Facebook Twitter

საქმე №ას-848-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ფ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. უ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. უ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მ. ფ-ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), თ. ლ-ისა (შემდეგში: მეორე მოპასუხე) და თ. მ-ის (შემდეგში: მესამე მოპასუხე) წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის - 36 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელემ, 2016 წლის 5 მარტის №--- სესხის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ს----ო კ----ია ს----ზე’’ სესხი 25 000 ლარი გასცა. სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 25%-ის დარიცხვის პირობით;

3.2. მოსარჩელემ, 2016 წლის 19 მარტის №---- სესხის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ს----სო კ----ია ს----ზე’’ სესხი 11 000 ლარი გასცა. სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 33%-ის დარიცხვის პირობით;

3.3. შპს „ს----ო კ----ია ს----ოს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის თანხის დაბრუნების თაობაზე არ შეუსრულებია;

3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად) მეორე მოპასუხე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით; პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. მესამე მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;

3.5. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად და დაზარალებულთა შორის ….-ე ნომრადაა მითითებული;

3.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარში ასახული მსჯელობა დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი ნორმებით დავის გადაწყვეტის შეუძლებლობის თაობაზე და განმარტა, რომ განსახილველი დავა სწორედ დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა;

3.7. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ მოსარჩელესა და შპს „ს----ო კ----ია ს----ოს“ შორის სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა, რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელემ კომპანიას საკმაოდ სოლიდური ოდენობით სარგებლიანი კრედიტები მისცა. შპს „ს-----ო კ----ია ს----ოს“ მხრიდან ზემოაღნიშნული თანხების სრულად გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ არ განხორციელებულა. ხსენებული თანხები შესაბამისი პროცედურის გათვალისწინებით უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისთვის უნდა გამოყენებულიყო, მიუხედავად ამისა, მეორე მოპასუხემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების მიერ საქმიანობის ჯეროვან წარმართვაზე, პირველი მოპასუხის ორგანიზებით და მესამე მოპასუხესთან წინასწარი შეთანხმებით გასცა სესხები, როგორც თავად პირველ მოპასუხეზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე. მოსარჩელის მტკიცებით, სწორედ მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რის გამოც პროკურატურამ ის დაზარალებულებად ცნო;

3.8. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დაადგინა, მოპასუხეებმა შპს „ს---სო კ----ია ს----ვის“ სესხის სახით მიცემული თანხები მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს. საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებით, კერძოდ, 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება, რომ მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მოპასუხეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მოსარჩელეებისათვის მატერიალური ზარალის მიყენება, რაც სამოქალაქო-სამართლებრივად დელიქტის შემადგენლობას იძლევა;

3.9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი;

3.10. სსკ-ის 998-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით;

3.11. ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ოდენობის დასამტკიცებლად მოსარჩელემ სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი (რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი), 2018 წლის 12 დეკემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (რომლითაც პირველი მოპასუხისა და მესამე მოპასუხის საკასაციო საჩივრები 2018 წლის 16 მაისის განაჩენზე არ იქნა დაშვეული განსახილველად), ასევე, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები და შპს „ს----სო კ----ია ს---ოს“ ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი სალაროს ორდერები წარადგინა. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ საფინანსო ორგანიზაციას სესხის სახით თანხა საკუთრებაში გადასცა, საქმის მასალებში არსებული შეუცილებადი მტკიცებულებებით დასტურდება. ის ფაქტი კი, რომ მოსარჩელემ სესხად გაცემული ფულადი თანხა, მოპასუხეთა, მათ შორის, პირველი მოპასუხის, განზრახი დანაშაულებრივი ქმედების გამო ვერ დაიბრუნა, საქმის მასალებში წარმოდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებით - განაჩენით არის დადასტურებული;

3.12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა;

3.13. სსსკ-ის 30917-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებული მტკიცებულების შექმნისა და მისი საკმარისობის საკითხი განხილულ უნდა იქნეს სსსკ-ის 343-ე თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად. სსსკ-ის 30917-ე მუხლის მეორე ნაწილის ჩანაწერი უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტის თაობაზე, გულისხმობს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, განსახილველი დავის თავისებურებების შესაბამისად, მაღალი სტანდარტის მქონე მტკიცებულებების წარმოდგენას;

3.14. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა სსსკ-ის XXXIV3 თავით გათვალისწინებული სპეციალური მოწესრიგების პროცედურული მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ამ კატეგორიის საქმეების განხილვის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ (სსსკ-ის 30920 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადეკვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (სუსგ №ას-176-163-2015);

3.15. ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით (№4075.სსმ1, №76) განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი; შეადრ. სუსგ-ას №ას-638-605-2014);

3.16. რაც შეეხება სსსკ-ის 30920-ე მუხლს, აღნიშნული ნორმა ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად, ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, კი, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სუსგ N937-888-2012, Nას-1322-2018);

3.17. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არა დაჩქარებული წესით, არამედ საერთო სასარჩელო წესით ხდება, ასეთ ვითარებაში, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, პრეიუდიციულ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, იგი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა ზოგადი სტანდარტით შეფასებას ექვემდებარება, რაც ნიშნავს, რომ განაჩენი, საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთად, როგორც ერთ-ერთი წერილობითი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს და სწორედ მათი შეპირისპირების შედეგად უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, განაჩენის მტკიცებულებითი ძალის შესუსტებას, შესაძლებელია მოპასუხე მხარის კვალიფიციური შედავება, იმავე ან უფრო მაღალი სამართლებრივი ძალის საპირისპირო მტკიცებულების წარდგენა ან/და სხვა ისეთი პროცესუალური ქმედების განხორციელება იწვევდეს, რომელიც განაჩენში მოყვანილ მსჯელობას აქარწყლებს;

3.18. განსახილველ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელიგანაჩენის საფუძველზე დადგენილია, რომ შპს „ს-----სო კ----ია ს----ოს“ დირექტორმა - მეორე მოპასუხემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, პირველი მოპასუხის წაქეზებით და მესამე მოპასუხის დახმარებით, მეანაბრეთა მიერ შეტანილი თანხები სესხის სახით პირველ მოპასუხეზე უკანონოდ გასცა, რაც მან პირადი შეხედულებისამებრ გამოიყენა და უკან არ დაუბრუნებია;

3.19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენში მითითებულია, რომ ოფიციალურად პირველ მოპასუხეს არც ერთ და არც მეორე საფინანსო კომპანიაში არ გააჩნდა რაიმე სახის წილი და არ იყო კომპანიის თანამშრომელი, მაგრამ, რეალურად, ის კომპანიის ფაქტობრივი მმართველი იყო;

3.20. ამავე განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული ისიც, რომ აპელანტი (პირველი მოპასუხე) კვირაში 2-3-ჯერ ცხადდებოდა კომპანიის ოფისში, წყვეტდა საკადრო საკითხებს, დავალებებს აძლევდა თანამშრომლებს, თავად იყო თავის თავზე სესხის გაცემის ინიციატორი, აპელანტზე გაცემული სესხები და ხელშეკრულების პირობები დგებოდა პირველი მოპასუხის მითითებით და თანხებთან დაკავშირებით ყველა მოქმედება ამ უკანასკნელთან თანხმდებოდა. განაჩენითვე განიმარტა, რომ პირველი მოპასუხის მოქმედება მეორე მოპასუხის მეშვეობით დაზარალებულთათვის მიყენებულ ზიანს უკავშირდება;

3.21. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, განაჩენით დადგენილი ფაქტები პრეიუდიციულად იქნება თუ არა მიჩნეული, მოპასუხე მხარეს მისი შინაარსის გამაქარწყლებელი სხვა რელევანტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ფულადი თანხის საფინანსო ორგანიზაციაში სესხის სახით შეტანის ფაქტი, სესხის ხელშეკრულებითა და სალაროს შემოსავლის ორდერებით უდავოდ დასტურდება. ის ფაქტი კი, რომ მოსარჩელემ მისი თანხა მოწინააღმდეგე მხარეთა განზრახი, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო ვერ დაიბრუნა, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დგინდება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით ვერ ქარწყლდება, რამაც სააპელაციო სასამართლოს მისცა შესაძლებლობა, რომ სესხად გაცემული და დაუბრუნებელი თანხა დაეკვალიფიცირებინა, როგორც „ზიანი“. ამიტომ, თუ სასამართლო სესხს უწოდებს საფინანსო კომპანიის ვალდებულებას, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მოპასუხეებად დასახელებული პირების იმგვარი ქმედების გამო არ დაბრუნდა, რომელსაც კრედიტორებისთვის ზიანის მიყენების საერთო მიზანი და განზრახვა სდევდა თან, აღნიშნული გარემოება მოპასუხეებს მოსარჩელესთან პასუხისმგებელ პირებად არა სახელშეკრულებო სამართლის, არამედ დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე აქცევს, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, აპელანტიც მოიაზრება;

3.22. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ვინაიდან პირველ მოპასუხეს შპს „ს----ო კ----ა ს-----ში“ არანაირი პოზიცია არ ეკავა და ის არანაირ სამართლებრივ კავშირში არ ყოფილა მეანაბრეეებთან (მათ შორის განსახილველ საქმეზე, მოსარჩელესთან), შესაბამისად იგი პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენდა და მისთვის ზიანის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეების ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელეს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, რაც პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუსაბუთებელს ხდის და მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ- სამართლებრივ წინაპირობას არ იძლევა;

3.23. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ დავა სამეწარმეო სამართლის მომწესრიგებელი ნორმებით უნდა გადაწყვეტილიყო, განმარტა, რომ უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მესამე მოპასუხე შპს „ს----ო კ---ია ს---ოს“ დამფუძნებელი, მეორე მოპასუხე კი - მისი დირექტორი იყო. ისეთ შემთხვევაში, თუ საქმეში კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ იარსებებდა, მაგრამ იარსებებდა სხვა სახის მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი შეფასებაც ზიანის შემადგენლობას შექმნიდა, მოპასუხეებად დასახელებული პირები მაინც იქნებოდნენ ზიანის ანაზღაურებაზე პერსონალურად პასუხისმგებელი პირები, ვინაიდან სამეწარმეო კანონმდებლობა პარტნიორისა და დირექტორის პასუხისმგებლობის გაჭოლვას, ანუ შეზღუდული შესაძლებლობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის გაქარწყლებას და პირადი პასუხისმგმებლობის დაყენების სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს (მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი). თუმცა იმ მსჯელობის გათვალისწინებით, რომ მოპასუხედ დასახელებული პირების მიერ განხორციელებული ქმედება, თავისი შინაარსით, დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს ქმნიდა, სწორედ ამიტომ, პირველი მოპასუხეც, რომელიც საწარმოს პარტნიორი ან დირექტორი არ ყოფილა, მოპასუხედ დასახელებულ სხვა პირებთან ერთად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს, ვინაიდან, როგორც განიმარტა, დავის გადაწყვეტა არა - სამეწარმეო სამართლის მომწესრიგებელი, არამედ დელიქტური სამართლით მომწესრიგებელი ნორმებიდან გამომდინარე ხდება;

3.24. სსკ-ის 408-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. იმ პრინციპის მხედველობაში მიღებით, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა სხვა პირს;

3.25. საქმის მასალებში არსებობს მოსარჩელესა და შპს „ს----სო კ---ია ს----ოს შორის“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომლებითაც დგინდება, რომ შპს „ს----ო კ---ია ს---ომ“ მოსარჩელისგან მიიღო სადავო თანხები, რაზედაც გათვალისწინებული იყო სარგებელი. ვინაიდან განაჩენით უტყუარადაა დადასტურებული, რომ მოპასუხეები კომპანიის ფინანსურ აქტივებს პირადი მიზნით იყენებდნენ, რის შედეგადაც 2 343 მოქალაქე დაზარალდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა უნდა აანაზღაურონ ზიანი;

3.26. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება ზიანის ოდენობასთან მიმართებით და განმარტა, რომ ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი თანხა უნდა იქნეს მიჩნეული.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

4.1. კასატორის განმარტებით, იგი არ იყო შპს ,,ს----ო კ----ია ს----ოს'' თანამშრომელი, დამფუძნებელი ან კომპანიის დირექტორი და მას კომპანიის დოკუმენტაციასთან წვდომა არ ჰქონდა. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს წარმოადგენს იურიდიული კომპანია, რომელიც ვალდებულია დააბრუნოს ნასესხები თანხა;

4.2. კასატორის მითითებით, პირველ მოპასუხეს უშუალოდ მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებია. მას ჰქონდა სასესხო ურთიერთობა შპს ,,ს----ო კ---ია ს---ან'' და მხოლოდ მისი ხელმძღვანელობა იყო პასუხისმგებელი საკუთარი ქმედებებისათვის კრედიტორების წინაშე;

4.3. კასატორს მიაჩნია, რომ საქმე განხილულ უნდა იქნეს სამეწარმეო და სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლის ნორმებით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

9. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

10. კასატორის მტკიცებით, განსახილველი სამართალურთიერთობის მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო სასამართლოს დელიქტური ვალდებულების მომწესრიგებელი ნორმები არ უნდა გამოეყენებინა, რადგან საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები ამ დავებისათვის დადგენილ სტანდარტულ კომპონენტებს არ აკმაყოფილებდნენ. სასამართლოების გადაწყვეტილება/განჩინება სესხის ხელშეკრულებას ემყარება, შესაბამისად აღნიშნული ურთიერთობაც სწორედ ამ ნორმებიდან გამომდინარეობს და მას არავითარი კავშირი არ აქვს დელიქტურ ვალდებულებასთან. მსესხებლის კრედიტორების მოთხოვნა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონს უნდა დაეყრდნოს.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას სასამართლოების მხრიდან კანონის არასწორ გამოყენებასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან საჭიროებს. სსკ-ის 992-ე მუხლის თანამხად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, 998-ე მუხლის შესაბამისად, „თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით).

12. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-751-751-2018, 15.10.2020 წ.) „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. თუკი ასეთი ქმედება არ არსებობს, მაშინ დელიქტის შემადგენლობის სხვა წინაპირობების შემოწმება ზედმეტია. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოქმედება მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ. მოქმედება შეიძლება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს) (იხ. სუსგ-ები: Nას-506-480-2015, 29.07.2016წ; Nას-150-2019, 8.06.2020წ).

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში განთავსებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ 31.07.2017წ. განაჩენზე, რომლითაც საფინანსო კომპანიის დამფუძნებელი (მესამე მოპასუხე), დირექტორი (მეორე მოპასუხე) და ფაქტობრივი მმართველი (კასატორი, პირველი მოპასუხე) მეანაბრეთა, მათ შორის მოსარჩელის, კუთვნილი თანხების გაფლანგვის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავეებად იქნენ ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 24.09.2010 წ. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს ჰქონდათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავდა სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი, თუმცა, სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019). ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ იქნეს განხილული (სუსგ N ას-1263-2019, 13.03.2020), პირველ მოპასუხეს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება.

15. სსსკ-ის 30920 მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ N ას-1322-2018, 04.04.2019 წ).

16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მოპასუხის საკასაციო საჩივარს იხილავს, ხოლო სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს ვერ გასცდება. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად მოსარჩელის მიერ შემცირებული მოთხოვნის ფარგლებში (იხ. ტ.2, ს.ფ.152) სწორედ სესხად გაცემული ძირითადი თანხა უნდა იქნეს მიჩნეული, რაც მოცემულ საქმეზე მართებულად დააკმაყოფილეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა (შეად. სუსგ-ებს: N1322-2018, 04.04.2019წ: N ას-94-2021, 06. 07. 2021; ას-112-2021. 07.07.2021წ.).

17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

18. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური