Facebook Twitter

საქმე №ას-932-2022 11 ნოემბერი, 2022 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ა.ჯ-ვა, გ. კ-ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "თ-----ი ე----ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ა. ჯ-სა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი ან პირველი დასაქმებული) და გ. კ-ის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი ან მეორე დასაქმებული) სარჩელი შპს „თ---ი ე---ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი ან კომპანია) წინააღმდეგ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

3.1. პირველ მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიას შორის, 2015 წლის 14 აგვისტოს, ხოლო მეორე მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიას შორის, 2019 წლის 1 ოქტომბერს, შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლებითაც პირველი და მეორე მოსარჩელეები ზეინკლის თანამდებობაზე დასაქმდნენ;

3.2. ხელშეკრულებების 1.2 პუნქტის თანახმად, პირველი დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაო განისაზღვრა თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა (ხელშეკრულების 1.5 პუნქტი);

3.3. პირველ მოსარჩელესთან 2015 წლის 14 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2016 წლის 12 აგვისტოს ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით მოქმედებდა;

3.4. 2015 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებაში 2019 წლის 15 აპრილს ცვლილება შევიდა და დასაქმებულის შრომის ანაზღაურებად 1 200 ლარი განისაზღვრა (მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით);

3.5. მეორე დასაქმებულთან გაფორმებული 2019 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 1 200 ლარით განისაზღვრა (მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით);

3.6. მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის N--- ბრძანებით - პირველი დასაქმებული, ხოლო N-- ბრძანებით - მეორე დასაქმებული საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბრიდან, დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ;

3.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლომ უპირველესად უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნების კანონიერება კი მოწმდება შეწყვეტის შესახებ აქტში მითითებული სამართლებრივი საფუძვლისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით (იხ. სუსგ №ას-210-199-2017). სასამართლო, მოპასუხის გადაწყვეტილების მართლზომიერების შემოწმებისას, ასევე ხელმძღვანელობს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში დამკვიდრებული ე.წ. favor prestatoris პრინციპით, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედებების კეთილსინდისიერების კონტექსტში (იხ. სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016 წ.);

3.8. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების კანონიერების შესწავლა, რა დროსაც ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები N ას-416-399-16, Nას-812-779-2016, Nას-1276-1216-2014, Nას-483-457-2015);

3.9. დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში Ultima Ratio-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით. მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის;

3.10. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლი). შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც ეკისრება დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულება (სუსგ №ას-1276-1216-2014, №ას-122-114-2015, Nას-194-185-2016);

3.11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 14 აგვისტოს და 2019 წლის 1 ოქტომბერს მოპასუხე კომპანიის მიერ პირველ და მეორე მოსარჩელესთან გაფორმებული იქნა შრომითი ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე მოსარჩელეები ზეინკლის პოზიციებზე დასაქმდნენ. ხელშეკრულებების 1.2 პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაო განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია (იდენტურად არის მოწესრიგებული 1.5 პუნქტითაც);

3.12. დამსაქმებელი კომპანიის შინაგანაწესის 7.2.1 პუნქტის თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია გულისხმიერად, კეთილსინდისიერად, დროულად, ზუსტად და კვალიფიციურად შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელისა ან/და კომპანიის სხვა უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი დავალებები. ხოლო 7.3.2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ თანამშრომელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის, შრომითი ხელშეკრულების, შრომის შინაგანაწესის, შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციისა და კომპანიის სხვა შიდასამართლებრივი აქტების მოთხოვნები, აგრეთვე სამსახურებრივ დოკუმენტებთან მუშაობის დადგენილი წესები;

3.13. შინაგანაწესის 8.1.3. პუნქტის მიხედვით, კომპანიას უფლება აქვს თანამშრომლის მიმართ გამოიყენოს წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა. ხოლო 18.2 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში თანამშრომლის მიმართ შეიძლება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება: შენიშვნა; საყვედური, ხელფასის 15%-ის ერთჯერადად დაკავებით; მკაცრი საყვედური, ხელფასის 30%-ის ერთჯერადად დაკავება; შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების მძიმე (უხეში) დარღვევისთვის;

3.14. მოპასუხე კომპანიის რაიონული სადისტრიბუციო ცენტრის ზეინკლის თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრულია ზეინკლის თანამდებობრივი მოვალეობები, მათ შორის: 2.1.11 პუნქტით - სადისტრიბუციო ცენტრის ხელმძღვანელი პირების მიერ გადმოცემულ დარღვევებზე საჭირო და დროული რეაგირება, კერძოდ: მრიცხველის დემონტაჟი და მონტაჟი, მრიცხველის დალუქვა ცელოფნის პარკში, გაზის ონკანების დალუქვა, აბონენტთა გათიშვა-ჩართვა, შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და დადგენილი წესით წარმოება და სხვა; 2.1.12 პუნქტის თანახმად, თავისი ფუნქციების შესრულების დროს გაფორმებულ დოკუმენტებში ზუსტი ინფორმაციის ასახვა;

3.15. დამსაქმებელი კომპანიის დირექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის N--- და N---ბრძანებების თანახმად ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი და კომპანიის მონიტორინგის დეპარტამენტის კონტროლის სამსახურის უფროსის - გ. ჩ-ის 2019 წლის 27 დეკემბრის N----- მოხსენებითი ბარათი გახდა;შესაბამისად, გამოიყენებოდა სშკ-ის 03/05/2019 - 17/03/2020 წელს მოქმედი რედაქცია. სსკ-ის მე-6 მუხლის თანახმად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას;

3.16. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ დამსაქმებლის მიერ 2019 წლის 6 თებერვლის ბრძანების პირველი პუნქტით განისაზღვრა იმ საცალო მომხმარებელთა არაგეგმიური შემოწმების განხორციელება, რომელთაც 2018 წელს ჩატარებული გეგმიური შემოწმების პერიოდში ქსელთან ჩაეხსნათ, ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამო გაზდანადგარები და ხელსაწყოები. ამავე ბრძანების მეორე პუნქტის თანახმად, არაგეგმიური შემოწმების დროს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების ან/და შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის მიწოდების თვითნებური აღდგენის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის საცალო მომხმარებლებს დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტოდათ ბუნებრივი გაზით მომარაგება, მათ მიერ ხარვეზების გამოსწორებამდე;

3.17. ბრძანებით გათვალისწინებულ სამუშაოებს მოსარჩელეები ასრულებდნენ. პირველმა და მეორე აპელანტებმა, 2019 წლის 22 დეკემბერს, აბონენტებთან: მ-ვი კ, მ-ვი ხ-, ა-ვი ხ. აქტები შეადგინეს. ამ აქტებში მითითებულია მრიცხველის ჩვენება, ასევე კომენტარი, რომ მრიცხველი დამონტაჟებულია გარეთ რკინის კარადაში და აბონენტებს შეუწყდათ გაზის მიწოდება ტექნიკურად გაუმართავი წყალგამაცხელებლების გამო, მრიცხველში ჩაიდო დამხშობი;

3.18. მითითებული აქტების საფუძველზე ჩუღურეთი-ნაძალადევის ბიზნეს-ცენტრის მენეჯერის დ. ბ-ის მიერ შედგენილია 2019 წლის 26 დეკემბრის N-----მოხსენებითი ბარათი, ასევე კონტროლის სამსახურის უფროსის გ. ჩ-ის 2019 წლის 27 დეკემბრის N------მოხსენებითი ბარათი, სადაც განმარტებულია: 1) აპელანტთა მიერ 22 დეკემბერს შედგენილია აქტები აბონენტებთან N---- (მ-ვი ხ.), N---- (მ-ვი კ. ), N---- (ა-ვი ხ.), სადაც მითითებულია, რომ ამ აბონენტებთან დარღვევით დამონტაჟებული დანადგარების გამო შეწყდა გაზის მიწოდება მრიცხველში დამხშობის ჩადებით. ადგილზე გადამოწმდა მისამართები და კომპანიის წარმომადგენლები გაესაუბრნენ აბონენტებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ 22 დეკემბერს მათთან მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლები არ ყოფილან და გაზის მიწოდება არ შეზღუდვიათ, რასაც ადასტურებენ წერილობითი განმარტებით და ხელმოწერით; 2) აბონენტების N--- (მ-ვი ხ.), N--- (მ-ვი კ.), N--- (ა-ვი ხ.) აქტებში 22 დეკემბერს დაფიქსირებული გათიშვის ჩვენებებსა და 23 დეკემბერს გადამოწმების დროს დაფიქსირებულ ჩვენებებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავება იყო, რაც ასევე ადასტურებდა იმას, რომ ადგილი ჰქონდა აქტების გაყალბებას. აბონენტ N---- მ-ვი ხ-ას აქტში დაფიქსირებული გათიშვის ჩვენება 22 დეკემბერი - 10114, გადამოწმების დროს დაფიქსირებული ჩვენება 23 დეკემბერი - 10131, სხვაობა შეადგენდა 17მ/კუბს. აბონენტ N---- მ-ვი კ. აქტში დაფიქსირებული გათიშვის ჩვენება 22 დეკემბერი - 11205, გადამოწმების დროს დაფიქსირებული ჩვენება 23 დეკემბერი - 11396, სხვაობა შეადგენდა 191 მ/კუბს. აბონენტ N---- ა-ვი ხ-ას აქტში დაფიქსირებული გათიშვის ჩვენება 22 დეკემბერი - 4836, გადამოწმების დროს დაფიქსირებული ჩვენება 23 დეკემბერი - 4895, სხვაობა შეადგენდა 59 მ/კუბს. იმ დანადგარების გათვალისწინებით, რომელსაც მოიხმარდნენ აღნიშნული აბონენტები, 24 საათის განმავლობაში შეუძლებელი იყო ამ მოცულობის გაზის მოხმარება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქტები შედგენილი იყო უფრო ადრე; 3) 22 დეკემბრით დათარიღებულ აქტში N---- ზეინკლებს მითითებული ჰქონდათ, რომ შეუწყვიტეს გაზმომარაგება აბონენტს N----, ტექნიკურად გაუმართავი წყალგამაცხელებლის გამო და ჩადეს დამხშობი მრიცხველის მილყელში. გადამოწმებისას დადგინდა, რომ აბონენტთან არის დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი დახურული წვის კამერით, ხოლო მრიცხველის მილყელს ადევს ლუქი N----, რომლითაც მრიცხველი დაილუქა 2018 წლის 21 ნოემბერს. ლუქის და ცელოფნის მთლიანობა დარღვეული არ არის, რაც იმას ადასტურებს, რომ აქტები გაყალბებულია; 4) დასაქმებულები შეეცადნენ აღნიშნული აბონენტების ნომრებზე 2019 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული და გაყალბებული აქტები გაეტარებინათ, როგორც კვირა დღეს ნამუშევარი და ამ გზით მიეღოთ ზეგანაკვეთური ანაზღაურება. ბოლო პერიოდში გახშირებული უბედური შემთხვევების გამო კომპანია გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმში, რათა დროულად გამოავლინოს დარღვევები და მიიღოს შესაბამისი ზომები მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის. აღნიშნული გადაცდომებით ბიზნეს-ცენტრის ზეინკლებმა საფრთხის შემცველ გარემოში დატოვეს მომხმარებლები, რაც მომავალში შეიძლებოდა უბედური შემთხვევის მიზეზი გამხდარიყო. ზეინკლებმა შრომის შინაგანაწესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები დაარღვიეს;

3.19. სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე დამსაქმებელი კომპანიის დირექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის ბრძანებების საფუძველზე მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა;

3.20. დასახელებული დარღვევებისა და შესაგებელში მითითებული გარემოებების დადასტურების მიზნით საქმეში წარმოდგენილია ხ.ა-ის, ასევე ხ. მ-ისა და მ. მ-ას 2019 წლის 23 დეკემბრის ხელწერილები, სადაც მითითებულია, რომ კომპანიის თანამშრომლებმა აბონენტი შეამოწმეს 20 დეკემბერს, სავარაუდოდ ხუთშაბათს ან პარასკევს, მისცეს გაფრთხილება, თუმცა გაზი არ ჩაუჭრიათ;

3.21. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწმეებად დაიკითხნენ: დ. ბ-ლი, მ. გ-ლი, ლ. ნ-ძე:

3.21.1. დ. ბ-მა განმარტა, რომ კომპანიის ჩუღურეთი- ნაძალადევის მომსახურების ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. 2019 წლის 23 დეკემბერს შემთხვევითობის პრინციპით ექსპლუატაციის სამსახურის უფროსმა შეარჩია აქტები და დაიწყო გადამოწმება. აღმოჩნდა, რომ პირველი და მეორე დასაქმებულების მიერ აქტში მითითებული ჩვენებები არ ემთხვეოდა რეალურად არსებულს, ზეინკლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ და ისე შეადგინეს აქტები. მან დასაქმებულებს მოსთხოვა წერილობითი ახსნა-განმარტება, რაზედაც პასუხად მიიღო, რომ ჯერ ადგილზე ნახავდნენ სიტუაციას და შემდეგ დაწერდნენ განმარტებას. მეორე დღეს ზეინკლებმა აღიარეს, რომ აბონენტებს გაზი ისევ მიეწოდებოდათ და ჩვენებები განსხვავდებოდა. 24 დეკემბერს ახსნა-განმარტების დაწერაზე მათ ისევ უარი განაცხადეს, რის შემდეგად 25 დეკემბერს სხვა ბრიგადა მივიდა ადგილზე და გაზის მიწოდება შეწყვიტა;

3.21.2. მ. გ-მა განმარტა, რომ კომპანიაში ზეინკლის პოზიციაზე მუშაობს. 2019 წლის 25 დეკემბრის ფაქტი არ ახსოვს, თუმცა ადასტურებს, რომ როცა თავად სამუშაოს ასრულებს, აქტს ადგენს ლ. ნ-ძე. აქტი დგება ადგილზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. ასრულებენ სამუშაოს, რასაც მას ავალებს ხელმძღვანელობა, თიშავს გაზის მიწოდებას, თუ ადგილზე არსებობს რაიმე საფრთხე ან საფრთხის შემცველი დანადგარები, ძირითადად წყალგამაცხელებელი. აქტში იწერება ლუქის ნომერი;

3.21.3. ლ. ნ-ემ განმარტა, რომ კომპანიაში ზეინკლის პოზიციაზე მუშაობს. ხელმძღვანელი პირის მიერ გამოძახების შემთხვევაში მუშაობს შაბათ-კვირასაც, აქტი დგება ადგილზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე;

3.22. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 25 დეკემბრის N----, N----, N--- აქტები, სადაც მითითებულია, რომ მ. გ-ლი და ლ. ნ-ძე გამოცხადდნენ აბონენტებთან: ხ. ა-ვი, კ. მ-ვი, ხ. მ-ვი. ხ. ა-ან წესრიგში იყო მრიცხველი და ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე. კ. მ-ან ჩაიხსნა მრიცხველი, ჩაიდო დამხშობი და დაილუქა. ხ. მ-ან მრიცხველი ცელოფანში შეიფუთა და დაილუქა კარადა;

3.23. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე: 2019 წლის 22 დეკემბრის აქტებზე, 23 დეკემბრის ფოტოსურათებზე, სადაც ასახული ჩვენებები მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ასევე აბონენტების მიერ შედგენილ 2019 წლის 23 დეკემბრის ხელწერილებზე, სადაც მითითებულია, რომ იმავე წლის 22 დეკემბერს მათთან მისამართზე არ ყოფილან კომპანიის თანამშრომლები, ასევე 2019 წლის 25 დეკემბრის აქტებზე, რომელიც შედგენილია მ. გ-ის და ლ. ნ-ის მიერ. სასამართლო ისიც აღნიშნა, რომ 2019 წლის 22 დეკემბრის აქტებში მითითებულია 2018 წლის 9 თებერვლის აქტის ლუქის ნომერი, ხოლო მოწმის ჩვენების თანახმად, ზეინკალს ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის ინდივიდუალური ლუქის ნომერი აქვს;

3.24. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდა ფაქტს, რომ პირველ და მეორე აპელანტებს 2019 წლის 22 დეკემბერს აქტები აბონენტების მისამართზე გასვლით არ შეუდგენიათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ ვინაიდან გაზის მიწოდება დაკავშირებულია მომეტებულ საფრთხესთან, კომპანიის წარმომადგენლებს ევალებათ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულონ მათზე ნაკისრი მოვალეობები, არ შეუქმნან საფრთხე სხვა პირებს. ამდენად, მოსარჩელეთა მიერ კომპანიის შინაგანაწესის 7.2 პუნქტის და 2017 წლის 31 ოქტომბრის ზეინკლის თანამდებობრივი ინსტრუქციის 2.1.11 და 2.1.12 პუნქტების დარღვევა მძიმე ხასიათისაა, რის გამოც მათ მიმართ სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება არ იქნებოდა მიზანშეწონილი;

3.25. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით;

3.26. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება;

3.27. დასაქმებულთა სასარჩელო მოთხოვნებია სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რაც მოსარჩელეებს სურთ, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და სსკ-ის 394-ე მუხლის პირველის ნაწილიდან, ასევე 408-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს;

3.28. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების წინაპირობაა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული ბრძანებები დასაბუთებულია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს დასაქმებულთა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლები.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

4.1. კასატორთა მითითებით, პირველმა მოსარჩელემ მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობა 2005 წლიდან დაიწყო, მეორე მოპასუხემ კი - 2017 წლიდან. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ არ მიუღიათ არც ერთი შენიშვნა, საყვედური, მათ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის არც ერთი ღონისძიება, მოვალეობებს ყოველთვის კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მაქსიმალური მონდომებით ასრულებდნენ. დასაქმებულთა ერთადერთ შემოსავლის წყაროს სწორედ მოპასუხე ორგანიზაციიდან მიღებული ხელფასი წარმოადგენდა;

4.2. კასატორთა განმარტებით, სადავო მისამართზე გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მოსახლე არ იმყოფებოდა სახლში. მოსარჩელეებმა განახორციელეს მათზე დაკისრებული ვალდებულებები, მოითხოვეს დანადგარების შემოწმება, რასაც მოჰყვა მოსახლეობის გაღიზიანება. იყო ზამთარი, წინასაახალწლო პერიოდი და აბონენტები იყვნენ გაზის მიწოდების შეწყვეტის წინაშე. ადგილზე წარმოიშვა დაპირისპირება მოსახლეობასა და მოსარჩელეებს შორის, რომელიც ცდილობდნენ შეესრულებინათ მათზე დაკისრებული ვალდებულებები, ხოლო მოსახლეობა ხელს უშლიდა. აბონენტები წარმოადგენენ ნათესავებს და თითო ოჯახში არაერთი ადამიანი ცხოვრობს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე მოსარჩელეებს უწევდათ, ერთი მხრივ, შეეწყვიტათ გაზის მიწოდება, ის რაც განახორციელეს და, მეორე მხრივ, აეღოთ აბონენტების გაზის მრიცხველის ჩვენება;

4.3. კასატორთა განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების რეალური საფუძველი იყო ის გარემოება, რომ ისინი აპროტესტებდნენ დამსაქმებლის მითითებას, შაბათ-კვირასაც შეესრულებინათ ზეგანაკვეთურად სამუშაო, რაც ეწინააღმდეგებოდა დამსაქმებლის ინტერესს და მოსარჩელეები იკვეთებოდნენ სხვა დასაქმებულების თვალში როგორც ,,ურჩი’’ პირები, რომლებიც გამოთქვამდნენ პრეტენზიას კვირის განმავლობაში დასვენების გარეშე მუშაობასთან დაკავშირებით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დასაქმებულთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეთა (დასაქმებულთა) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

9. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

10. წინამდებარე სარჩელით სადავოდაა ქვეული მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებები დასაქმებულთა (მოსარჩელეთა) სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, კერძოდ, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8-ე (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) ან 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს (იხ. სშკ-ის მოქმედი რედაქციის 48-ე და 58-ე მუხლები).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელთა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისობა დასაქმებულთა მიერ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან მიმართებით. კერძოდ, შეესაბამებოდა თუ არა დასაქმებულთა მიერ ჩადენილი გადაცდომა, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტითა (დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციის 37.1-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) და კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრულ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული აღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი პროპორციული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ №ას-106-101-2014, №ას-1183-1125-2014).

14. საქართველოს სასამართლოების მიერ, შრომით დავებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში განმარტებულია, რომ პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას მნიშვნელოვანია შრომის სამართალში მოქმედი პრინციპის Ultima Ratio-ს დაცვა, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ზომა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებელმა უნდა გამოიყენოს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ-ები: №ას-1183-1125-2014, №ას-1276-1216-2014, №ას-127-123-2016).

15. ამდენად, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად გამოიყენა დამსაქმებულმა უფლება, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოთხოვნის მართებულობას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერების შემოწმების მიზნით დადგინდეს დასაქმებულის მიერ, მასზე დაკისრებული მოვალეობის უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ადმინისტრაციის მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლების კვლევის შედეგად (იხ. სუსგ -ები: №ას-1391-1312-2012, №ას-483-457-2015, №ას-127-123-2016).

16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე უთითებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მტკიცება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.

17. დამსაქმებელმა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციის 37.1-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) საფუძვლზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება და იგი დაკავებული თანამდებობიდან მართლზომიერად გათავისუფლდა.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც კანონმდებელმა დამსაქმებელს მიანიჭა განსაზღვრული თავისუფლება, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის - ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. თუმცა, თუკი არ არსებობს არც გაფრთხილების, არც უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების წინაპირობა, შრომითი მოვალეობების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შრომითი ხელშეკრულება დაუყოვნებლივ შეწყდეს (იხ. სუსგ Nას-1299-2020, 26.02.2021 წ.).

19. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

20. დასაქმებულთა მიერ შესასრულებელი ვალდებულების ხასიათიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია, რომ მათი საქმიანობა მომეტებული საფრთხის წყაროს უკავშირდებოდა; იმის გამო, რომ კასატორთა მხრიდან მათზე დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია დამსაქმებელი კომპანიის მიდგომა ამგვარი სარისკო საქმიანობისადმი და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, როგორც უკიდურესი ღონისძიება (იხ. ამ განჩინების 3.20 და 3.26 ქვეპუნქტები). საკასაციო სასამართლო, დასაქმებულთა მიერ ჩადენილი გადაცდომის სიმძიმისა და მათზე დაკისრებული ვალდებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელი და გაუმართლებელი იქნებოდა. არადამაჯერებელია კასატორთა მტკიცება, რომ მათ ხელი ეშლებოდათ და მოსახლეობის დაპირისპირების ფონზე უწევდათ სამუშაოს შესრულება (იხ. საკასაციო პრეტენზია წინამდებარე განჩინების 4.2 ქვეპუნქტი), რადგან თუ ასეთი ვითარება შეიქმნა სამსახურებრივი ვალდებულების შესრულების პროცესში, კასატორებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა არა თვითნებურად მიეღოთ გადაწყვეტილოება, არამედ მყისიერად ეცნობებინათ დამსაქმებლისათვის, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებული გახდებოდა შესასრულებელი სამუშაოსათვის შესაბამისი პირობები შეექმნა. კასატორთა ამგვარი პრეტენზია დაუსაბუთებელია იმიტომაც, რომ მათ არ ისარგებლეს შესაძლებლობით და არ დაწერეს ახსნა-განმარტება (იხ. წინამდებარე განჩინების 3.21.1 ქვეპუნქტი) რაც შესაძლებლობას მისცემდა დამსაქმებელ კომპანიას, ემსჯელა, რამდენად არსებობდა ობიექტური წინაპირობები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დასაქმებულთა მიერ შესასრულებლად.

21. კასატორთა პრეტენზია, რომ თითქოსდა მათი სამსახურიდან გათავისუფლების რეალური საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ აპროტესტებდნენ დამსაქმებლის მითითებას, შაბათ-კვირასაც შეესრულებინათ ზეგანაკვეთურად სამუშაო (იხ. წინამდებარე განჩინების 4.3 ქვეპუნქტი) ასევე დაუსაბუთებელია, რადგან, გარდა იმისა, რომ მკაფიოდ არის გამოვლენილი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, როგორც დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უკიდურესი ღონისძიების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, საქმეში მოთავსებული დამსაქმებელი კომპანიის მიერ დამტკიცებული ზეინკლის თანამდებობრივი ინსტრუქციის 2.1.19 ქვეპუნქტი ადგენს უქმე დღეებში მორიგეობას (იხ. ტ.1, ს.ფ.96), ხოლო თანამდებობრივი ინსტრუქცია ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და ის სადავოდ არ გამხდარა საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში (იხ. წინამდებარე განჩინების 3.2 ქვეპუნქტი).

22. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, არასათანადო მოქმედებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს. სამართლიანი ბალანსი შრომის უფლებასა და დამსაქმებლის უფლებას შორის გონივრული სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს.

23. საკასაციო სასამართლოს განსჯით, განსახილველ საქმეზე დასაქმებულთა გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებებაში მითითებული დარღვევების ერთობლიობა და მათი სიმძიმე სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად მიჩნევის ობიექტურ საფუძველს ქმნის.

24. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთებულობა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში, არ იკვეთება დამსაქმებლის წინასწარ განზრახული და მიზანმიმართული ქმედება, რაც დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის ხელოვნულ შექმნაში მდგომარეობს.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ისევე როგორც მათ ნაცვლად კომპენსაციის დაკისრება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის თანამდევი შედეგია და ამ შემთხვევაში მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს არც სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჯ-ას და გ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა. ჯ-ას (პ/ნ -----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება N----; გადახდის თარიღი 2022 წლის 6 აგვისტო) სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი;

3. გ. კ-ეს (პ/ნ -----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ა. ჯ-ას (პ/ნ -----) მიერ, გადახდილი (საგადახდო დავალება N-----; გადახდის თარიღი 2022 წლის 6 აგვისტო) სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური