Facebook Twitter

საქმე №ა-2762-შ-80-2022 30 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – სააქციო საზოგადოება „ყ.კ.ქ–ა“

მოწინააღმდეგე მხარეები – გ.ც–ძე, ო.ლ–ძე, დ.ყ–ი, ნ.ლ–ი

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქალაქ ტიუმენის ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის განაჩენი

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის ქალაქ ტიუმენის ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის განაჩენით გ.ც–ძეს, ო.ლ–ძეს, დ.ყ–სა და ნ.ლ–ს სააქციო საზოგადოება „ყ.კ.ქ–ის“ მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად დაეკისრათ 8 756 000 რუბლის გადახდა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის 31 მაისის №6956 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა სააქციო საზოგადოება „ყ.კ.ქ–ის“ შუამდგომლობა. შუამდგომლობის ავტორი ითხოვს რუსეთის ფედერაციის ქალაქ ტიუმენის ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას იმ ნაწილში, რომლითაც ო.ლ–ძეს, დ.ყ–სა და ნ.ლ–ს სააქციო საზოგადოება „ყ.კ.ქ–ის“ მიმართ სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 8 756 000 რუბლის ანაზღაურება.

3. შუამდგომლობაზე თანდართული რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს სვერდლოვსკის ოლქის მთავარი განყოფილების ხელმძღვანელის მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეები სათანადო წესით იყვნენ ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ. რაც შეეხება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღს - რუსეთის ფედერაციის ქალაქ ტიუმენის ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 26 იანვარს.

4. შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეების სარეგისტრაციო მისამართი საქართველოშია.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით სააქციო საზოგადოება „ყ.კ.ქ–ას“ დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ ტიუმენის ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც გ.ც–ძეს, ო.ლ–ძეს, დ.ყ–სა და ნ.ლ–ს სააქციო საზოგადოება „ყ.კ.ქ–ის“ მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად დაეკისრათ 8 756 000 რუბლის გადახდა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

6. ზემოაღნიშნული განჩინებისა და მისი თარგმანის ასლები შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ ელექტრონულ მისამართზე მისამართზე - gup.kkz@mail.ru და ჩაბარდა 2021 წლის 21 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 60).

7. საქმის მასალებში არსებული ელექტრონული ფოსტის წერილით დასტურდება, რომ gup.kkz@mail.ru ელექტრონული მისამართი ნამდვილად შუამდგომლობის ავტორს ეკუთვნის და მოქმედია (იხ. ს.ფ. 56-58).

8. 2022 წლის 23 სექტემბერს შუამდგომლობის ავტორმა გამოაგზავნა დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ სააქციო საზოგადოება „ყ.კ.ქ–ამ“ შეადგინა მიმართა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს სვერდლოვსკის ოლქის მთავარი სამმართველოსა და რუსეთის ფედერაციის ქალაქ ტიუმენის ლენინსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლის სახელზე, რომლითაც მოითხოვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ ტიუმენის ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის განაჩენი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

10. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

13. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით სააქციო საზოგადოება „ყ.კ.ქ–ას“ დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ ტიუმენის ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც გ.ც–ძეს, ო.ლ–ძეს, დ.ყ–სა და ნ.ლ–ს სააქციო საზოგადოება „ყ.კ.ქ–ის“ მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად დაეკისრათ 8 756 000 რუბლის გადახდა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მოცემული განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.

15. ზემოაღნიშნული განჩინებისა და მისი თარგმანის ასლები შუამდგომლობის ავტორს საქმის მასალებში არსებულ ელექტრონულ მისამართზე - gup.kkz@mail.ru გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 21 სექტემბერს.

16. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია შუამდგომლობის ავტორის მიერ შედგენილი მიმართვის ასლი, რომლითაც სააქციო საზოგადოება „ყ.კ.ქ–ამ“ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს სვერდლოვსკის ოლქის მთავარ სამმართველოსა და რუსეთის ფედერაციის ქალაქ ტიუმენის ლენინსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს მიმართავს და მოითხოვს ინფორმაციის გაცემას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ ტიუმენის ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის განაჩენი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული ხარვეზის შევსებად.

17. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (სუსგ საქმეზე №ა-324-შ-6-2020, 9 მარტი, 2020 წელი; №ა-2180-შ-56-2019, 16 სექტემბერი, 2019 წელი).

18. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სააქციო საზოგადოება „ყ.კ.ქ–ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ტიუმენის ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, იმ ნაწილში, რომლითაც ო.ლ–ძეს, დ.ყ–სა და ნ.ლ–ს სააქციო საზოგადოება „ყ.კ.ქ–ის“ მიმართ სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 8 756 000 რუბლის ანაზღაურება, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე