№ას-1509-2022
06 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შ.შ–ძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი – ლ.ჯ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს.ბ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 04 აპრილს სს „ს.ბ–მა“ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - შ.შ–ძისა და ლ.შ–ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად.
2022 წლის 15 სექტემბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა - ლ.ჯ–მა აღნიშნა, რომ იგი ახალი ჩართული იყო საქმეში მოპასუხეთა წარმომადგენლის სტატუსით, შესაბამისად, მორიგებისა და საქმის მასალების დედანში გაცნობის მიზნით სჭირდებოდა სასამართლო სხდომის გადადება. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ ამ ვადაში შესაძლოა წარმოედგინა შეგებებული სარჩელიც.
თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმის განხილვა გადაიდო 2022 წლის 26 ოქტომბერს 15:00 საათზე.
აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე - შ.შ–ძის წარმომადგენელმა ლ.ჯ–მა, რომლითაც გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით შ.შ–ძის წარმომადგენლის ლ.ჯ–ის კერძო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებაზე როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განიმარტა, რომ აღნიშნული განჩინება არ საჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხე - შ.შ–ძის წარმომადგენელმა ლ.ჯ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრისა და საქმეში არსებული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შ.შ–ძის წარმომადგენლის ლ.ჯ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს დასაშვებია თუ არა გასაჩივრებულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით სასამართლო სხდომა გადაიდო 2022 წლის 26 ოქტომბერს 15:00 საათზე. საქმის განხილვის გადადების თაობაზე მიღებული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე – შ.შ–ძის წარმომადგენელმა ლ.ჯ–მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მხარის - შ.შ–ძის წარმომადგენელმა განჩინებაზე კერძო საჩივარი მაინც წარადგინა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება საოქმო განჩინებაზე (საქმის განხილვის გადადების შესახებ) წარდგენილი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას კი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილზეც, რომლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შესაძლოა გახდეს სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა, თუმცა აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი იმსჯელოს შუალედურ განჩინებაზე, თუ ის გასაჩივრებულია შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლით, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.შ–ძის წარმომადგენლის ლ.ჯ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია