№ას-93-2022
28 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ.მ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ნ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზ.ნ–მა (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ზ.მ–ძის (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, აუცილებელი გზით (კიბით) სარგებლობის უფლების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 1-14).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით მიუთითა, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაევალა ითმინოს და ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, ....... მდებარე ბინა 25ბ-სთან (ს/კ ......) დამაკავშირებელი აუცილებელი გზით (კიბით) სარგებლობაში, რომელიც მდებარეობს მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის ჰოლში (ქ. ბათუმი, ......, ს/კ .......).
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 08 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ზ.ნ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
3.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 თებერვლის განჩინებით საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 09 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 01 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ნოემბრის განჩინებით ზ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. ზ.ნ–ი ირიცხებოდა ქ. ბათუმში, ....... მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-10 და მე-11 სართულზე არსებული მანსარდების - ბინა 25ა-ს (ს/კ - ........, ფართი 64.60 კვმ) და ბინა 25ბ-ს (ს/კ[1]......, ფართი 42.80 კვმ) მესაკუთრედ. მიუხედავად იმისა, რომ ბინები წარმოადგენდნენ სხვადასხვა საკადასტრო კოდებზე არსებულ დამოუკიდებელ საკუთრების ობიექტებს, მე-11 სართულზე მდებარე N25ბ ბინის (ს/კ - .........) საჯარო სივრცესთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს კიბის უჯრედი, რომელიც მოწყობილია მე-10 სართულზე მდებარე ბინა N25ა-ს (ს/კ - ..........) ჰოლში.
5.2. 2014 წლის 11 აგვისტოს, ქ. ბათუმში, ......... მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-10 სართულზე არსებული მანსარდა - ბინა 25ა (......., ფართი 64.60 კვმ.) იძულებითი აუქციონის მეშვეობით შეიძინა მოპასუხე ზ.მ–ძემ. უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - ......., 2015 წლის 21 მაისიდან აღირიცხა მესაკუთრე ზ.მ–ძის სახელზე. მესაკუთრემ მოითხოვა მის მიერ შეძენილი ბინის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემა.
5.3. ზ.მ–ძის მიერ უძრავი ნივთის შეძენის მიუხედავად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული ფართით (N25ა ბინის ჰოლში არსებული კიბით) სარგებლობას დღემდე აგრძელებს მოსარჩელე ზ.ნ–ი და ამ ფართს იყენებს მის საკუთრებაში არსებულ N25ბ საცხოვრებელ ბინაში შესასვლელად.
5.4. მოსარჩელე ზ.ნ–ის კუთვნილი N25ბ ბინა მთლიანად იზოლირებულია საჯარო სივრცისგან. მოპასუხე ზ.მ–ძის საკუთრებაში არსებულ ბინა N25ა-სთან დაკავშირება შესაძლებელია საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ხოლო მოსარჩელე ზ.ნ–ის საკუთრებაში არსებულ N25ბ საცხოვრებელ ბინასთან (ს/კ - .........., ფართი 42.80 კვ.მ) დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ ზ.მ–ძის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ჰოლში არსებული კიბის უჯრედის მეშვეობით. სხვა შესასვლელი მოსარჩელის კუთვნილ ბინას არ გააჩნია. ამასთან, მე-11 სართულზე არსებულ ბინა N25ბ-სთან დასაკავშირებლად სხვა შესასვლელის (დამაკავშირებელი გზის) მოწყობა შეუძლებელია.
5.5. დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.04.2016 წლის N002366816 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმში, .......... მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-10 სართულზე განთავსებულ მოქალაქე ზ.მ–ძის საცხოვრებელ ბინაში, ამავე შენობის მე-11 სართულზე განთავსებულ ზ.ნ–ის მანსარდაში მოხვედრის მიზნით, ალტერნატიული კიბის უჯრედის მოწყობა სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით საცხოვრებელი ბინების ფუნქციური (დანიშნულებრივი) ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია.
5.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: ზ.მ–ძის კუთვნილ ფართში (ბინა 25ა), შესასვლელის გასწვრივ დამონტაჟებულია შიგა კიბე, რომლითაც ზ.ნ–ი უკავშირდება თავის კუთვნილ ფართს (ბინა 25ბ-ს). დათვალიერების მიზანია შემოწმდეს, რამდენად არის შესაძლებელი ზ.ნ–ის კუთვნილ ბინაში სხვა ალტერნატიული შესასვლელის მოწყობა.
5.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა საკითხი: არის თუ არა შესაძლებელი ქ. ბათუმში, ....... მდებარე საცხოვრებელ ბინა 25ბ-ში საცხოვრებელი სახლის მე-11 სართულზე მდებარე მანსარდში, ზ.ნ–ის საკუთრებაში არსებულ ბინაში (25ბ) შესასვლელის მოწყობა (კარების ღიობის გაჭრა) სადარბაზოს მხრიდან და თუ შესაძლებელია, რა ვარიანტით (სავარაუდო კარის ღიობის ადგილმდებარეობის მითითებით).
5.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 13 აგვისტოს №005721521 ექპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ.ნ–ის კუთვნილ ბინა N25ბ-[1]ში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ზ.მ–ძის კუთვნილი ბინა 25ა-ში არსებული შიდა ასასვლელი კიბის საშუალებით; გარდა ზემოაღნიშნული შესასვლელისა, შესაძლებელია ალტერნატიული შესასვლელის მოწყობა ზ.ნ–ის კუთვნილ ბინაში სადარბაზოს მხრიდან, მე-11 სართულზე (სხვენი, მანსარდი) ასასვლელი კიბისა და ზ.შ–ის კუთვნილი ფართის - კიბის ბაქნის გამოყენებით (2,14, კვ.მ ფართი), მოცემულ კიბის ბაქანზე კედელში ღიობის გამოჭრისა და თვით ზ.ნ–ის კუთვნილ ბინა 25ბ-ში (საძინებელ ოთახში) არსებულ კედელში ღიობის გამოჭრისა და კარის ბლოკის ჩასმის გზით; ზ.ნ–ის კუთვნილ ბინაში ზემოაღნიშნული ალტერნატიული შესასვლელის მოწყობის დროს განსახორციელებელი იქნება (სხვენის რეკონსტრუქციაზე შესაბამისი პროექტისა და ნებართვის საფუძველზე) ზ.ნ–ის კუთვნილი ბინის, ზ.შ–ის კუთვნილი ზემოაღნიშნული კიბის ბაქნის ფართისა და სადარბაზოში არსებული ლიფტის შახტის მიმდებარე უბანზე სხვენის რეკონსტრუქცია.
5.9. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მისასვლელი გზის გარდა, მოსარჩელე ზ.ნ–ის საცხოვრებელ ფართთან დამაკავშირებელი ალტერნატიული შესასვლელის მოწყობა ფაქტობრივად შეუძლებელია სხვის საკუთრებაში არსებული კიბის ბაქნის გამოყენების, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციებისა და დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნული გარემოებები თავის მხრივ შესაძლოა მხარეთა შორის ახალი დავის წამოწყების საფუძველი გამხდარიყო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ალტერნატიული შესასვლელის მოწყობის დადგენა იმ ფორმით რის შესაძლებლობასაც იძლევა საცხოვრებელი ბინების განლაგება და ექსპერტიზის დასკვნაში ასახული რეალური მდგომარეობა, ვერ უზრუნველყოფდა მოცემული დავის უფრო ეფექტურ გადაწყვეტას და მხარეთა (როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის) უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფას, იმაზე უკეთ, ვიდრე დღეის მდგომარეობითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ალტერნატიული შესასვლელის მოწყობა შეუძლებელია სხვის (მესამე პირის ზ.შ–ის) საკუთრებაში (კიბის ბაქანი 2,14, კვ.მ) შეჭრის გარეშე, რაც იწვევს სხვა პირების უფლებების შეზღუდვას და არათანაზომიერ ხარჯებს.
5.10. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაადასტურა საკუთარ საცხოვრებელ ბინამდე მისასვლელად მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ბინაში მოწყობილი კიბის უჯრედით სარგებლობის აუცილებლობა და გარდაუვალობა, ხოლო ასეთ პირობებში, მოპასუხის უფლების ამგვარი შეზღუდვა (მოპასუხის კუთვნილი ფართით მოსარჩელის მიერ სარგებლობა), თავის მხრივ მოპასუხის თმენის ვალდებულებას წარმოშობდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.11. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლზე, სადაც მოცემულია საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობები. აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. პალატის მითითებით, აღნიშნული ნორმა გულისხმობს ნივთის ამგვარი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას, ხოლო ასეთი ობიექტური გარემოებები შეიძლება იყოს: სხვა გზის არარსებობა, რაც შეუძლებელს ხდის ნივთის ჯეროვანი გამოყენების შესაძლებლობას (ისპობა ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა).
5.12. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე და 180-ე მუხლებზე და განმარტა, რომ აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ამ უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს - აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს. კანონის ეს დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ობიექტური აუცილებლობიდან და საკუთრებით ჯეროვანი სარგებლობის უფლების რეალიზაციიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს, შევიდეს და ისარგებლოს მოპასუხის საკუთრებაში არსებული კიბის უჯრედით, რათა შეძლოს აუცილებელი კავშირის დამყარება საკუთარ საცხოვრებელ ბინასთან, იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მისი, როგორც სოციუმის წევრის არსებობისთვის. ამ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მოსარჩელის უფლებამოსილება, მოითხოვოს და მოპასუხის ვალდებულება ითმინოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთრების უფლების შეზღუდვა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.მ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასწორად შეაფასა ან საერთოდ სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა. დავის ფარგლებში წარმოდგენილი დასკვნა ადასტურებდა ალტერნატიული მისასვლელის მოწყობის შესაძლებლობას, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია საცხოვრებელ სივრცეში აუცილებელი გზის მოწყობის დავალება, რითაც კასატორს წაართვა საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ზ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. მოცემულ საქმეში, სარჩელის საგანია აუცილებელი გზის უფლების დადგენა. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 180-ე მუხლი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით) წარმოადგენს, რომელშიც საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული.
13. დასახელებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.
14. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ-ებები №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).
15. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი გზასთან და მოსარჩელის საცხოვრებელ ბინასთან დაკავშირების ყველაზე ოპტიმალური შესაძლებლობა მოპასუხის საცხოვრებელ ბინაში არსებული კიბით სარგებლობაა. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ალტერნატიული მისასვლელის მოწყობის შესაძლებლობაზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმადაც მოსარჩელის საცხოვრებელ ფართთან დამაკავშირებელი ალტერნატიული შესასვლელის მოწყობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 13 აგვისტოს N005721521 დასკვნის თანახმად, ფაქტობრივად შეუძლებელია სხვის საკუთრებაში არსებული კიბის ბაქნის გამოყენების, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციებისა და დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნული გარემოებები თავის მხრივ შესაძლოა მხარეთა შორის ახალი დავის წამოწყების საფუძველი გახდეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ალტერნატიული შესასვლელის მოწყობის დადგენა იმ ფორმით რის შესაძლებლობასაც იძლევა საცხოვრებელი ბინების განლაგება და ექსპერტიზის დასკვნაში ასახული რეალური მდგომარეობა, ვერ უზრუნველყოფს მოცემული დავის უფრო ეფექტურ გადაწყვეტას იმაზე უკეთ, ვიდრე დღეის მდგომარეობითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ალტერნატიული შესასვლელის მოწყობა შეუძლებელია სხვის (მესამე პირის - ზ.შ–ის) საკუთრებაში (კიბის ბაქანი 2.14 კვ.მ) შეჭრის გარეშე, რაც იწვევს სხვა პირების უფლებების შეზღუდვას და არათანაზომიერ ხარჯებს. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ალტერნატიული შესასვლელის მოწყობის დროს კიბის ბაქნის ფართისა და სადარბაზოში არსებული ლიფტის შახტის მიმდებარე უბანზე სხვენის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროექტისა და ნებართვის საფუძველზე, რომლის მიღების გარანტიაც შეუძლებელია გააჩნდეს მოსარჩელეს.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სსკ-ის 180.1 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს მართებულად მიანიჭეს აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება. სასამართლოს შეფასებები დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო კვლევების შედეგების სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით (ინდივიდუალურად და ერთობლიობაში) შეფასებიდან, ხოლო კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
18. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ.მ–ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 08.02.2022) 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ზ.მ–ძეს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 08.02.2022) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე