საქმე №ას-1061-2022 10 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ი.გ–ნი, პ.გ–ნი, ვ.გ–ნი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ს–ია, მ.ფ–ძე (გ.ფ–ძის უფლებამონაცვლეები), გ.ც–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.07.2022 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.12.2021 წლის გადაწყვეტილებით გ.ფ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და გ.ც–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, პირველ მოსარჩელესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი ი.გ–ნის, პ.გ–ნისა და ვ.გ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (67.10 კვ.მ საყოფაცხოვრებო ფართი №3, სართული 7, ბლოკი №8-9, მდებარე: ქ. თბილისი, ....., №11ა, ს/კ: .......) გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელეებისათვის გადაცემა. მოსარჩელეთა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, ასევე მეორე მოსარჩელემ და პირველი მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლემ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.07.2022 წლის განჩინებით პირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ნ.ს–ია და მ.ფ–ძე. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 04.07.2022 წელს განცხადებით მიმართა პირველი მოსარჩელის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ 04.12.2021 წელს გარდაცვლილი პირველი მოსარჩელის დანაშთი ქონება მემკვიდრეობით მიიღეს მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე. წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ გარდაცვლილი პირველი მოსარჩელის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მეუღლემ - ნ.ს–იამ და შვილმა - მ.ფ–ძემ მიიღეს სამკვიდრო ქონება.
2.2. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 92-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობით დადგენილია უფლებამონაცვლეთა ვინაობა, აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმოფხვრილია საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, არსებობს უფლებამონაცვლეობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.07.2022 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
6. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც გარდაცვლილი პირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი პირველი რიგის მემკვიდრეები.
7. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
8. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც, დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც (სუსგ №ას-839-839-2018, 13.07.2018წ.,პ.15). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ.).
9. მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია პირველი მოსარჩელის გარდაცვალება. დადგენილია, რომ პირველი მოსარჩელის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მეუღლემ - ნ.ს–იამ და შვილმა - მ.ფ–ძემ, მიიღეს პირველი მოსარჩელის სამკვიდრო ქონება (იხ. სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ). შესაბამისად, უნდა დადგინდეს: სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, რამდენადაა დასაშვები უფლებამონაცვლეობა. სარჩელის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება/გამდიდრების გათანაბრება. გარდაიცვალა უძრავი ნივთის ერთ-ერთი თანამესაკუთრე (მოსარჩელე). ამდენად, დავა ქონებრივი ხასიათისაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის მიხედვით. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.გ–ნის, პ.გ–ნისა და ვ.გ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.07.2022 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია