Facebook Twitter

საქმე №ას-853-2021

23 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ.კ–ლი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა „დ ..-ის“ წევრები: რ.გ–ძე, ს.ა–ნი, გ.ხ–ძე, კ.მ–ძე, გ.ღ–ვა, დ.ჩ–ძე, ნ.გ–ვა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.კ–ლმა (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „დ ..-ის“ წევრების: რ.გ–ძის, ს.ა–ნის, გ.ხ–ძის, კ.მ–ძის, გ.ღ–ვას, დ.ჩ–ძისა და ნ.გ–ვას (შემდეგში - მოპასუხეების) მიმართ და მოითხოვა დ.კ–ლსა და ამხანაგობა „დ ..-ს“ შორის 2014 წლის 11 სექტემბერს და 2015 წლის ივნისში დადებული ხელშეკრულებების შეწყვეტილად ცნობა, ასევე მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 24 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს, 2017 წლის ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის დაკისრება.

1.1. გ.ხ–ძემ, რ.გ–ძემ, კ.მ–ძემ, გ.ღ–ვამ და დ.ჩ–ძემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. ნ.გ–ვამ წარმოადგინა შესაგებელი და მიუთითა, რომ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ნ.გ–ვას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 24 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება 24000 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2014 წლის 11 სექტემბერს ამხანაგობა „დ ..-ის“ სახელით ნ.გ–ვასა და დ.კ–ლის წარმომადგენელს ს.კ–ს შორის დაიდო ხელშეკრულება წილის უფლების ნასყიდობის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - უძრავი ქონება, ..... ქუჩა N16-ში (მშენებლობის მე-2 რიგი) მდებარე მშენებარე კომპლექსის მეათე სართულზე, საერთო ფართი - 55.00 კვ.მ, შავი კარკასის მდგომარეობით. ხელშეკრულების თანახმად, წილის უფლების გამყიდველი ვალდებული იყო არაუგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა ჩაებარებინა „წილის უფლების მყიდველისათვის“' ქ. თბილისში, ..... ქუჩა N16-ში მდებარე უძრავ ქონებაში ზემოთმითითებული - 55.00 ფართის უძრავი ქონება. გასაყიდი წილის უფლება მხარეთა მიერ შეფასებულია - 22 000 აშშ დოლარად.

5.2. 2015 წლის ივნისის თვეში იბა „დ ..-ის“ სახელით ნ.გ–ვას და დ.კ–ლის წარმომადგენელს ს.კ–ს შორის დადებული იქნა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - ქ. თბილისში, ..... ქ. N16-ში მშენებარე საცხოვრებელ სახლში ერთი - 60 კვ.მ. საერთო ფართის ბინის შესყიდვა, რომლის შესყიდვის მიზნით მის მიერ გადახდილია - 24000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობა „დ ..“ ვალდებულებას იღებდა 2017 წლის გაზაფხულზე დაესრულებინა ..... ქ. N16-ში საცხოვრებელი სახლის 7 სართულის მშენებლობა, ამასთან, გადაეცა მოსარჩელისათვის 60 კვ.მ. ფართის ბინა მე-6 სართულზე შავი კარკასის მდგომარეობაში. ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობა „დ ..“ 2017 წლის გაზაფხულზე ვერ დაასრულებდა სახლის 7 სართულის შავი კარკასის მშენებლობას, იგი ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე დაჯარიმდებოდა - 300 აშშ დოლარით.

5.3. აღნიშნული ხელშეკრულებების დადების დროს ამხანაგობის თავმჯდომარეს წარმოადგენდა - ნ.გ–ვა. 2014 წლის 11 სექტემბრის და 2015 წლის ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელეს მოპასუხე ნ.გ–ვასათვის ეტაპობრივად გადაცემული აქვს - 24 000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება ნ.გ–ვას მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, რომლითაც სარჩელი ცნო სრულად. ამასთან, სარჩელში მითითებული ფაქტების მიმართ შედავება არ განუხორციელებია, რითაც დაადასტურა თანხის - 24 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით დგინდება მოსარჩელის მიერ თანხის გადაცემის ფაქტი სალაროს შემოსავლის ორდერებზე ხელმომწერი პირისათვის, დგინდება, რომ გადახდილი თანხა მოიცავს საცხოვრებელი ბინის ღირებულებას, თუმცა წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით არ დგინდება ვის სასარგებლოდ არის გადახდები განხორციელებული. ამდენად, სალაროს შემოსავლის ორდერებით არ დასტურდება შენატანები განხორციელდა თუ არა ამხანაგობის მიმართ და მის სასარგებლოდ. მოპასუხეები ნ.გ–ვას გარდა უაყოფდნენ ამხანაგობის მიერ თანხის მიღების ფაქტს და განმარტავდნენ, რომ ამხანაგობისთვის თანხის ჩარიცხვის შესახებ ცნობილი არ ყოფილა.

5.4. ამხანაგობა „დ ..-ის“ საქმიანობის მიზნად განისაზღვრა ქ. თბილისში, ..... ქ. N12-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. ამხანაგობა „დ 12-ის“ დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ამხანაგობაში წევრის მიღება და ამხანაგობაში შენატანების ოდენობისა და კვოტების განსაზღვრისათვის ამხანაგობის თავმჯდომარეს ასევე ესაჭიროება წევრთა კრების წინასწარი თანხმობა, რაც ნ.გ–ვას სადავო შეთანხმებების გაფორმების დროს არ გააჩნდა. (აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია საქმეში არ მოიპოვება). 14.02.2018 წლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, მისამართზე, ქ. თბილისი, ..... ქუჩა N16-ში, უძრავი ნივთი არ არის რეგისტრირებული. ამასთან, საქმეში არსებული საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ქ. თბილისში, ..... ქუჩა N16-ში ამხანაგობა „დ ..-ის“ სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ ყოფილა რეგისტრირებული 2014 წლიდან. 2014 წლის 11 სექტემბრის და 2015 წლის ივნისის ხელშეკრულების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ - იმ უძრავი ქონების მშენებლობაზე, რომელიც არ ექცევა ამხანაგობა „დ ..-ის“ საქმიანობისა და მიზნების ფარგლებში და არ წარმოადგენდა ამხანაგობის საკუთრებას. დაუზუსტებელი იყო ხელშეკრულების საგნის მონაცემები - ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული სამშენებლო მიწის ნაკვეთი, მისი ფართობი, საკადასტრო კოდი ან/და სხვა არსებითი ხასიათის მახასიათებლები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხე ნ.გ–ვა უფლებამოსილი რომც ყოფილიყო ამხანაგობის სახელით დაედო მოცემული გარიგებები, ისინი მაინც იქნებოდნენ ფიქტიური, რამდენადაც არ არსებობდა და არ არსებობს გარიგების საგანი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. აღნიშნული ნორმის თანახმად იმისათვის, რომ ამხანაგობის წევრებს ამხანაგობის ვალდებულებებისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობა დაეკისროს, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამხანაგობის ვალდებულების არსებობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი ვერ ადასტურებდა ამხანაგობა „დ ..-ის“ ვალდებულების არსებობას მის მიმართ, რაც გამორიცხავდა მოთხოვნას მოპასუხეებზე თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.კ–ლმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორი მიუთითებს, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ჰქონდა ემოქმედა ამხანაგობის სახელით, სალაროს შემოსავლის ორდერებს ხელს აწერს ბუღალტერი და მათზე დასმულია ამხანაგობის ბეჭედი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ თანხა ამხანაგობისთვის იქნა გადაცემული და მისი მონაწილეები სოლიდარულად არიან დაბრუნებაზე ვალდებული პირები.

6.2. კასატორის პრეტენზია შეეხება მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების ფიქტიურად მიჩნევის პირობებში და მიუთითებს, რომ ფიქტიური ხელშეკრულებების დადების შემთხვევაშიც გადახდილი თანხა გახდა ამხანაგობის საკუთრება და უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ დ.კ–ლის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით. რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

14. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება სათანადოდ უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

15. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

16. მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ მუხლებზე: სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებისა და ამავე მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ვალდებულების დარღვევისას დამატებითი ვადის დაწესება არ არის აუცილებელი, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

17. მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებს ასევე სსკ-ის 937-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების სოლიდარულად შესრულების საფუძვლის არსებობა.

19. საქმეში წარმოდგენილი ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „დ ..-ის“ დაფუძნების შესახებ სანოტარო აქტით დგინდება, რომ 2006 წლის 22 თებერვალს რ.გ–ძეს, ს.ა–ნს, გ.ხ–ძეს კ.მ–ძეს, გ.ღ–ვას, დ.ჩ–ძეს და ნ.გ–ვას შორის დაიდო ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება, რომლითაც დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „დ ..“. ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენდნენ: რ.გ–ძე, ს.ა–ნი, გ.ხ–ძე, კ.მ–ძე, გ.ღ–ვა, დ.ჩ–ძე და ნ.გ–ვა. ამხანაგობის საქმიანობის მიზნად განისაზღვრა ქ. თბილისში, ..... ქ. N12-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ამხანაგობის წევრთა საერთო კრება იყო ამხანაგობის მმართველობის უმაღლესი ორგანო, რომელიც ირჩევდა გამგეობას და თავმჯდომარეს. ხელშეკრულების 6.7. მუხლის თანახმად, კი ამხანაგობის წევრთა საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნებოდა ამხანაგობის ძირითადი ორგანიზაციულ-ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის ამხანაგობაში ახალი წევრის მიღება და შენატანების ოდენობისა და კვოტების განსაზღვრა. ამხანაგობის თავმჯდომარედ ამხანაგობის წევრებმა აირჩიეს ნ.გ–ვა, რომლის უფლებამოსილებაშიც სხვა საკითხებთან ერთად შედიოდა ამხანაგობის ახალ წევრთა მიღების ორგანიზება, ასევე ამხანაგობისთვის წინადადებების მომზადება ახალი წევრის მიღების, შესაბამისი შენატანებისა და წილის განსაზღვრისათვის.

20. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და იბა „დ ..-ის“ სახელით ნ.გ–ვას შორის 2014 წლის 11 სექტემბერს დაიდო წილის უფლების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულები, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა გადასცემოდა ქ. თბილისში, ..... ქუჩა, N16-ში მშენებარე საცხოვრებელ სახლში 55 კვ.მ. ფართის მქონე ბინის შავი კარკასის მდგომარეობაში, 22000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. 2015 წლის ივნისის თვის ხელშეკრულებით გადასაცემი ბინის ფართი განისაზღვრა 60 კვ.მ-ით, ხოლო მისი ღირებულება 24000 აშშ დოლარით. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში მოსარჩელის მიერ გადახდილია 24000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება ნ.გ–ვას მიერ წარმოდგენილი შესაგებლით.

21. კასატორის პრეტენზია შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან დაუზუსტებელია ხელშეკრულების საგნის მონაცემები (ხელშეკრულებაში არ არის მითითებული სამშენებლო მიწის ნაკვეთი, მისი ფართობი, საკადასტრო კოდი და სხვა არსებითი ხასიათის მახასიათებლები), მოპასუხე ნ.გ–ვა უფლებამოსილი რომც ყოფილიყო ამხანაგობის სახელით დაედო მოცემული გარიბებები, ისინი მაინც იქნებოდა ფიქტიური, რამდენადაც არ არსებობდა და არ ასებობს ხელშეკრულების საგანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს არა ამხანაგობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ან დადებული გარიგებების ბათილად ცნობას, არამედ, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადახდილი თანხის ამხანაგობის წევრების მიერ დაბრუნებას. შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს შესრულებაზე ვალდებული პირების განსაზღვრა, რაზეც ხელშეკრულების ხასიათი გავლენას ვერ იქონიებს.

22. რაც შეეხება შესრულებაზე ვალდებული პირების განსაზღვრას, პალატა შეაფასებს საქმეში წარმოდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერებს, რაც საკასაციო პრეტენზიის საგანს წარმოადგენს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გადახდილი თანხა მოიცავს საცხოვრებელი ბინის ღირებულებას, თუმცა სალაროს შემოსავლის ორდერებით არ დგინდება ვის სასარგებლოდ არის გადახდები განხორციელებული და არ დასტურდება, რომ შენატანები განხორციელდა ამხანაგობის მიმართ და მის სასარგებლოდ. მითუმეტეს, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს, ამხანაგობაში წევრის მიღების, შენატანების ოდენობისა და კვოტების განსაზღვრისთვის, როგორც უკვე აღინიშნა წევრთა კრების წინასწარი თანხმობა ესაჭიროებოდა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი. ამხანაგობა შექმნილი იყო კონკრეტულ მისამართზე (ქ. თბილისი, ..... ქუჩა N12) საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, მოსარჩელესა და ნ.გ–ვას შორის დადებული ხელშეკრულებებით ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის მისამართზე (ქ. თბილისი, ..... ქუჩა N16) მშენებლობა ამხანაგობის მიზანს არ წარმოადგენდა და არც ამ მისამართზე არსებული უძრავი ქონება ყოფილა ამხანაგობის სახელზე რეგისტრირებული.

23. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ.გ–ვა მოსარჩელესთან გარიგებების გაფორმებისას მოქმედებდა, როგორც ფიზიკური პირი და არა როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე. ამხანაგობის დაფუძნებისას მის წევრებს თავმჯდომარის, როგორც ფიზიკური პირის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შესრულების ტვირთი არ უკისრიათ. შესაბამისად, ამხანაგობა, კანონის თანახმად, ნ.გ–ვას, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ განხორციელებულ ქმედებაზე აგებდა პასუხს და მისი როგორც ფიზიკური პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა.

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ დავის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია მას ვერ დაუპირისპირა, მოსარჩელეს თანხის ამხანაგობის წევრებისათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაოფილებაზე მართებულად ეთქვა უარი და შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ.კ–ლს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 3741.48 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი - 24.09.2021) 70% – 1122.44 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.კ–ლის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. დ.კ–ლს (....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3741.48 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი - 24.09.2021) 70% – 1122.44 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ლაშა ქოჩიაშვილი