21 ოქტომბერი, 2022 წელი
№ას-1233-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „ნ.თ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ი.მ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შ.პ.ს. „ნ.თ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შ.პ.ს. „ი.მ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საბუღალტრო მომსახურების დავალიანების თანხის - 2065.30 ლარის, პირგასამტეხლოს - 100 ლარისა და იურიდიული მომსახურების დავალიანების თანხის - 1571.76 ლარის გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შ.პ.ს. ,,ი.მ–მა“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით, შ.პ.ს. „ი.მ–ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
3. შ.პ.ს. „ი.მ–ის“ სააპელაციო საჩივრის ასლი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინების ასლი, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებისა და საქმის განხილვის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შ.პ.ს. „ნ.თ–ის“ ჩაბარდა 2022 წლის 07 ივლისს.
4. 2022 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა შ.პ.ს. „ნ.თ–იმ“, მოითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საბუღალტრო მომსახურების თანხის - 676 ლარისა და 2021 წლის 25 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე ყოველდღიურად დავალიანების ძირითადი თანხის 0.01%-ის დაკისრების მოთხოვნები და, შესაბამისად, მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით, შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ აღემატებოდა 2000 ლარს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობა იყო.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შ.პ.ს. „ნ.თ–ის“ წარმომადგენელმა ლ.მ–ძემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება იმ დასაბუთებით, რომ შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე არ უნდა გავრცელდეს სსსკ 365-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი დავის ცენზი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, შ.პ.ს. „ნ.თ–ი“-ს კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მითითებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
9. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე დასაშვებობის დამატებითი წინაპირობის სახით იმ საპროცესო მოთხოვნის გავრცელების მართებულობა, რომლის თანახმადაც, ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის ფასი უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში (სააპელაციო საჩივარი).
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება (შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
12. ამრიგად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა პროცესის მონაწილე სუბიექტს (მხარეებს, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირებს) მათთვის არასასურველი შედეგის განმსაზღვრელი სასამართლო გადაწყვეტილებისგან თავის დაცვის ორ დამოუკიდებელ ინსტრუმენტს სთავაზობს: 1) სააპელაციო საჩივრისა და 2) შეგებებული სააპელაციო საჩივრის სახით. ამასთან, შეგებებული სააპელაციო საჩივრის აღძვრის შესაძლებლობა უზრუნველყოფს, რომ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ უკმაყოფილო პროცესის მონაწილეს მაშინაც კი შეეძლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ეფექტის შეკავება, როდესაც ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, იგი მოკლებულია იმგვარი მძლავრი საპროცესო ბერკეტის გამოყენების შესაძლებლობას, როგორიც სააპელაციო საჩივარია. სუბიექტურ მიზეზში საკასაციო პალატა მოიაზრებს გასაჩივრების ვადის გასვლის ან გასაჩივრების უფლებამოსილების გამოყენებაზე უარის თქმის გამო სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობას, ხოლო ობიექტურ ფაქტორებში მოიაზრება ის საპროცესო წინაღობები, რომლებიც გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრებს იმთავითვე დაუშვებლად მოიაზრებენ.
13. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტი უფლების დაცვის დამატებითი საპროცესო საშუალებაა, რაც ნათლად ვლინდება სსსკ 379-ე მუხლის მეორე წინადადებაში - ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო საქმისწარმოების შეწყვეტისა თუ მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარიც იზიარებს იმავე საპროცესო ბედს. ამგვარი შეზღუდვის არსებობის მიუხედავად, გასათვალისწინებელია კანონმდებლის ნება, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა წარმოადგენდეს უფლების დაცვის ქმედით ინსტრუმენტს. სწორედ ამიტომ, მასზე საპროცესო კოდექსის ყველა იმ შეზღუდვის გავრცელება, რომლითაც ძირითადი სააპელაციო საჩივარი ხასიათდება, ეჭვქვეშ დააყენებდა ამავე უფლების ეფექტურობას.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება. საგულისხმოა ისიც, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).
15. ამრიგად, საპროცესო კოდექსში 365-ე მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივი ცენზის არსებობას ერთადერთი დანიშნულება გააჩნია - სასამართლოს უსაფუძვლო გადატვირთვის თავიდან არიდება და სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლოს წარმოებაში აქვს ძირითადი სააპელაციო საჩივარი, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ღირებულების გამო დაუშვებლად მიჩნევა საფუძველს აცლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიზანს და აღარ შეიძლება მივიჩნიოთ უფლების შეზღუდვის პროპორციულ საშუალებად (იხ. სუსგ. №ას-788-2020 , 26.02.2021წ).
16. შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიმართ სრულად ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებსაც კანონმდებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით უდგენს ძირითად სააპელაციო საჩივარს, ასევე, სასამართლოს დამატებით ევალება მხარის მიერ 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვის უტყუარად გამორკვევა. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონმდებელი ადგენს რა სპეციალურ წინაპირობებს, სასამართლოს არ აქვს რაიმე უფლებამოსილება, მისი განსახილველად დაშვებისათვის დააწესოს დამატებითი, კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლები (იხ. სუსგ. ას-1175-2021, 17.03.2022წ).
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 379-ე მუხლების მიზნობრივი (ტელეოლოგიური) განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მასზედ, რომ ისედაც არამყარ საპროცესო ბერკეტზე - შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე - ქონებრივი ცენზის დაწესება, არაპროპორციულად ზღუდავს მხარის უფლებას სასამართლო პროცედურების ხელმისაწვდომობაზე, ვინაიდან შეგებებული სააპელაციო საჩივრის არსებობა სრულად არის განპირობებული ძირითადი სააპელაციო საჩივრით და მის მიმართ ქონებრივი ბარიერის დადგენა ვერ უზრუნველყოფს დავის სწრაფად დასრულების ინტერესს.
18. ამრიგად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სსსკ 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 379-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ნ.თ–ი“-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი