საქმე №ას-1102-2022 6 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „თ------ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-----ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „გ----მ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ----ს“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელის კუთვნილ ფართში - ქ. თბილისში, ---- სანაპირო ---ში, საკადასტრო კოდებით: -----, -----, ---- განთავსებული №--- სატრანსფორმატორო ქვესადგურის და საკაბელო მეურნეობის დემონტაჟი; აღნიშნული ფართის მოსარჩელისათვის გადაცემა გამოთავისუფლებელ მდგომარეობაში; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 581 000 ლარის გადახდა უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული სარგებლის ანაზღაურების მიზნით, ასევე, ყოველთვიურად 3740 ლარის გადახდა, სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლება გააჩნია რამდენიმე უძრავი ქონებაზე ქ. თბილისში, ----- სანაპიროს ----ში, საკადასტრო კოდებით: ----, ს/კ, ----, ს/კ ----, მიწის საერთო ფართია 1690 კვ.მ, №-, -, -, სულ 852.41 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობები.
3. მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ კომერციულ ობიექტზე 1999 წლიდან განთავსებულია მოპასუხის დროებით სარგებლობაში გადაცემული სატრანსფორმატორო ქვესადგური №--- თავისი საკაბელო მეურნეობით, რომელიც მათი მიწის ნაკვეთის 187 კვ.მ-ზეა განლაგებული. მოპასუხე ვალდებულია, გამოათავისუფლოს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ფართი და განხორციელდეს სატრანსფორმატორო ქვესადგურისა და საკაბელო მეურნეობის დემონტაჟი. გარდა ამისა, უკანონოდ დაკავებული ფართი კომერციული დანიშნულებისაა და მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შესაბამისი საიჯარო ქირა აღნიშნული ქონებით სარგებლობისათვის, როგორც განვლილ პერიოდზე, ასევე, სამომავლოდ.
4. მოსარჩელის მითითებით, არაერთხელ მიმართა მოპასუხეს განცხადებით, მათ სარგებლობაში არსებული ქვესადგური და საკაბელო მეურნეობა სხვა ტერიტორიაზე გადაეტანა, ან, კონკრეტული შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, გაეფორმებინა ელექტროენერგიის გატარების საფასურის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხემ მისი მოთხოვნის იგნორირება მოახდინა.
5. 2018 წლის 25 აპრილის პასუხში მოპასუხემ სადავო მიწის ნაკვეთზე ქვესადგურისა და საკაბელო მეურნეობის განთავსების ფაქტი ცალსახად დაადასტურა. კონკრეტული ობიექტი მოპასუხეს გადაეცა 2000 წელს, რაზეც 2000 წლის 17 აპრილს გაიცა ბრძანება. მოპასუხეს აღნიშნული სატრანსფორმატორო ჯიხური დროებით სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელე კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლისგან, რომელიც მოცემული პერიოდისათვის საერთოდ არ იყო კომპანიის დირექტორი. მოცემულ ადგილზე არის განთავსებული მოსარჩელის კომერციული დანიშნულების ბიზნესცენტრი („კ------ის“ ოფისი). აგრეთვე, ეზოში სხვადასხვა დანიშნულების კომერციული ობიექტებია, რომლებიც იჯარით არის გაცემული. აუდიტის დასკვნით ერთი კვადრატული მეტრის საიჯარო ფასი შეფასებულია 2008 წლამდე 20 ლარად, ხოლო 2008 წლიდან დღემდე - 25 ლარად. მოპასუხე 18 წლის განმავლობაში კომერციული მიზნებით იყენებს სატრანფორმატორო ქვესადგურს, კერძოდ, უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას აბონენტებისათვის, რის სანაცვლოდ იღებს საფასურს. მოპასუხის მიერ გაგზავნილი წერილით დასტურდება, რომ ისინი ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებენ იურიდიულ და ფიზიკურ სუბიექტებზე. მოპასუხე მხარე უარს აცხადებს მოსარჩელის კუთვნილი ფართის დაცლაზე.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ---- სანაპირო N----ში მდებარე 187კვ.მ-ზე მოსარჩელეს სადავო ს/ქ----- არ განუთავსებია. აღნიშნული სატრანსფორმატორო ქვესადგური თავისი საკაბელო მეურნეობით განათავსა თავად მოსარჩელემ და მიეწოდება ელექტროენერგია თავისი საქმიანობის უზრუნველსაყოფად. მოსარჩელე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ქვესადგური 2000 წელს მოსარჩელე შპს-ს დირექტორმა გადასხა მოპასუხეს ექსპლუატაციისთვის. აღნიშნული განხორციელდა იმ მიზეზით, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა განაწილების ლიცენზიატს და როგორც მომეტებული საფრთხის მქონე ობიექტი საჭიროებდა სპეციალური გამოცდილების მქონე სპეციალისტების მუშაობას. მოსარჩელეს ასეთი სპეციალისტები არ ჰყავდა. ამასთან, ქვესადგურის ექსპლუატაცია და მისი შენახვა დაკავშირებული იყო დამატებით ფინანსურ დანახარჯებთან. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს 1998 წლის 22 მაისის №27 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების” 2.2.6 და 2.5.6 პუნქტების და სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის მე-20 დადგენილების მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქსელის მოწყობაზე, მის გამოსწორებასა და გამართულ მუშაობაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება ქსელის მესაკუთრეს. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსფორმატორო ქვესადგური დარჩებოდა მის ბალანსზე, მთელი ხარჯები უნდა გაეწია მოსარჩელეს, რის გამოც 2000 წლიდან მოსარჩელის თანხმობით ს/ქ----- ბალანსზე მოპასუხეს გადაეცა, მართლზომიერად ფლობს და მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ რაიმე ხელშეშლა არ განუხორციელებია. ასეც რომ არ იყოს, მოსარჩელის საკუთრების უფლება კანონიერადაა შეზღუდული განაწილების ლიცენზიანტი პირის მიერ, მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ქსელით ფლობისა და სარგებლობის თმენის ვალდებულებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის სიმძლავრის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ არეგულირებს ურთიერთობებს ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და მომხმარებელს შორის. პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატს, მაგრამ ჰქონდა სატრანსფორმატორო ქვესადგური და საკაბელო მეურნეობა, რომელიც მოწყობილ იქნა მათივე მიზნებისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია, გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა. ამდენად, ს/ქ-----ის გადატანის ვალდებულება, რომელიც მოწყობილ იქნა თვით მოსარჩელის მიერ, მოპასუხეს არ აქვს. ამასთან, სარჩელით მოთხოვნილი თანხა გაანგარიშებულია 2000 წლიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდზე, რაც მიუთითებს მის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან მხარეები იმყოფებიან ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ხელშეშლა არ მომხდარა და მოპასუხეს არც ზიანი მიუყენებია, ვინაიდან 2000 წლიდან მოპასუხე მოსარჩელის თანხმობით მართლზომიერად ფლობს ს/ქ-----ს და ეწევა მოვლა-პატრონობას. მოპასუხე არ არის ვალდებული, გადაიხადოს რაიმე საზღაური. იგი არ დაეთანხმა აუდიტის დასკვნას საიჯარო ქირასთან დაკავშირებით, რამდენადაც ს/ქ---- წარმოადგენს სატრანსფორმატორო ქვესადგურს და დამონტაჟებული საკაბელო მეურნეობა, მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნებისთვის და კომერციულ ფართად ვერ მიიჩნევა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა სატრანსფორმატორო ქვესადგურის (№---) და საკაბელო მეურნეობის დემონტაჟი ქ.თბილისში, ----- ---- №----ში, №----, №----, №---- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე და მიწის ნაკვეთები თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით არც მოსარჩელის და არც მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ-ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.
11. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია, მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
12. სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე.
13. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.
14. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და თანხის დაკისრება.
15. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
16. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.
17. აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.
18. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
19. საქართველო სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.
20. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
21. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
22. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 168-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულია შემდეგი უძრავი ქონება: 1) ქ. თბილისში, --------- №----ში, შენობა-ნაგებობა №-----, საერთო ფართი 852.41 კვ.მ. საკადასტრო კოდით №-----; 2) ქ. თბილისში, ----- ------, --- ქუჩის მიმდებარედ, №- შენობა-ნაგებობა, 115.50 კვ.მ საერთო ფართი, საკადასტრო კოდით №---- 3) ქ. თბილისში, -------- №----ში, 287 კვ.მ დაზუსტებული ფართი. საკადასტრო კოდით №-----.
23. მოპასუხემ ქსელების პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი ინჟინრის 2000 წლის 17 აპრილის №- ბრძანების მიხედვით, მოსარჩელე შპს-ს დირექტორის 2000 წლის 28 მარტის №- თანხმობით, მოპასუხის მომსახურებაში გადაცემულ იქნა ------ ქუჩის მიმდინარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული 250 კვა სიმძლავრის გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგური, მიწის ფართი და მისი მკვებავი მაღალი ძაბვის კაბელი ფაბრიკა ----- ----- სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან და, ასევე, დაბალი ძაბვის კაბელი ობიექტამდე. უნომრო გადასატან სატრანსფორმატორო ქვესადგურს მიენიჭა საქსელო ნომერი ----. მოპასუხის მომსახურე პერსონალს მიეცა სატრანსფორმატორო ქვესადგურზე დამატებითი აბონენტების მიერთების უფლება.
24. მოპასუხის წერილობითი ინფორმაციებითა (22.02.2017 №-----; 07.06.2018 №-----) და სქემატური ნახაზებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №---- საკადასტრო კოდის მქონე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოპასუხის საკუთრებაში არსებული ს/ქ ----, -----, ----- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია მოპასუხის საკუთრებაში არსებული საკაბელო მეურნეობა, რომლის საშუალებით ელექტროენერგია მიეწოდება მოპასუხის აბონენტებს.
25. განსახილველი დავის საგნიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აუცილებელია, დგინდებოდეს მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე და მოპასუხის მიერ აღნიშნული ქონების დაკავება, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერებით. ასევე უდავოა, რომ ქონება დაკავებული აქვს მოპასუხეს და განთავსებულია საკაბელო მეურნეობა.
26. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებად იმ ფაქტზე მიუთითა, რომ სამართლებრივი საფუძვლით ფლობს ქონებას, კერძოდ, უძრავ ქონებას დაეუფლა მოსარჩელე შპს-ს დირექტორის თანხმობით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული პირი კომპანიის წარმომადგენელი იყო. ამასთან, არც რაიმე სახის წერილობითი თანხმობაა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი, რომ შეთანხმება არსებობდა მხარეთა შორის. არ დგინდება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში იქნებოდა და მოპასუხის მიერ ქონების ფლობა ჩაითვლებოდა მართლზომიერად.
27. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მხარეთა შორის ურთიერთობაზე არ შეიძლება გავრცელდეს მოპასუხის მიერ მითითებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რადგან მითითებული წესების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ელექტროენერგიის ქსელის მფლობელი არალიცენზიატის თმენის ვალდებულებას, რაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან მიმართებაში არ მომხდარა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე უშვებს სატრანსფორმატორო ქვესადგურის და საკაბელო მეურნეობის გადატანის შესაძლებლობას მხოლოდ მოსარჩელის სახსრებით და ალტერნატიული ფართის უზრუნველყოფით და მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366-ე დადგენილების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო პალატის მსჯელობას და არ გაიზიარა მხარის პოზიცია ტრანსფორმატორის მოსარჩელის ხარჯით გადატანასთან დაკავშირებით (იხ. სუსგ. №ას-1088-1008-2017 18/10/2017; №ას-690-660-2014 10/03/2015).
28. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის სატრანსფორმატორო ქვესადგურის და საკაბელო მეურნეობის დემონტაჟის დავალება და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, ---- ---- ---ში №-----, №-----, №----- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე და მიწის ნაკვეთების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა საფუძვლიანია. ამდენად, არ არსებობს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
29. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა არც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
30. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
31. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობს მოსარჩელის კუთვნილ ქონებას, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ სადავო 187 კვ.მ-ზე მოპასუხეს ს/ქ----- არ განუთავსებია. აღნიშნული სატრანსფორმატორო ქვესადგური თავისი საკაბელო მეურნეობით განალაგა თვით მოსარჩელემ საკუთარი საქმიანობის უზრუნველსაყოფად და მიეწოდება ელექტროენერგია. უშუალოდ მოსარჩელემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ქვესადგური 2000 წელს მოსარჩელის წარმომადგენელმა გადასცა მოპასუხეს ექსპლუატაციისთვის.
32. სატრანსფორმატორო ქვესადგურის გადმოცემის მიზეზი ის იყო, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა განაწილების ლიცენზიატს და, როგორც მომეტებული საფრთხის მქონე ობიექტი, საჭიროებდა სპეციალური გამოცდილების მქონე სპეციალისტების ყოლას, რასაც არეგულირებს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს 1998 წლის 22 მაისის №27 ბრძანებით დამტკიცებული №1.06-97 ელექტროენერგიის მოხმარების წესების 2.2.4 პუნქტი.
33. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს 1998 წლის 22 მაისის №27 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების“ 2.2.6 და 2.5.6 პუნქტების თანახმად, ელექტროდანადგარების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ელექტროდანადგარის შესაბამისი ტექნიკური ზედამხედველობა და მის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხიმგებლობა ეკისრება იმ საწარმოსა და ორგანიზაციას, ვის საკუთრებასაც წარმოადგენს ელექტროდანადგარი. ასევე, სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქსელის მოწყობაზე, მის გამოსწორებაზე და გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქსელის მესაკუთრეს. იმ შემთხევვაში თუ სატარანსფორმატორო ქვესადგური დარჩებოდა მოსარჩელის ბალანსზე, მთელი ხარჯი უნდა გაეწია მოსარჩელეს, რის გამოც მან 2000 წელს სატრანსფორმატორო ქვესადგური, თავისი საკაბელო მეურნეობით, გადასცა მოპასუხეს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მესაკუთრე ეთანხმებოდა მოპასუხე მხარის მიერ ქონების ფლობას და 2000 წლიდან მოპასუხე მართლზომიერად ფლობს სატრანფორმატორო ქვესადგურს. ამდენად, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ხელშეშლა არ ხორციელდება და ასეთ პირობებში დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მოპასუხის მხრიდან სატრანსფორმატორო ქვესადგურის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის შესახებ.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 162-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
35. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება, რომლითაც დამტკიცებულია ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები. აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. აღნიშნული წესი მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია, გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად.
36. ამდენად, საკუთარი ხარჯით ს/ქ-----ის დემონტაჟის ვალდებულება, რომელიც 2000 წელს თავად მოსარჩელემ მოაწყო და მასივე მიზნებს ემსახურება, მოპასუხეს არ გააჩნია, მოსარჩელის მოთხოვნა კი მიმართულია სწორედ მოპასუხის ხარჯით ქმედების განხორციელებისკენ და ვერანაირად ვერ ექცევა სსკ-ის 172-ე მუხლის რეგულირების სფეროში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
37. კასატორმა მიიჩნია, რომ განსახილველი შემთხვევის მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ვერ იქნება სააპელაციო პალატის მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები (№ას-1088-1008-2017; №ას-690-660-2014), ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულიად განსხვავებულია, რაც ამ გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილის წინამდებარე დავასთან მიმართებით გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა. სასამართლო გადაწყვეტილებებით საქმეზე დადგენილი იყო ფაქტი, რომ სადავო ქონება თვით მოპასუხის მიერ იქნა მოწყობილი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, იგი მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად ფლობდა სადავო ქონებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
38. კასატორმა მიიჩნია, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემობათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. კეთილსინდისიერება და მართლზომიერება აუცილებლად უნდა იქნეს დაცული პირის მიერ უფლებათა განხორციელებისას. ამასთან, პირის მიერ მესაკუთრის უფლებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა არამარტო კანონმდებლობითაა აკრძალული, არამედ მესაკუთრის ზნეობრივი მოვალეობაცაა.
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
40. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
42. მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულია შემდეგი უძრავი ქონება: 1) ქ. თბილისში, ----- ---- №----ში, შენობა-ნაგებობა №-----, საერთო ფართი 852.41 კვ.მ. საკადასტრო კოდით №-----; 2) ქ. თბილისში, ---- ----- ----, ---- ქუჩის მიმდებარედ, №- შენობა-ნაგებობა, 115.50 კვ.მ საერთო ფართი, საკადასტრო კოდით №----- 3) ქ. თბილისში, ----- ---- №----ში, 287 კვ.მ დაზუსტებული ფართი. საკადასტრო კოდით №----.
43. მოპასუხემ ქსელების პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი ინჟინრის 2000 წლის 17 აპრილის №-- ბრძანების მიხედვით, მოსარჩელე შპს-ს დირექტორის 2000 წლის 28 მარტის №-- თანხმობით, მოპასუხის მომსახურებაში გადაცემულ იქნა ---- ქუჩის მიმდინარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული 250 კვა სიმძლავრის გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგური, მიწის ფართი და მისი მკვებავი მაღალი ძაბვის კაბელი ფაბრიკა ---- …---- სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან და, ასევე, დაბალი ძაბვის კაბელი ობიექტამდე. უნომრო გადასატან სატრანსფორმატორო ქვესადგურს მიენიჭა საქსელო ნომერი ----. მოპასუხის მომსახურე პერსონალს მიეცა სატრანსფორმატორო ქვესადგურზე დამატებითი აბონენტების მიერთების უფლება.
44. მოპასუხის წერილობითი ინფორმაციებითა (22.02.2017 №----; 07.06.2018 №----) და სქემატური ნახაზებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №---- საკადასტრო კოდის მქონე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოპასუხის საკუთრებაში არსებული ს/ქ ---, ----, --- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია მოპასუხის საკუთრებაში არსებული საკაბელო მეურნეობა, რომლის საშუალებით ელექტროენერგია მიეწოდება მოპასუხის აბონენტებს.
45. წინამდებარე საქმეში კასატორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მცდარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, თითქოს მოპასუხე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობს მოსარჩელის კუთვნილ ქონებას, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ სადავო 187 კვ.მ-ზე მოპასუხეს ს/ქ---- არ განუთავსებია. აღნიშნული სატრანსფორმატორო ქვესადგური თავისი საკაბელო მეურნეობით განალაგა თვით მოსარჩელემ საკუთარი საქმიანობის უზრუნველსაყოფად და მიეწოდება ელექტროენერგია. უშუალოდ მოსარჩელემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ქვესადგური 2000 წელს მოსარჩელის წარმომადგენელმა გადასცა მოპასუხეს ექსპლუატაციისთვის. შესაბამისად, მოპასუხე მართლზომიერად ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილს.
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ.ბოელინგი , ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).
50. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ., სუსგ №ას-1338-2018, 25 იანვარი, 2019 წელი, პ-17; №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი, პ-41). თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია ნეგატორული სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთას.
54. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ-ები: 12.02.2016წ. საქმე №ას-1041-998-2016, 26.10.2016წ. №ას-843-809-2016, 5.07.2019წ. საქმე №ას-778-2019, 10.03.2015წ. საქმე №ას-690-660-2014).
55. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლებაა, რაც ნიშნავს, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია, თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან. ამასთან, მესაკუთრის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით.
56. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რომ საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. მითითებულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკა (სუსგ 18.10.2017წ. საქმე №ას-1088-1008-2017 20.10.2014წ., საქმე №ას-722-684-2013, 23.01.2015წ. საქმე №ას-1176-1120-2014).
57. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების უარსაყოფად, კერძოდ, მოპასუხის წერილობითი ინფორმაციებითა (22.02.2017 №----; 07.06.2018 №-----) და სქემატური ნახაზებით №----- საკადასტრო კოდის მქონე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოპასუხის საკუთრებაში არსებული ს/ქ ---, -----, ----- საკადასტრო კოდის მქონე საკაბელო მეურნეობა, რომლის საშუალებით ელექტროენერგია მიეწოდება მოპასუხის აბონენტებს. მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერებით.
58. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებად იმ ფაქტზე მიუთითა, რომ სამართლებრივი საფუძვლით ფლობს ქონებას, კერძოდ, უძრავ ქონებას დაეუფლა მოსარჩელე შპს-ს დირექტორის თანხმობით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული პირი კომპანიის წარმომადგენელი იყო. ამასთან, არც რაიმე სახის წერილობითი თანხმობაა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი, რომ შეთანხმება არსებობდა მხარეთა შორის. შესაბამისად, არ დგინდება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში იქნებოდა და მოპასუხის მიერ ქონების ფლობა ჩაითვლებოდა მართლზომიერად.
59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
60. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
61. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
62. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
63. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
64. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ სადავო ფართი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. მის ტერიტორიაზე განთავსებულია მოპასუხის კუთვნილი სატრანსფორმატორო ქვესადგური შესაბამისი ელექტროგაყვანილობით. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების სტანდარტის მიხედვით, მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა ის გარემოება, რომ მის მიერ აღნიშნული ფართის ფლობა ხორციელდებოდა მართლზომიერად.
65. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მოპასუხემ მასზე დაკისრებული ზემოთ მითითებული საპროცესო ვალდებულება ვერ შეასრულა და საკუთარი პოზიცია რაიმე სარწმუნო მტკიცებულებით ვერ გაამყარა.
66. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
67. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
68. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
69. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
70. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
71. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2022 წლის 27 ივლისს №---- საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარიდან და 27 სექტემბერს №---- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან, სულ 400 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 250 ლარი, ასევე, დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, სულ - 355 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ-----ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „თ----ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №-----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2022 წლის 27 ივლისს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარიდან და 27 სექტემბერს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან, სულ 400 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 250 ლარი, ასევე, 150 ლარის 70% – 105 ლარი, სულ - 355 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე