Facebook Twitter

29 სექტემბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-339-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს ,,მ---ო ი----ტ ბ---ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ა----ფ უ---ნ ს---ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ა---ფ უ---ნ ს---ი“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე) თურქეთის რესპუბლიკაში დაფუძნებული კომპანიაა.

2. სს „მ----ო ი---ტ ბ----მი“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, საწარმო, უფლებამონაცვლე საწარმო) შპს „ს---ო ი---ტ პ--ის“ (შემდეგში - წინამორბედი საწარმო ან შემკვეთი) უფლებამონაცვლეა.

3. 2014 წლიდან, მოსარჩელესა და წინამორბედ საწარმოს შორის საქმიანი ურთიერთობა არსებობდა, რომლის ფარგლებშიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ წინამორბედ საწარმოს საქონელი მიაწოდა და ჯამურად 857 642.9 აშშ დოლარის მომსახურება გაუწია, კერძოდ, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული სასტუმროს საჭიროებისათვის სხვადასხვა დასახელების პროდუქცია მიაწოდა და სასტუმროს შენობა-ნაგებობაში სარემონტო-სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებიც შეასრულა, საიდანაც მოპასუხემ მოსარჩელეს მხოლოდ 170 000 აშშ დოლარი აუნაზღაურა.

4. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების აუნაზღაურებელი ღირებულება 687 643 აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის: სასტუმროს ოთახების, დერეფნების, საჯარო ტუალეტების, ხის ავეჯის მოწყობა-მონტაჟის, მიწოდებული მასალებისა და გაწეული შრომის ღირებულება - 435 207.95 ლარი და სასტუმროს ყველა ლუქსის, საპრეზიდენტო და პრემიერის აპარტამენტების ხის ავეჯის მონტაჟისა და შრომის ღირებულება - 252 435.05 აშშ დოლარი.

5. 2014 წლის 6 ოქტომბერს, მხარეებმა ორმხრივად ხელმოწერილი და დადასტურებული დავალიანების ამსახველი დოკუმენტი შეადგინეს, რომლის თანახმად, 2014 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით, წინამორბედმა საწარმომ მენარდის მიმართ 687 643 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობის ფაქტი დაადასტურა.

6. 2016 წელს, მენარდემ საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა შპს „ა----ის ა/რ ს---ო ს---ო პ--ან არსებულ ს---ო ა---ჟს“, მოპასუხის, როგორც წინამორბედი საწარმოს უფლებამონაცვლის მიმართ და მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების ღირებულების - 687 643 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.

7. შპს „ა---ის ა/რ ს---ო-სა---ლო პ---ან ა---ლი ს---ო ა---ის“ გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მიწოდებული საქონლის ღირებულების - 438 546.80 აშშ დოლარი ანაზღაურება დაეკისრა;

გაწეული მომსახურების ღირებულების - 252 435.05 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე დარჩა განუხილველად, ვინაიდან მომსახურებასთან დაკავშირებით დავის გადაწყვეტის წესზე მხარეთა შორის საარბიტრაჟო დათქმა არ არსებობდა.

8. არბიტრაჟის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

9. უფლებამონაცვლე საწარმოს წინააღმდეგ მენარდემ სასამართლოში სარჩელი აღძრა და ამ უკანასკნელისათვის მის სასარგებლოდ 252 435.05 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ 252 435.05 აშშ დოლარის მომსახურების გაწევის ფაქტი, მოსარჩელემ დაადასტურა;

მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად კი, მისივე ახსნა-განმარტების გარდა, რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:

- მენარდის მიერ სადავო სამუშაოების შესრულების ფაქტზე მხოლოდ ერთ დოკუმენტშია საუბარი, რომელიც 2017 წლის 28 სექტემბერს ქ.სტამბულშია შედგენილი. 2014 წლის 6 ოქტომბრის ორმხრივად ხელმოწერილი აქტი, 2014 წლის 6 ივნისისა და 2014 წლის 22 სექტემბრის მიღება-ჩაბარების წინასწარი აქტები, სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რადგან არც ერთ ამ დოკუმენტში არაა გამოხატული ნება, დავალიანების ზოგადად ან კონკრეტულ ვადაში დაფარვის თაობაზე.

- სსკ-ის 341-ე მუხლში მითითებული ვალის აღიარება, ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისგან იმით განსხვავდება, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და, არა - სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გამოხატული ნების გამოვლენა. ამდენად, ასეთი ხელშეკრულება, გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს.

ნებისმიერი დოკუმენტი ან მხარეთა ურთიერთმიმოწერა, სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, თუ არ ირკვევა, რომ მხარეები ყველა არსებით პირობაზე (ვალის დაფარვის წესი, ვადა და ა.შ.) შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების ვალის აღიარებად შეფასება ინდივიდუალურია და ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა გამომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის აღიარების ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და მისი შესრულების ვალდებულებას უნდა კისრულობდეს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერად დაკმაყოფილდა მენარდის (კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის, 252 435.05 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე. ეს მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 629.1 მუხლიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) გამომდინარეობს.

კანონის დასახელებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადია იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებდა, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. ამავდროულად, „ვალდებულების შესრულება“ გულისხმობს მის შესრულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 361.2 მუხლი).

17. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები).

შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება.

საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი).

ამდენად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შედიოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხესთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მენარდემ 252 435.05 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურება რეალურად გასწია.

18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, მისი მტკიცების ტვირთი წარმატებით დაძლია. ამას ადასტურებს, საქმეზე მის მიერ წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, კერძოდ, სარემონტო, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი ცხრილები, ნახაზები, სქემები, ინვოისები, საბაჟო დოკუმენტები, მოწმეთა ჩვენებები, მხარეთა მიერ ხელმოწერილი და შემკვეთის მიერ დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგო დამაჯერებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია. ამასთან, ამ მტკიცებულებებმა სააპელაციო სასამართლოს სწორად შეუქმნა საფუძველი დასკვნისათვის, რომ სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება 252 435.05 აშშ დოლარს შეადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემომითითებული გარემოების გაქარწყლება მოპასუხემ ვერც საკასაციო საჩივრის შინაარსით შეძლო და პალატას მიაჩნია, რომ მენარდის მოთხოვნა გაწეული მომსახურების ღირებულების სრული მოცულობით ანაზღაურების შესახებ დასაბუთებულია.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

20. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,მ---ო ი----ტ ბ---ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს ,,მ---ო ი---ტ ბ----ს“ (ს/კ -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება № ----, გადახდის თარიღი - 22.04.2021) 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი -----;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე