საქმე №ას-1377-2022 6 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. ქ-რი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის საფასურის გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. დ. მ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ქ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 10 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლება გააჩნია ქ.თბილისში, ---- №--ში ----- ნაკვეთზე მდებარე №--- ბინაზე, საკადასტრო კოდი №-----. 2021 წლის 10 ივნისს, მითითებული ქონების გასხვისების მიზნით, მან გასცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის №--- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დადასტურებული მინდობილობა მოპასუხის სახელზე, რომლითაც მიანიჭა მარწმუნებლის სახელზე არსებული უძრავი ნივთის, საკუთარი შეხედულებისამებრ, განკარგვისა და საჯარო რეესტრში რწმუნებულის სახელზე დარეგისტრირების, გაყიდვის, გაჩუქების ან რაიმე ვალდებულებით მესამე პირების სასარგებლოდ დატვირთვის უფლებამოსილება. რწმუნებულს შეეძლო მარწმუნებლის სახელით ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელის მოწერა და ნებისმიერი მოქმედების შესრულება, რაც დაკავშირებული იქნებოდა ამ დავალებების შესრულებასთან.
3. 2021 წლის 18 ივნისს გამყიდველის - მოსარჩელის სახელით წარმომადგენელმა – მოპასუხემ საკუთარ თავთან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადაეცა მყიდველს. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10 000 ლარით. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასური სრულად დაიფარა. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველი – მოპასუხე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შეძენილი უძრავი ქონების მესაკუთრედ, თუმცა ნასყიდობის საფასური მყიდველისაგან მოსარჩელეს არ მიუღია.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2019 წლის 26 იანვრის მინდობილობის საფუძველზე მოსარჩელე იყო ნ. დ-ის – მოპასუხის ყოფილი მეუღლის რწმუნებული. ამ უკანასკნელის კუთვნილი უძრავი ქონება გავიდა აუქციონზე, მის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილების მიზნით. თანხის გადახდა მოხდა მესამე პირის მიერ. მოსარჩელემ მინდობილობით მიანიჭა მისი კუთვნილი ქონების მოპასუხის სახელზე რეგისტრაციის უფლებამოსილება. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ საფასური გადახდილია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
6. ამავე სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში გასწორდა ტექნიკური უსწორობა და საქმის ნომრად, …..-21-ის ნაცვლად, მიეთითა №…….
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენას.
9. ამავე კოდექსის 369-ე მუხლისა და 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს არ შეუსრულებია კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად საქალაქო სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება, კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2022 წლის 22 ივნისის სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა, რომელსაც ესწრებოდა როგორც მოპასუხე, ასევე მისი წარმომადგენელი (იხ. ს.ფ. 130).
10. საქმეში არსებული მასალებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით 2022 წლის 4 ივლისს, ვადაზე ადრე, მე-12 დღეს მიმართა. საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამით დგინდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება პროგრამაში აიტვირთა (მომზადდა) 2022 წლის 19 ივლისს (გამოცხადებიდან 27-ე დღეს). დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში მომზადების ფაქტი დასტურდება ასევე იმ გარემოებითაც, რომ მოსარჩელეს გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2022 წლის 22 ივლისს, ანუ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარის მიმართვა არ ათავისუფლებს მას, მე-20-30-ე დღეებში სასამართლოში გამოცხადებისა და გადაწყვეტილების მოთხოვნის ვალდებულებისაგან. კანონის აღნიშნულ დანაწესზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ მხარეს მოთხოვნიდან მე-12 დღეს გადაწყვეტილება არ ჩაბარდა. კანონით განსაზღვრულია რა მხარის სასამართლოში გამოცხადების გზით გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულება, ივარაუდება, რომ სასამართლოს ამ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად მზად აქვს და ამისათვის სასამართლოს მხრიდან მხარისათვის დამატებით ინფორმაციის მიწოდების საჭიროება არ არსებობს. პალატამ აქვე განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრო ან ასეთი გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი, სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დაფიქსირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი, სასამართლო მოვალეა, შესაბამისი მოხელის სახით, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე. ამ მომენტიდან მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ შემთხვევებში მხარის უფლებების დაცვას.
12. ამდენად, ვინაიდან, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონმდებელმა მხარეებს დააკისრა ვალდებულება, კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდნენ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, აპელანტი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ, არაუადრეს 20 (12 ივლისი) და არა უგვიანეს 30 დღისა (22 ივლისი), გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და ჩაებარებინათ გადაწყვეტილების ასლი. დადგენილია, რომ არც მხარე ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოსარჩელისათვის დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის (2022 წლის 22 ივლისის) მომდევნო დღიდან - 2022 წლის 23 ივლისიდან და გასაჩივრების 14-დღიანი ვადა 2022 წლის 5 აგვისტოს ამოიწურა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2022 წლის 10 აგვისტოს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.
13. სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაზე შეტანილია კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
15. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა კანონით დადგენილ ვადაში. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში 2022 წლის 9 აგვისტოს აიტვირთა №---- განჩინება უსწორობის გასწორების თაობაზე, რაც მიუთითებს, რომ სასამართლომ არსებითად 2022 წლის 19 ივლისს სხვა გადაწყვეტილება ატვირთა. უსწორობის გასწორებით სასამართლომ დაადასტურა განსხვავება მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის. შესაბამისად, აპელანტს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომის გამო, გასაჩივრების საპროცესო ვადა დარღვეულად არ უნდა ჩაეთვალოს.
16. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა გაშვებულიც რომ ჰქონოდა, უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების მიღებით მას 14-დღიანი გასაჩივრების ვადა ხელახლა წარმოეშვა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა აღნიშნულ ვადაში. სააპელაციო პალატამ მითითებული გარემოება არ შეაფასა და დაარღვია ევროკონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
19. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
20. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
21. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად, „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“ (იხ სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
22. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
23. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ მოპასუხესა და მის წარმომადგენელს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და ისინი ესწრებოდნენ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ს.ფ 130).
24. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად მიმართა მისი გამოცხადებიდან მე-12 დღეს, რაც სსსკ-ის 2591 მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების წესის დაცვად ვერ შეფასდება.
25. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების და, მით უფრო, სარეზოლუციო ნაწილის ჩასაბარებლად მხარის მიმართვა არ ათავისუფლებს მას მე-20-30-ე დღეებში სასამართლოში გამოცხადებისა და გადაწყვეტილების მოთხოვნის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1357-2020, 3 თებერვალი, 2021 წელი).
26. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 (12 ივლისი) და არა უგვიანეს 30-ე დღისა (22 ივლისი) დღისა საქალაქო სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებია.
27. ამდენად, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის (2022 წლის 22 ივლისის) მომდევნო დღიდან - 2022 წლის 23 ივლისიდან მართებულად აითვალა. აღნიშნული საპროცესო ვადა 2022 წლის 5 აგვისტოს ამოიწურა. მოპასუხემ კი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2022 წლის 10 აგვისტოს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა.
28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ განსახილველ საქმეში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა ხელახლა დაიწყო საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 25 ივლისს მიღებული უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან.
29. აღნიშნული მოსაზრება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 260-ე მუხლი, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. შესაბამისად, კანონმდებელმა დამოუკიდებლად განსაზღვრა იმ განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა, რომლითაც სასამართლო გადაწყვეტილებაში უსწორობა უნდა გასწორდეს. აღნიშნული ვადა არსებით გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანასთან არანაირ კავშირში არ არის და სსსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილი 14 დღის ხელახლა ათვლას ვერ გამოიწვევს.
30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე