08 დეკემბერი 2022 წელი
საქმე №ას-1309-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „თ.ს.მ“
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.ბ–ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების და ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ბ–ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შ.პ.ს. „თ.ს.მის“ მიმართ სახელფასო დავალიანების _ 22 209 ლარის ანაზღაურების და ანაზღაურების დაყოვნებისთვის სახელფასო დავალიანების - 22 209 ლარის 0,07%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2020 წლის 10 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების შესახებ.
2. შ.პ.ს. „თ.ს.მ–ის“ წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი წარადგინა ნ.ბ–ას მიმართ ზიანის ანაზღაურების სახით 21 290 ლარის გადახდის დაკისრებისა და მოპასუხისათვის შ.პ.ს. „თ.ს.მ“-ის სასარგებლოდ 3009 ლარის და 873.95 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ.პ.ს. „თ.ს.მ“-ს ნ.ბ–ას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 22 209 ლარის გადახდა. მოპასუხე შ.პ.ს. „თ.ს.მ“-ს ნ.ბ–ას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 22 209 ლარის 0,07%-ის, 15,5 ლარის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2020 წლის 10 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხე შ.პ.ს. „თ.ს.მ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 836 ლარის გადახდა. შ.პ.ს. „თ.ს.მ“-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „თ.ს.მ“-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,,თ.ს.მ“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი სრულად და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ.ბ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შ.პ.ს. ,,თ.ს.მ“-ს ნ.ბ–ას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 20 470 ლარის (დარიცხული) გადახდა. მოპასუხე შ.პ.ს. ,,თ.ს.მ“-ს ნ.ბ–ას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 20470 ლარის 0,07%-ის, 14.32 ლარის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2020 წლის 10 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „თ.ს.მ“-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შ.პ.ს. „თ.ს.მ“-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 2539.91 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
8. აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა და კომპანიის თანამშრომელ ს.მ–ს 2022 წლის 10 ნოემბერს ჩაბარდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით კასატორს მიეცა 10-დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
11. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2022 წლის 10 ნოემბერს ჩაბარდა კომპანიის თანამშრომელ ს.მ–ს (იხ. ჩაბარების დასტური).
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
14. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდეს მასთან მომუშავე რომელიმე ქმედუნარიან პირს რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება. მართალია, ნორმა ითვალისწინებს მხარის თანამშრომლის მიერ მიღებული დოკუმენტის მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, თუმცა მის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.
15. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2022 წლის 10 ნოემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 11 ნოემბერს და ამოიწურა 2022 წლის 21 ნოემბერს (ვადის უკანასკნელი დღე - 20 ნოემბერი დაემთხვა უქმე დღეს) ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გაგრძელების შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „თ.ს.მ“-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი