საქმე №ა-2498-შ-72-2022 22 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი/განმცხადებელი – სს „P. G.S.”
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ჯ–ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე - პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით:
1.1. შპს „ა.ჯ–ს“ სს „P.G.S-ის სასარგებლოდ, კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, დაეკისრა 10 517, 81 ევროს ოდენობით გარიგებით გათვალისწინებული თანხის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ წელზე არა უმეტეს 10.1% 2021 წლის 9 თებერვლიდან გადახდის თარიღამდე;
1.2. შპს „ა.ჯ–ს“ სს „ P.G.S“-ის სასარგებლოდ, კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, დაეკისრა 23 155.00 ზლოტის და, ასევე, 300.00 აშშ დოლარის გადახდა, როგორც სამართალწარმოების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან გადახდის თარიღამდე.
2. 2022 წლის 19 მაისს სს „ P.G.S-ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.
3. პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს საარბიტრაჟო სარჩელი გადაეცა 2021 წლის 3 ივნისს. ამასთან, მას საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სხდომის თარიღი ეცნობა სამეწარმეო რეესტრში მითითებულ მისამართზე.
4. ზემოაღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს განესაზღვრა საარბიტრაჟო შესაგებლისა და მტკიცებულების წარდგენის ვადა, თუმცა მას საარბიტრაჟო შესაგებელი ან სხვა სახის წერილობითი განცხადება არ წარუდგენია.
5. პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება საბოლოო და შესასრულებლად სავალდებულოა.
6. შუამდგომლობაზე თანდართული 2018 წლის 29 ოქტომბრის №00000633 ძირითადი ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მარეგულირებელი კანონი და დავების მორიგების პროცედურები, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას განისაზღვრება მომსახურების პირობებში. შუამდგომლობას ასევე ერთვის მომსახურების პირობები , რომლის მიხედვით მხარეები შეთანხმებული იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს განსჯადობასა და გამოსაყენებელი კანონმდებლობის შესახებ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით „სს „ P. G.S“-ის შუამდგომლობა პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა განსახილველად; დადგინდა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნა და მასვე განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა.
8. ზემოაღნიშნული განჩინება მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 9 ივნისს, რომელსაც საქმის განხილვის თარიღამდე არც რაიმე აზრი გამოუთქვამს და არც საქმის ზეპირი განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35620 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
12. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
13. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული ნიუ-იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (შემდგომში - „ნიუ-იორკის კონვენცია“), გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
14. ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს, როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოთ მოცემულ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებისთვისაც გამოიყენება ეს კონვენცია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას არსებითად უფრო მძიმე პირობები ან უფრო მაღალი ბაჟი ან მოსაკრებლები იმასთან შედარებით, რომლებიც არსებობს შიდა გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის. ამავე კონვენციის მე-4 მუხლი ჩამოთვლის იმ დოკუმენტებს, რომლებიც სასამართლოში უნდა წარადგინოს მხარემ, რომელიც მოითხოვს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას: ა) სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი; ბ) მეორე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების (საარბიტრაჟო შეთანხმების) დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
15. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი, ისევე როგორც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი, ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. შუამდგომლობის ავტორს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ მხარის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაადასტურებს, რომ არსებობს ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
16. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა შეაფასოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა, თუ იმ ქვეყნის კომპეტენტური ხელისუფლება, სადაც მოითხოვება ცნობა და აღსრულება ჩათვლის, რომ: ა) ამ ქვეყნის კანონით, დავის ობიექტი არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო გარჩევის საგანი, ან ბ) ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯარო წესრიგს.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მიუთითებს და დაადასტურებს ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით ან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებების არსებობას ან სასამართლო დაადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება მოწმდება მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ არ მიუთითებია. შესაბამისად, წინამდებარე საქმის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლო იმსჯელებს ხომ არ არსებობს წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში მითითებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დამაბრკოლებელი ორი გარემოება (საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს).
20. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დავა წარმოადგენს საარბიტრაჟო განხილვის საგანს, ხოლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ P. G.S-ის შუამდგომლობა პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. „სს „ P.G.S“-ის შუამდგომლობა პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლითაც:
1.1. შპს „ა.ჯ–ს“ სს „ P. G.S-ის სასარგებლოდ, კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, დაეკისრა 10 517, 81 ევროს ოდენობით გარიგებით გათვალისწინებული თანხის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ წელზე არა უმეტეს 10.1% 2021 წლის 9 თებერვლიდან გადახდის თარიღამდე;
1.2. შპს „ა.ჯ–ს“ სს „ P. G.S“-ის სასარგებლოდ, კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, დაეკისრა 23 155.00 ზლოტის და, ასევე, 300.00 აშშ დოლარის გადახდა, როგორც სამართალწარმოების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან გადახდის თარიღამდე;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი