ბს-1186-761(გ-05) 16 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 14 თებერვალს მოსარჩელე ა. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ნ. ს-ისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე, მისი ოჯახის წევრები და მოპასუხე ნ. ს-ი რეგისტრირებული იყვნენ ქ. თბილისში, ..... მდებარე, 18 კვ.მ ერთოთახიან ბინაში. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ნ. ს-თან დაძაბული ურთიერთობის გამო ერთად ცხოვრება არ შეეძლო და სურდა ბინიდან მისი კუთვნილი წილის გაყიდვა. აღნიშნული ბინა არ იყო პრივატიზებული და მოსარჩელემ სთხოვა მოპასუხე ნ. ს-ს, ერთობლივი განცხადების საფუძველზე მოეხდინათ მისი პრივატიზება, მაგრამ ნ. ს-მა უარი განაცხადა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი უფლებები შეიზღუდა ნ. ს-ის უარით, რის გამოც სარჩელით მოითხოვა ნ. ს-ის დამოუკიდებლად, საერთო ფართიდან წილის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ბინაში რეგისტრირებულ პირებთან პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმების დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 23 ივნისის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დავა მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავების კატეგორიას, რის გამოც იგი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმე იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 11 ივლისის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი, რადგანაც მოსარჩელე ა. ს-ი სარჩელით პირველ რიგში ითხოვს ზემოაღნიშნული ბინის საერთო ფართიდან წილის გამოყოფას, რაც სამოქალაქო სამართალწარმოების წესითაა განსახილველი, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისთვის ბინის პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმების დავალების თაობაზე, წარმოადგენს წილის გამოყოფის თანმდევ შედეგს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აგვისტოს განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ ძირითად სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს არაპრივატიზებული ბინის საერთო ფართიდან წილების გამოყოფა, რომელსაც სარგებლობის უფლებით ფლობენ მხარეები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დავა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესითაა განსახილველი, რადგანაც იგი არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და დავის საგანს არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე და თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.
რაც შეეხება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისთვის პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულების თაობაზე ა. ს-ის მეორე სასარჩელო მოთხოვნას, იგი განიხილება მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტს ა. ს-ის სასარჩელო მოთხოვნას ბინის საერთო ფართიდან წილების გამოყოფის შესახებ, ვინაიდან ა. ს-ის მიმართ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის უარი ბინის პრივატიზებაზე ეფუძნება იმას, რომ სადავო ბინაში გარკვეული არ არის დამქირავებელთა წილები სარგებლობის უფლებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესითაა განსახილველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე _ ა. ს-ის სარჩელის გამო მოპასუხეების: ნ. ს-ისა და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ, პრივატიზებული ბინის საერთო ფართიდან წილების გამოყოფისა და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისთვის ბინის პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმების დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.