად ბარათზე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ პასუხობს მოვალის მოთხოვნას, ვინაიდან მასში მითითებულია, რომ ინკასოთი ჩამოჭრილი თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს არა მოვალე კომპანიის ანგარიშზე, არამედ გადამხდელის პირად ბარათზე, რაც შინაარსობრივად სხვადასხვა ცნებებია. ამასთან, განჩინების აღსრულება შეუძლებელია, ვინაიდან მასში არ არის დაზუსტებული უნდა მოხდეს თანხის გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე დაბრუნება, თუ მისი გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება მხოლოდ მისი ბუნდოვანების შემთხვევაში, სარეზოლუციო ნაწილის შედეგისა და შინაარსის შეუცვლელად არის შესაძლებელი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, განმცხადებელი/კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს იმ საფუძვლით, რომ მოვალე თანხის დაბრუნებას ითხოვდა მის ანგარიშზე და არა გადამხდელის პირად ბარათზე, რაც დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების მართებულობას და მოვალის მოთხოვნასთან შესაბამისობას.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ნათლად და არაორაზროვნად არის მითითებული, რომ თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს გადამხდელის პირად ბარათზე, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ აღნიშნული განჩინებით არ არის დაზუსტებული თუ სად უნდა მოხდეს თანხის დაბრუნება.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს და სახეზე არ არის მისი განმარტების წინაპირობები. შესაბამისად, იმავე სასამართლოს 2022 წლის 26 ივლისის განჩინება სწორია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი