საქმე №ა-6355-შ-154-2022 8 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება „ს–ო“
მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–ო
განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენი
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ა.მ–ოს ღია სააქციო საზოგადოება „ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1 473 970 რუსული რუბლის ოდენობით, რომელიც ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კურსით შეადგენს 324 273 400 რუბლს.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის 25 ნოემბრის №15911 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან მიღებული შუამდგომლობა.
3. შუამდგომლობის ტექსტის მიხედვით, ღია სააქციო საზოგადოება „ს–ო“ ითხოვს ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას, რომლითაც ა.მ–ოს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 32 427, 34 ბელარუსული რუბლის ანაზღაურება.
4. შუამდგომლობის ტექსტის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარის მისამართია - საქართველო, ქ. თბილისი, ..... ქუჩა 44-63.
5. შუამდგომლობაზე თანდართული ქალაქი გროდნოს ოქტომბრის რაიონული იძულებითი აღსრულების დეპარტამენტის რეზოლუციიდან ირკვევა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის აღსრულება დანაშაულით მიყენებული ზიანის 32427,34 ბელარუსული რუბლის ანაზღაურების ოდენობით არ განხორციელებულა.
6. ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის ცნობის მიხედვით, ამავე სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 5 მაისს და ექვემდებარება აღსრულებას. ამავე ცნობით, მოწინააღმდეგე მხარე, ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეა, ხოლო წარმოშობით არის ტაჯიკეთის რესპუბლიკის ქალაქი დუშანბედან, რომელიც სათანადო წესით იყო ინფორმირებული ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ, ასევე, იგი მონაწილეობას იღებდა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. აქვე მითითებულია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენი თანხის 324 273 400 ბელარუსილი რუბლის თაობაზე აღსრულდებოდა, ხოლო ქალაქი გროდნოს ოქტომბრის რაიონული იძულებითი აღსრულების დეპარტამენტის 2022 წლის 3 ოქტომბრის N40322/107546 ცნობით სააღსრულებო წარმოება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ დასრულდა, თანხის ამოღება ვერ განხორციელდა.
7. ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს ცნობის მიხედვით სააღსრულებო წარმოება დასრულდა, რამდენადაც დადგინდა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ბელარუსში არ ცხოვროს. აღნიშნული ცნობა არ არის დათარიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების განაჩენის ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.
13. მოცემულ შემთხვევაში, როგორც შუამდგომლობის ტექსტში, ისე თანდართულ მასალებში მოწინააღმდეგე მხარის მისამართად მითითებულია - საქართველო, ქ. თბილისი, ..... ქუჩა 44-63.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში, თბილისში მსგავსი დასახელების ქუჩა არ არსებობს.
15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურულ საკითხებს. ამავე ნორმის თანახმად, შუამდგომლობა გადაეცემა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც გააჩნია წერილობითი პოზიციის წარმოდგენის და შუამდგომლობის ზეპირი ფორმით განხილვის მოთხოვნის უფლება.
16. ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირება და სათანადო მასალების გადაცემა შუამდგომლობის განხილვის მიზნით განსახორციელებელი კანონისმიერი ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული პროცედურის დაცვა შეუძლებელია, რამდენადაც მხარის სრული და სწორი მისამართი შუამდგომლობიდან ვერ დგინდება, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს (იხ. სუსგ-ები: ა-2626-შ-73-2019, 23.05.2022; ა-5541-შ-159-2021, 11.03.22, ა-3192-შ-70-2020, 05.02.21).
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ შუამდგომლობას ხელს აწერს ღია სააქციო საზოგადოება „ს–ოს“ ანტიკრიზისული მენეჯერის შპს „ი.ფ.კ. და პ–ის“ დირექტორი ა. მ. კ–ი. საქმის მასალებით, მართალია დგინდება რომ ეს უკანასკნელი ნამდვილად დაინიშნა ღია სააქციო საზოგადოება „ს–ოს“ ანტიკრიზისულ მენეჯერად, თუმცა არ დასტურდება, შუამდგომლობის წარმოდგენის დროისათვის ა. მ. კ–ის, როგორც შპს „ი.ფ.კ. და პ–ის“ დირექტორის უფლებამოსილება.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს.
19. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ შუამდგომლობით მოთხოვნილია ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება ა.მ–ოსათვის 32 427, 34 ბელარუსული რუბლის დაკისრების ნაწილში, ხოლო შუამდგომლობაზე თანდართული ქალაქი გროდნოს ოქტომბრის რაიონული იძულებითი აღსრულების დეპარტამენტის რეზოლუციიდან ირკვევა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის აღსრულება დანაშაულით მიყენებული ზიანის 32427,34 ბელარუსული რუბლის ანაზღაურების ოდენობით არ განხორციელებულა. საქმის მასალებში წარმოდგენილია ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით ამავე სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენი თანხის 324 273 400 ბელარუსილი რუბლის თაობაზე აღსრულდებოდა, ხოლო ქალაქი გროდნოს ოქტომბრის რაიონული იძულებითი აღსრულების დეპარტამენტის 2022 წლის 3 ოქტომბრის N40322/107546 ცნობით სააღსრულებო წარმოება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ დასრულდა, თანხის ამოღება ვერ განხორციელდა. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატისათვის ბუნდოვანია, არის თუ არა აღსრულებული ზემოაღნიშნული განაჩენი და რა ნაწილში, ასევე ბუნდოვანია შუმადგომლობის ავტორის მოთხოვნა, კერძოდ, მხარე ითხოვს ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას ა.მ–ოსათვის 324 273 400 თუ 32 427,34 ბელარუსული რუბლის დაკისრების ნაწილში.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 71-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ღია სააქციო საზოგადოება ს–ოს შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე