საქმე №ა-5832-შ-148-2022 14 ნოემბერი, 2022 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „მ…..ც-ლ……იკ“
მოწინააღმდეგე მხარე – ა. თ. ძე ჩ-ნი
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის NA------და ამავე სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA-------განჩინებები
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის NA----განჩინებით განხორციელდა გადამხდევინებლის შპს „გ-ტ-ს-ის“ შეცვლა შპს „მ--ც-ლ---ით“ კრედიტორის თანხების მოთხოვნის ნაწილში 23 429 850,99 რუბლის ოდენობით, მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს NA-----საქმეზე 2018 წლის 21 აგვისტოს და მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს NA----საქმეზე 2018 წლის 13 დეკებრის განჩინებების გათვალისწინებით.
2. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა სააღსრულებო ფურცლების გაცემა შპს „მ---ც-ლ---ის“ სასარგებლოდ ა. თ. ძე ჩ-ვის 21 598 064,40 რუბლის და 1 831 786,59 რუბლის ოდენობის თანხების გადახდევინებაზე.
3. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის NA---განჩინებაზე სასამართლოს მიერ 2022 წლის 27 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მოვალედ მითითებულია ა. თ. ძე ჩ-ნი.
4. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის N----- განჩინებით ე. პ. ძე ე-ვს და ა. თ. ძე ჩ-ნს სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების გადახდა შპს „მ--ც-ლ---ის“ სასარგებლოდ 5 413 311,56 რუბლის ოდენობით, საიდანაც 5 090 902,08 რუბლი რეესტრის მესამე რიგის ძირითადი დავალიანებაა, 322 409,48 რუბლი ფინანსური სანქციები.
5. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA----- განჩინებაზე სასამართლოს მიერ 2022 წლის 10 ივნისს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მოვალედ მითითებულია ა. თ. ძე ჩ-ნი.
6. შპს „მ--ც-ლ---ის“ წარმომადგენელმა ბ. ბ-ლმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის NA----და ამავე სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA----განჩინებების ცნობა და აღსრულება ა. თ. ძე ჩ-ვის თანხის გადახდევინების ნაწილში.
7. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA----განჩინებით დასტურდება, რომ მოცემული საქმის განხილვა გაიმართა მოპასუხეთა და გაკოტრების საქმეში მონაწილე პირთა დაუსწრებლად, რომლებსაც სასამართლომ ჯეროვნად გაუგზავნა შეტყობინებები. ინფორმაცია სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა საარბიტრაჟო საქმეთა კარტოთეკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
8. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის NA----და ამავე სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA----განჩინებებიდან ირკვევა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს განჩინებები შესულია კანონიერ ძალაში. კერძოდ, 2021 წლის 13 ივლისის NA----16 განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 27 ივლისს, ხოლო 2022 წლის 8 მარტის NA----- განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 23 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართულ მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10. საქმის მასალებით არ დასტურდება საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით დადგენილი საერთაშორისო კომპეტენციის განსაზღვრის ზოგადი წესის საფუძველზე, რომლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.
11. უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან არ დასტურდება, რომ ა. თ. ძე ჩ-ნი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებს. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ 2022 წლის 10 ივნისს და ამავე წლის 27 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში ა. თ. ძე ჩ-ის დაბადების ადგილად მითითებულია - ქ. ----, ხოლო მისამართად - ქ. მოსკოვი, ----- ქუჩა, სახლი -, კორპ. -, ბ. -.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარემ ვერ დაასაბუთა განსახილველ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის არსებობა. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორს უნდა დაევალოს წარმოადგინოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საქართველოს სასამართლოს აქვს საერთაშორისო კომპეტენცია (მაგ.: ა. თ. ძე ჩ-ს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი).
13. ამასთან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ - მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიანი და აღსრულებადი გადაწყვეტილება (სუსგ №ა-1302-შ-31-2010, 6 ივლისი, 2010 წელი). საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ, შუამდგომლობითა და მასზე თანდართული მასალებით არც საქართველოში მოპასუხის რაიმე ქონების არსებობა დასტურდება, რომელზეც შეიძლება მიქცეულ იქნას აღსრულება.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს წარმოდგენილი შუამდგომლობის განსახილველად მიღების კიდევ ერთ დამაბრკოლებელ გარემოებაზე. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.
15. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA----განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი, რომლის ცნობა-აღსრულებასაც ითხოვს შუამდგომლობის ავტორი, დასტურდება წარმოდგენილი განჩინებით, თუმცა, შუამდგომლობაზე დართულ დოკუმენტებში არ არის მითითებული, რომ ზემოაღნიშნული განჩინების აღსრულება არ მომხდარა მისი გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
16. რაც შეეხება მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის NA----განჩინებას, აღნიშნული განჩინებით განხორციელდა გადამხდევინებლის შპს „გ----ტ-ს----ის“ შეცვლა შპს „მ---ც-ლ---ით“ კრედიტორის თანხების მოთხოვნის ნაწილში 23 429 850,99 რუბლის ოდენობით, მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს NA----საქმეზე 2018 წლის 21 აგვისტოს და მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს NA----საქმეზე 2018 წლის 13 დეკებრის განჩინებების გათვალისწინებით. ამავე განჩინებით დადგინდა სააღსრულებო ფურცლების გაცემა შპს „მ--ც-ლ---ის“ სასარგებლოდ.
17. შუამდგომლობის ავტორი ითხოვს მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის NA----განჩინების ა. თ. ძე ჩ-ვის თანხების დაკისრების ნაწილში ცნობასა და აღსრულებას, თუმცა ზემოაღნიშნული განჩინებით არ მომხდარა ა. თ-ის ძე ჩ-ვის თანხის დაკისრება, არამედ დადგინდა უფლებამონაცვლეობა და გადაწყდა სააღსრულებო ფურცლების გაცემა ახალ კრედიტორზე. შესაბამისად, აღნიშნული განჩინებით განსაზღვრული შედეგის მიღწევისათვის აუცილებელია მასთან ერთად მოთხოვნილ იქნას მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს NA----საქმეზე 2018 წლის 21 აგვისტოს და მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს NA---საქმეზე 2018 წლის 13 დეკებრის განჩინებების ცნობა და აღსრულება.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის NA----განჩინების ცნობისა და აღსრულების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი. იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო ამ ნაწილში შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.
19. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA----- განჩინების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნასთან მიმართებაში, შუამდგომლობის ავტორს უნდა დაევალოს წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: ა) იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს აქვს საერთაშორისო კომპეტენცია (ა. თ. ძე ჩ-ნს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან მას გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე ქონება); ბ) ცნობა იმის შესახებ, რომ მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA----განჩინების აღსრულება არ მომხდარა ამ განჩინების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.1 და 187.2 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის NA---განჩინების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნის ნაწილში შპს „მ---ც-ლ---ის“ შუამდგომლობა დარჩეს განუხილველი;
2. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA----განჩინების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „მ---ც-ლ---კს“ დაევალოს წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: ა) იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს აქვს საერთაშორისო კომპეტენცია (ა. თ. ძე ჩ-ს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან მას გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე ქონება); ბ) ცნობა იმის შესახებ, რომ მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA----განჩინების აღსრულება არ მომხდარა ამ განჩინების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;
3. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA-----განჩინების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნის ნაწილში დარჩება განუხილველი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური