Facebook Twitter

№ას-61-2022

20 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.დ–ძე (მოსარჩელე)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.დ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-28).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დამსაქმებელმა კანონიერად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, დ.დ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის N2192/კ ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 13200 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2006 წლის 30 იანვრიდან დ.დ–ძე მუშაობდა სსიპ ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე. 2012 წლის 08 ოქტომბრიდან-2020 წლის 27 თებერვლამდე დასასაქმებული იყო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის შეადგენდა 1100 ლარს.

5.2. პერიოდულად შეთავსებით ასრულებდა სამსახურის უფროსის მოვალეობას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის №13 ბრძანებით, როგორც სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის მთავარ სპეციალისტს გამოეცხადა მადლობა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი და სანიმუშო შესრულებისათვის, ხოლო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მ/შ-ის 21.10.2009წ. №28 ბრძანებით მიეცა პრემია 500 ლარის ოდენობით მოქალაქეთა ეფექტური მომსახურებისა და სანიმუშო მუშაობისათვის.

5.3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის N462 ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის N117 ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც, სააგენტოში განხორციელდა მთელი რიგი სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, სამსახურების შეერთების ხარჯზე გამსხვილდა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები. აღნიშნულის გამო, აუცილებელი გახდა სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესის გატარება და შტატების შემცირება.

5.4. სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციიდან გამომდინარე გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის N12682/კ ბრძანებით, სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეფექტური საჯარო მმართველობის განხორციელება, შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და სახელფასო ფონდის შემცირება. აღნიშნული ბრძანებით, სააგენტოს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილების, შტატების მოსალოდნელი შემცირების/გათავისუფლების ასევე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის/გაუგრძელებლობის თაობაზე. ამავე ბრძანებით სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლებისათვის (პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით) შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველსაყოფად დადგენილ იქნა ტესტირება (პროფესიული წერა, ქართული ენა, უნარ-ჩვევები) და გასაუბრება.

5.5. მოსარჩელე 2019 წლის 02 დეკემბრის ხელწერილით გაეცნო სამსახურში დაგეგმილი რეორგანიზაციის გამო შესაძლო გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებას.

5.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და ამავე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 17 დეკემბრის N13703/კ ბრძანებით განისაზღვრა კონკრეტული სამსახურები, რომელთა კვალიფიკაციის შეფასება სხვადასხვა კომპონენტს მოიცავდა. აღნიშნული ბრძანებით, ტერიტორიული სამსახურების შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვრა ტესტირება და გასაუბრება. ტესტირების ეტაპის ეფექტურად წარმართვას უზრუნველყოფდა სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ტესტირების თემატიკა განისაზღვრებოდა თითოეული სამსახურისათვის შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნულ კომპონენტში დ.დ–ძის მიერ მიღებული ქულები გადანაწილდა შემდეგნაირად: ზოგადი უნარ-ჩვევები - 46 ქულა 80 ქულიდან, სახელმწიფო ენის მართლწერა - 39 ქულა 80 ქულიდან და სამართლებრივი თემატიკა - 43 ქულა 50 ქულიდან.

5.7. რეორგანიზაციამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო საშტატო რაოდენობა - 615 ერთეული, თვის ფონდი - 813200 ლარი და წლიური ფონდი - 9758000 ლარი. რეორგანიზაციის შემდეგ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა - 530 ერთეულით, თვის ფონდი - 749900 ლარი და წლიური ფონდი - 9000000 ლარი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეორგანიზაციამდე იყო 16 საშტატო პოზიცია, მათ შორის სამსახურის უფროსის - 1, უფროსის მოადგილე - 1 და მთავარი სპეციალისტი - 14, აქედან 4 ვაკანტური; ვანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 3 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1, უფროსის მოადგილე - 1 და მთავარი სპეციალისტი - 1; თერჯოლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 4 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1 და მთავარი სპეციალისტი - 3, აქედან 1 ვაკანტური; სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 5 საშტატო პოზიცია, მათ შორის სამსახურის უფროსი - 1, და მთავარი სპეციალისტი - 4, აქედან 2 ვაკანტური; ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 2 სასტატო პოზიცია, მათ შორის სამსახურის უფროსი - 1 და უფროსის მოადგილე - 1; ბაღდათის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 2 საშტატო პოზიცია, მათ შორის სამსახურის უფროსი - 1 და მთავარი სპეციალისტი - 1; წყალტუბოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო - 4 საშტატო პოზიცია, მათ შორის სამსახურის უფროსი - 1 და მთავარი სპეციალისტი - 3; ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 7 საშტატო პოზიცია, მათ შორის სამსახურის უფროსი - 1, უფროსის მოადგილე - 1 და მთავარი სპეციალისტი - 5, აქედან 2 ვაკანტური; ზესტაფონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 3 საშტატო პოზიცია, მათ შორის სამსახურის უფროსი - 1 და მთავარი სპეციალისტი - 2; ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 3 საშტატო პოზიცია, მათ შორის სამსახურის უფროსი -1, უფროსის მოადგილე - 1 და მთავარი სპეციალისტი - 1. 2020 წლის 27 თებერვალს დასრულებული რეორგანიზაციის შემდგომ, ზემოთ მითითებული 10 სამსახურის გაერთიანების შედეგად, ჩამოყალიბდა იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, სადაც არის 38 საშტატო ერთეული აქედან სამსახურის უფროსი - 1, მთავარი სპეციალისტი - 37.

5.8. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მ/შემსრულებლის 2020 წლის 04 მაისის №01/81469 წერილის მიხედვით, სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის №12682/კ ბრძანების საფუძველზე განხორციელებულ რეორგანიზაციამდე სააგენტოში იყო 515 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომელი, ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია - 481 თანამშრომელი.

5.9. საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 12 ივნისის N01/97214 და 2021 წლის 23 მარტის №53759 წერილებით დგინდება, რომ იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არ არსებობდა ვაკანტური პოზიცია, გარდა ამავე სამსახურის უფროსის ვაკანტური პოზიციისა. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოსარჩელის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დაკავებული მთავარი სპეციალისტის თანამდებობა ამჟამად ვაკანტური არ იყო.

5.10. 2020 წლის 27 თებერვალს მოსარჩელეს ეცნობა, რომ იმავე თარიღიდან იგი გათავისუფლებული იყო სამსახურიდან ამასთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 27.02.2020 წლის N2194/კ ბრძანებით მოსარჩელე დ.დ–ძესთან 27.02.2020 წლიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის იმ დროს მოქმედი 37.1. მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე და მიეცა კომპენსაცია 1 (ერთი) თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. გათავისუფლების ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს გამართულად/ეფექტურად ფუნქციონირების და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა ადამიანური რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და მოხდა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების/სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. ორგანიზაციის ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ორ-სამ საშტატო ერთეულიანი სამსახურების და ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა. შედეგად, 6 სტრუქტურული ქვედანაყოფის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობდა 3 დეპარტამენტი (რომლებიც დარჩენილ ფუნქციებს შეითავსებდნენ). რაც შეეხება სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს, ამჟამად არსებული 29 სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად, ოპტიმიზაციის შედეგად, ფუნქციონირებას განაგრძობდა 21 სტრუქტურული ერთეული (სამსახური). ცვლილებები შევიდა აგრეთვე, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მოწყობის ნაწილშიც. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, ნაცვლად მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიისა, რეგიონული პრინციპით შეიქმნებოდა. შედეგად, 59 ტერიტორიული სამსახურის ნაცვლად, ფუნქციონირებას განაგრძობდა 22 ტერიტორიული სამსახური. მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში მენეჯერული პოზიციები, მათ შორის შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა. ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, განხორციელდა სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებში და ტერიტორიულ სამსახურებში თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასება. თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად, მოხდა ტესტირების (სახელმწიფო ენის მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრების შედეგად, პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინება.

5.11. დ.დ–ძე 2006 წლის 30 იანვრიდან დანიშნული იყო ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის შტატში და არა შტატგარეშე თანამშრომლად ამასთან, უდავოდ დადგენილი იყო, რომ რეორგანიზაციამდე სამსახურში არსებობდა 16 საშტატო პოზიცია, მათ შორის სამსახურის უფროსის - 1, უფროსის მოადგილე - 1 და მთავარი სპეციალისტის 14, რას იმას ნიშნავდა, რომ დ.დ–ძე გათავისუფლებამდე იკავებდა მთავარი სპეციალისტის პოზიციას, ხოლო სპეციალისტის ან შტატგარეშე თანამშრომლის პოზიცია სამსახურში არ არსებობდა.

5.12. 2020 წლის 14 იანვარს, მოპასუხის მიერ შექმნილ კომისიაში ჩატარდა მოსარჩელესთან გასაუბრება. გასაუბრების N16 ოქმის ამონაწერში დაფიქსირებულია, რომ სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა - დ.დ–ძემ ტესტირებაში მიღებულ საშუალოზე დაბალ ქულებთან დაკავშირებით განმარტა, რომ „სათანადოდ ვერ შეძლო გამოცდებისთვის მომზადება. ასევე, აღნიშნა, რომ ტესტირებისათვის მომზადების პროცესზე მინიმალური ბარიერის არარსებობამაც იმოქმედა, თუმცა მიაჩნია, რომ გამოცდებზე მიღებული დაბალი ქულები გავლენას ვერ იქონიებდა მის შემდგომ საქმიანობაზე“. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური შეუერთდება იმერეთის სამსახურს, თანამშრომლებს მოეთხოვებოდათ მეტი კომპეტენცია. კომისიის მოსაზრებით კი, დ.დ–ძე ტესტირებაში მიღებული ქულების გათვალისწინებით, თავს ვერ გაართმევდა დაკისრებულ საქმეს.

5.13. პალატამ მიიჩნია, რომ ოქმები შეიცავდა ზოგადი ხასიათის მითითებას დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით და მიღებულ არადამაკმაყოფილებელ პასუხებზე, რაც არ ქმნიდა საკმარის საფუძველს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, წარმატებული მუშაკის არაკვალიფიციურობის შესახებ დასკვნის გამოსატანად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გასაუბრების ოქმში დაფიქსირებული გარემოებები უარყოფილია დასაქმებულის მხრიდან, ხოლო ამ გარემოებათა ნამდვილობა სხვა რაიმე მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.

5.14. პალატის მითითებით, რეორგანიზაციის შემდგომ შემცირდა მხოლოდ სამსახურების უფროსებისა და მათი მოადგილეების საშტატო ერთეულები, ხოლო მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 3 ერთეულით და იმ დროისათვის დარჩა ვაკანტური. შესაბამისად, დასტურდებოდა, რომ მიუხედავად ორგანიზაციული ცვლილებებისა, არ შემცირებულა ის შტატი, რაზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე და ასევე არ შემცირებულა აღნიშნულ პოზიციაზე შრომის ანაზღაურების ოდენობა.

5.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით განსაზღვრული სათანადო წინაპირობების არსებობა, რაც განაპირობებდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობას. ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში კი ვინაიდან, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა გაუქმდა, ხოლო საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მთავარი სპეციალისტის თანამდებობა ან ტოლფასი - სპეციალისტის თანამდებობა ვაკანტური აღარ იყო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორად იყო გამოყენებული დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალებად კომპენსაცია ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მითითება, რომ სამუშაო ძალის შემცირებას და სახელფასო ფონდის დაზოგვას არ ჰქონია ადგილი, არის უსაფუძვლო. ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელე სამუშაო ძალის შემცირების გამო არ გათავისუფლებულა. კასატორი მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის დროს ურთიერთშედარებულ იქნა ფუნქციურად მსგავსი დატვირთვის მქონე თანამდებობები და მიღებული შედეგების და მოსარჩელის შედეგებისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით გათავისუფლდა იგი სამუშაოდან. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შესთავაზა სააგენტომ რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ არსებული 3 ვაკანტური პოზიცია მოსარჩელეს, კასატორი მიიჩნევს, რომ სამუშაო ძალის შემცირება უნდა მომხდარიყო რეალურად და არა მოჩვენებითად.

6.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელეს არ ჰქონია შეფარდებული დისციპლინური სახდელი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საკუთარ მოვალეობებს და ამის საწინააღმდეგოდ სააგენტოს არც მიუთითებია და არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენია.

6.4. კასატორის მოსაზრებით გაურკვეველია სასამართლოს პოზიცია კომპენსაციის ოდენობაზე, ვინაიდან შესაბამისი ატრგუმენტაციის გარეშე განისაზღვრა 12 თვის სარგოთი.

დ.დ–ძის შეგებებული საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.5. მიუხედავად იმისა, აღდგენის დროისთვის ვაკანტურია თუ არა მთავარი სპეციალისტის პოზიცია, უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკი პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ვინაიდან მოპასუხე მიუთითებს, რომ სამსახურის უფროსები და მოადგილეები მთავარი სპეციალისტების კონკურენტები იყვნენ, მათი პოზიციები ტოლფასია და მოსარჩელის აღდგენა სამსახურის უფროსის პოზიაციაზეც შესაძლებელია.

6.6. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია შეეხება კომპენსაციის ოდენობასაც, იგი მიიჩნევს, რომ კომპენსაციის ოდენობა მინიმუმ 24 თვით უნდა განსაზღვრულიყო, ვინაიდან, გათავისუფლებიდან გასული დროის გათვალისწინებით 12 თვის ანაზღაურება არ არის შესაბამისი და ვერ უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრისა და 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და დ.დ–ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობა, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრით სადავოა აღდგენის წინაპირობების არსებობა და კომპენსაციის ოდენობა.

12.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მისი შდეგების მოსარჩელისადმი მართლზომიერების საკითხები, კერძოდ, შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, დამსაქმებელის მიერ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენება, ანუ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 115-ე და მე-8 მუხლებით რეგულირებული საკითხები და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შრომის უფლების დაცვის სტანდარტი, ვინაიდან რეორგანიზაცია დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ №ას-115-111-2016, 8.04.2016წ.).

12.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს და, ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.

12.3. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (სუსგ. №ას-665-636-2016, 9.12.2016)“.

13. შრომით დავებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი, რომელიც რეორგანიზაციის მართლზომიერებაზე მიუთითებს, სწორედ თავადაა ვალდებული, რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელის მიმართ მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინოს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

13.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ცვლილება განიცადა მოპასუხე ორგანიზაციამ. წარმოდგენილია დამაჯერებელი, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დამყარებული არგუმენტაცია, რომ განხორციელებული რეორგანიზაცია ნაკარნახევი იყო ფინანსებისა და შტატების ოპტიმიზაციით, კერძოდ, დასტურდება როგორც საშტატო ნუსხის, ასევე ყოველთვიური და წლიური ფონდების შემცირება. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკმარის საფუძველს მოპასუხის პრეტენზიის (კანონიერად ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლიანობა) გაზიარებისთვის და მიუთითებს, რომ ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაცია არ წარმოშობს დასაქმებული პირის უპირობოდ გათავისუფლების საფუძველს, დამსაქმებელს ევალებოდა ესაბუთებინა, თუ რა გარდაუვალი აუცილებლობა არსებობდა კონკრეტულად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის. მითუმეტეს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 29 აპრილის N01/80320 წერილით დასტურდება რეორგანიზაციის დასრულების დღისათვის (2020 წლის 27 თებერვალი) მთავარი სპეციალისტის 3 ვაკანტური ადგილის არსებობა. ამასთან, საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მიერ ტესტირების შედეგად მიღებული ქულები რიგ შემთხვევაში აღემატება ტესტირებაში მონაწილე სხვა თანამშრომელთა შედეგებს.

13.2. კასატორი (მოპასუხე) მიუთითებს, რომ სპეციალურად შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობითა და გამჭვირვალობის ხარისხის დაცვით მოხდა თანამშრომელთა შეფასება და სხვა თანამშრომლებთან შედარებით დაბალი შეფასების მიღების გამო, აგრეთვე გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების გათვალისწინებით გათავისუფლდა მოსარჩელე დაკავებული პოზიციიდან, რასაც ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი თანამშრომლების გასაუბრების ოქმის ამონაწერიდან ირკვევა მხოლოდ მოსარჩელისათვის დასმული კითხვები და პასუხები, ხოლო სხვა პირებისათვის დასმული კონკრეტული კითხვები და პასუხები წარმოდგენილი არ არის. მოპასუხის მხოლოდ მითითება, რომ მოსარჩელის მიერ გაცემულმა არადამაჯერებელმა პასუხებმა განაპირობა მისი სამუშაოდან გათავისუფლება, ვერ მიიჩნევა საკმარისად, ვინაიდან საქმის მასალები არ იძლევა პასუხების შედარებისა და შეჯერების შესაძლებლობას. კასატორის ასევე აპელირებს განჩინების დაუსაბუთებლობაზე იმ საფუძვლითაც, რომ მოსარჩელე არასწორად იქნა მიჩნეული გულისხმიერ თანამშრომლად და არასწორად იქნა მიჩნეული, რომ მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დიციპლინური სახდელი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დ.დ–ძის გათავისუფლება მოხდა რეორგანიზაციის საფუძვლით, ხოლო ის გარემოება, რომ დ.დ–ძე გულისხმიერად არ ეკიდებოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს საქმის მასალებით არ დგინდება. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ 2010 წლის 09 დეკემბრის N3094 ბრძანებას მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ, აღნიშნული ვერ გახდება მოსარჩელის არაგულისხმიერ თანამშრომლად მიჩნევის საფუძველი.

13.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში, სამუშაო ძალის შემცირების შემთხვევაშიც, ასეთი საფუძვლით გათავისუფლებული თანამშრომლისათვის ნათელი უნდა ყოფილიყო შერჩევის რა კრიტერიუმით ისარგებლა დამსაქმებელმა. შრომით-სამართლებრივი დავებისათვის დამახასიათებელი მტკიცების სპეციფიური სტანდარტის შესაბამისად, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა კონკრეტულად მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ისეთი გარემოებების არსებობა, რომელთა საფუძველზეც სხვა თანამშრომლებს მიენიჭათ სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა მოსარჩელესთან შედარებით.

13.4. რაც შეეხება შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, სამუშაოზე აღდგენის ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების მართებულობაზე და მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, წარმოიშვა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მითითებული დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018, 31 მაისი 2019 წელი; სუსგ №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი). განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია შეეხება იმას, რომ სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგი არასწორად განსაზღვრა, კერძოდ, არ აღადგინა სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში აღდგენის წინაპირობები იკვეთებოდა. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს აღნიშნულ პრეტენზიას და ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ვაკანტური და ტოლფასი თანამდებობის არარსებობაზე. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოპასუხემ მიუთითა სამსახურის უფროსისა და მოადგილის თანაბარ პირობებში კონკურენციაზე მთავარ სპეციალისთან, აღნიშნული პოზიციები ტოლფასად უნდა ჩაითვალოს და მისი აღდგენა უნდა მოხდეს სამსახურის უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე. პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისთვის ტოლფასი სამუშაო ნიშნავს, როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე - შრომის ანაზღაურების მხრივ მსგავს თანამდებობას და სამსახურის უფროსის თანამდებობა ტოლფასი თანამდებობის შინაარსის გათვალისწინებით ვერ ჩაითვლება მთავარი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობად.

13.5. კასატორისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიები შეეხება ასევე კომპენსაციის ოდენობას. სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც უნდა გათვალისწინდეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (მრავალ გადაწყვეტილებათა შორისაა სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალის განჩინება, №ას-536-2021, 2021 წლის 21 სექტემბერის განჩინება). ამავდროულად, გასათვალისწინებელია, უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური ვითარება, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272). გამომდინარე იქიდან, რომ შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, იგი ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით დგინდება.

13.6. საკასაციო პალატა გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია შეესატყვისება კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტს. ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-632-2019, 21 ივნისი, 2019 წელი; №ას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია და მისი ოდენობის შეცვლის წინაპირობები არ არსებობს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის საფუძვლით მოპასუხე ორგანიზაციას დააკისრა კომპენსაცია მოსარჩელის სასარგებლოდ. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და დ.დ–ძეს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

16. მხარეებმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

17. ამასთან, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 660 ლარის (საგადახდო დავალება N20692, გადახდის თარიღი 24.12.2021) 70% – 462 ლარი. დ.დ–ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ.ღ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 09.02.2022) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. დ.დ–ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (202307404) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 660 ლარის (საგადახდო დავალება N20692, გადახდის თარიღი 24.12.2021) 70% – 462 ლარი;

4. დ.დ–ძეს (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ღ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 09.02.2022) 70% – 210 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე