Facebook Twitter

საქმე №ას-332-2020 29 სექტემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ი.ზ–ი, ზ.ზ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.12.2019 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.04.2018 წლის გადაწყვეტილებით:

1. დ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. ი.ზ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 3073.98 ლარი, საიდაც 733.98 ლარი არის მოსარჩელის მიერ მკურნალობაზე გაწეული ხარჯი, ხოლო 2340 ლარი - პლასტიკური ოპერაციის საფასური;

1.2. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურების სახით 3000 ლარი;

2. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თანხის გადახდევინებისას პირველ მოპასუხეს არ აღმოაჩნდება საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის გადახდა დაეკისროს ზ.ზ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“);

3. მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით, სოლიდარულად დაეკისრათ 160.11 ლარის ანაზღაურება;

4. მოპასუხეეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება 350 ლარის ოდენობით.

2. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მორალური ზიანის სახით, ნაცლად დაკისრებული 3000 ლარისა, 86 926 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.12.2019 წლის გადაწყვეტილებით - მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში (მათ შორის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, ასევე მე-4 პუნქტი) გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. 16.12.2014 წელს თბილისში, ..... ქუჩა 37-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველმა მოპასუხემ ურთიერთშელაპარაკებისას, ბასრი საგნის გამოყენებით, მოსარჩელეს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მარცხენა ფეხის, მუცლისა და თავის არეში, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 25.02.2015 წლის განაჩენით პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3.3. დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებულ ტრამვის გამო, მოსარჩელე გადაყვანილ იქნა შპს „აკად. ნ.ყ–ის ს. ც. ს. კ–ში“, სადაც გაიარა სტაციონალური მკურნალობის კურსი (16.12.2014წ-19.12.2014წ), დიაგნოზით: მუცლის წინა კედლის არაშემავალი ნაკვეთი ჭრილობა, სწორი კუნთის სრული დაზიანებით (მარცხენა ფერდქვეშა მიდამოს), თხემ-შუბლის მიდამოს ნაკვეთი ჭრილობა, მარცხენა მუხლქვეშა მიდამოს ნაკვეთი ჭრილობა. 16.12.2014 წელს მოსარჩელეს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. სტაციონარიდან გაწერისას მისი დაავადების შესაძლო მიმდინარეობა იყო სტაბილური.

3.4. შპს „რ–ის“ 01.11.2016 წლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის NR 39-140/2016 დასკვნის თანახმად, 2016 წლის ოქტომბრისათვის მოსარჩელის მუცლის მიდამოში თეთრი ხაზის თიაქრის ჩამოყალიბება პირდაპირ უკავშირდება 2014 წლის დეკემბერში მარცხნივ მუცლის სწორი კუნთის ვრცელ და უხეშ ნაკვეთ დაზიანებას. მოსარჩელეს ესაჭიროება რეკონსტრუქციული ოპერაცია - თეთრი ხაზის თიაქრის გამო. მოსარჩელისთვის 16.12.2014 წელს მიყენებული სწორი კუნთის უხეში დაზიანების გამო ამ კუთხის ანატომო-მორფოლოგიური მდგომარეობის და ფუნქციონირების სრული აღდგენა და პირვანდელი ფუნქციის აღდგენა ოპერაციის ტექნიკურად მაღალ დონეზე შესრულების შემთხვევაშიც კი შეუძლებელია. ამჟამად, მოსარჩელეს აღენიშნება თეთრი ხაზის პოსტოპერაციული თიაქარი, კუნთის სპეციფიური დაავადება M62.8 და ქირურგის მიერ რეკომენდირებულია ოპერაციული მკურნალობა. მუცლის მიდამოში არსებული ნაწიბურის უკუგანვითარება ბუნებრივ გზით არ მოხდება. სურვილის არსებობის შემთხვევაში ნაწიბურების მოცილება შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური და რეკონსტრუქციული პროცედურების ან ოპერაციის გზით; მოსარჩელის შემთხვევაში, მისი დღეის მდგომარეობით, ესთეტიურ მხარის გარდა, არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი - მარცხნივ მუცლის სწორი კუნთის ფუნქციის შეცვლისა და უხეში ნაწიბუროვანი ცვლილებების გამო და თეთრი ხაზის თიაქრის არსებობა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს რეკონსტრუქციული ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას. თეთრი ხაზის თიაქრის ოპერაციის არჩატარების შემთხვევაში, უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბვის ან დატვირთვის დროს შეიძლება განვითარდეს თიაქრის ჩაჭედვა, რომლის გართულებებიც საფრთხეს შეუქმნის მოსარჩელის სიცოცხლეს.

3.5. 08.11.2016 წელს მოსარჩელეს შპს „გ.ქ. და ტ.ც–ში“ გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია ნაწლავთა მწვავე გაუვალობის გამო.

3.6. შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ 12.11.2016 წლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ 08.11.2016 წელს მოსარჩელე მოთავსდა სტაციონარში დიაგნოზით: ნაწლავთა შეხორცებები (ჭიმები) ნაწლავის გაუვალობით, ნაწლავის განგრენის გარეშე K56.5, პოსტოპერაციული ვენტრალური თავისუფალი თიაქარი. ამავე დღეს ენდოტრაქეალური ნარკოზის პირობებში მოსარჩელეს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია: ლაპარატომია, სინექიოლოზი (ჭიმების მოცილება) შეხორცებების გამოცალკევება, ინტენსიური ობსტრუქციის დროს, თიაქარკვეთა, პლასტიკა აბადის გამოყენებით, მუცლის ღრუს სანაცია, დრენირება, შეხვევები, ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული თერაპია, ინფუზიური თერაპია, ანტიკოალუგენტები, ვიტამინოთერაპია, სიმპტომური მკურნალობა, შეხვევები.

3.7. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი გარემოება, რომ 08.11.2016 წელს სასწრაფო ქირურგიული ოპერაციის ჩატარება განპირობებული იყო პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 2014 წლის დეკემბერში მიყენებული მუცლის სწორი კუნთის ვრცელი და უხეში ნაკვეთი დაზიანების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა მუცლის მიდამოში თეთრი ხაზის თიაქრის ჩამოყალიბება.

3.8. საქმეში წარმოდგენილი შპს „რ–ის“ 01.11.2016 წლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის NR39-140/2016 დასკვნის საფუძველზე, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ პირველი მოპასუხის მიერ 16.12.2014 წელს მოსარჩელისთვის მიყენებული თხემ-შუბლის მიდამოს ნაკვეთი ჭრილობის და მარცხენა მუხლქვეშა მიდამოს ნაკვეთი ჭრილობის შედეგად დარჩენილი ნაწიბურების უკუგანვითარება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, პლასტიკური და რეკონსტრუქციული პროცედურების ან ოპერაციის გარეშე. აღნიშნული ნაწიბურების გასაქრობად საჭირო პლასტიკური ოპერაციის ღირებულება კი 2340 ლარს შეადგენს. კერძოდ:

3.9. პლასტიკური ოპერაციისათვის საჭირო ხარჯის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად უდევს შპს „რ–ის“ 2016 წლის 01 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა NR 39-140/2016, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და მიაჩნია, რომ მოსარჩელის სხეულზე დარჩენილი უმნიშვნელო ნაწიბურები სამედიცინო ან ესთეტიკური თვალსაზრისით, რაიმე პრობლემას არ წარმოადგენს. მოპასუხეთა მიერ სადავოდ არის გამხდარი ასევე, პლასტიკური ოპერაციის ღირებულება.

3.10. სადავო არ არის გარემოება, რომ პირველი მოპასუხის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად, მოსარჩელის სხეულზე - თავის, მუხლის და მუცლის მიდამოში დარჩენილი ნაწიბურების უკუგანვითარება ბუნებრივი გზით, ესთეთიკური თვალსაზრისით არ მოხდება, ხოლო სურვილის არსებობის შემთხვევაში, ნაწიბურების მოცილება შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური და რეკონსტრუქციული პროცედურების ან ოპერაციის გზით. მოპასუხეთა პოზიცია, რომ მოსარჩელის სხეულზე არსებული ნაწიბურები სამედიცინო და ესთეტიკური თვალსაზრისით „არ წარმოადგენს პრობლემას“, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან დაზარალებულის სხეულზე არსებული ნაწიბურების ესთეტიკური თვალსაზრისით შეფასება, მხოლოდ თავად დაზარალებულის ფსიქო-ემოციური აღქმისა და სუბიექტური შეფასების სფეროს განეკუთვნება და მოსარჩელის მხრიდან ნაწიბურების პლასტიკური ოპერაციის გზით მოშორების სურვილის არსებობის პირობებში (მოსარჩელეს სურს აღნიშნული ნაწიბურის მოშორება), პალატას მიაჩნია, რომ მოთხოვნის უარყოფის საფუძველი არ არსებობს.

3.11. რაც შეეხება, პრეტენზიას პლასტიკური ოპერაციის ღირებულების ოდენობასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შპს „კ.კ–ის“ მიერ 10.03.2015 წელს გაცემულ ანგარიშფაქტურაზე (კალკულაციაზე), რომლის თანახმად, მოსარჩელის სხეულზე არსებული ორივე ნაწიბურის გასაქრობად აუცილებელი პლასტიკური ქირურგიული ოპერაციის ღირებულება 2340 ლარს შეადგენს. აღნიშნული მტკიცების საპირისპირო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

3.12. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე მუხლით განსაზღვრული ყველა წინაპირობა, რათა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით პლასტიკური ოპერაციის ღირებულების, 2340 ლარის დაკისრების თაობაზე.

3.13. პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას პირველი მოპასუხისათვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე, ამასთან, მიაჩნია, რომ მოსარჩელის პრეტენზია მორალური ზიანის დაბალ ოდენობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.14. სასამართლოს განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის პირობებში, საფუძველს მოკლებულია მოპასუხეთა პრეტენზია მასზე, რომ პირველი მოპასუხე იძულებული იყო თავი დაეცვა მოძალადისგან. პირველი მოპასუხის ქმედების მართლსაწინაღმდეგობა უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს. დელიქტის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი თავისთავად ანიჭებს უფლებას დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის, რაც განპირობებულია იმით, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ადამიანის აბსოლუტურ უფლებებს და სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ საგანს წარმოადგენს. ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი უკვე თავისთავად გულისხმობს, რომ დაზარალებულმა განიცადა ტკივილი და სულიერი ტანჯვა, როგორც თვით დაზიანების მიღებისას, ასევე – მკურნალობის პროცესში. ეს სულიერი ტანჯვა შესაძლოა გახანგრძლივდეს იმ შემთხვევაშიც, თუ, მკურნალობის მიუხედავადაც, დაზარალებული პირი ვერ გამოჯანმრთელდა სრულად ან/და აღენიშნება გადატანილი დაზიანებების კვალი. პალატა მიუთითებს დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა), აგრეთვე სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა.

3.15. რაც შეეხება, ზიანის ოდენობას, კანონმდებელი არ ადგენს იმ კრიტერიუმს, რომლითაც უნდა დადგინდეს მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლები, არამედ ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობის და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

3.16. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, განაჩენით მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი დაკვალიფიცირებულია როგორც სხეულის მსუბუქი დაზიანება, თუმცა დადგენილია და სადავო არ არის გარემოება, რომ პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 2014 წლის დეკემბერში მიყენებულ მუცლის სწორი კუნთის ვრცელ და უხეშ ნაკვეთ დაზიანებას შედეგად მოჰყვა მუცლის მიდამოში თეთრი ხაზის თიაქრის ჩამოყალიბება, რის გამოც 08.11.2016 წელს საჭირო გახდა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, დიაგნოზით - ნაწლავთა შეხორცებები (ჭიმები) ნაწლავის გაუვალობით, ნაწლავის განგრენის გარეშე K56.5, პოსტოპერაციული ვენტრალური თავისუფალი თიაქარი. უდავოა, რომ აღნიშნულს შედეგად მოჰყვა მოსარჩელის ბუნებრივად მოსალოდნელი სულიერი ტანჯვა და ემოციური სტრესი. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელის ასაკი, ასევე, სხეულის პირველადი დაზიანების შემდგომ განვითრებული მოვლენები - სასაწრაფო ქირურგიული ჩარევის აუცილებლობით გამოწვეული ნეგატიურ პროცესები და უარყოფითი განცდები და მორალური ზიანის ფუნქციისა და მისი პრევენციული ბუნების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს 10 000 ლარის გადახდა.

3.17. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 994-ე მუხლის მესამე ნაწილზე და განმარტა, რომ კანონიერი წარმომადგენელი პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე ზიანის იმ ნაწილში, რომლის ანაზღაურებაც არასრულწლოვანს არ შეუძლია თავისი ქონებით ან შემოსავლით, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა სუბსიდიურია. ამასთან, კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა არ შეწყდება ზიანის მიმყენებლის სრულწლოვანების ასაკის მიღწევიდან, გარდა იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს სრულწლოვანების ასაკამდე გაუჩნდა ქონება, რომელიც საკმარისია ზიანის ასანაზღაურებლად. ამგვარი სუბსიდიური პასუხისმგებლობისთვის განმსაზღვრელია დელიქტის ჩადენის მომენტი. პირველი მოპასუხის დაბადების თარიღია 09.07.2000 წელი, მან დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვნების პერიოდში, ამჟამად იგი სრულწლოვანია, თუმცა ზიანის, მათ შორის, მორალური ზიანის ანაზღაურება მასთან ერთად უნდა მოხდეს მამის, მეორე მოპასუხის ქონებიდან, თუკი პირველ მოპასუხეს აღსრულების დროისათვის არ აღმოაჩნდება საკმარისი ქონება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 994.3 (ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო. იმ შემთხვევაში, როცა ამ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსაც), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 413-ე (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) მუხლები.

9. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016, 20.06.2018წ.; სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019წ.).

10. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელებულია დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: პირველი მოპასუხის ქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადეკვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა მეორე მოპასუხის სუბსიდიური პასუხიმგებლობა სსკ-ის 994.3 მუხლის შესაბამისად.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 25.02.2015 წლის განაჩენით პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. კასატორები დავობენ დაკისრებული მატერიალური ზიანის ოდენობაზე და განმარტავენ, რომ სარჩელს ერთვის მხოლოდ 733.98 ლარის სამედიცინო მიზნით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც კავშირში იქნება პირველი მოპასუხის ქმედებებთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ-ერთი მხარის მიერ სადავო გარემოების დასადასტურებლად სარწმუნო მტკიცებულებების წარუდგენლობა ამ მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ Nას-301-2021, 25.06.2021წ.). სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

12. სასამართლოს მიერ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „რ–ის“ 01.11.2016 წლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ 2016 წლის ოქტომბრისათვის მოსარჩელის მუცლის მიდამოში თეთრი ხაზის თიაქრის ჩამოყალიბება პირდაპირ უკავშირდება 2014 წლის დეკემბერში მარცხნივ მუცლის სწორი კუნთის ვრცელ და უხეშ ნაკვეთ დაზიანებას. მოსარჩელეს ესაჭიროება რეკონსტრუქციული ოპერაცია - თეთრი ხაზის თიაქრის გამო. მოსარჩელისთვის 16.12.2014 წელს მიყენებული სწორი კუნთის უხეში დაზიანების გამო ამ კუთხის ანატომო-მორფოლოგიური მდგომარეობის და ფუნქციონირების სრული აღდგენა და პირვანდელი ფუნქციის აღდგენა ოპერაციის ტექნიკურად მაღალ დონეზე შესრულების შემთხვევაშიც კი შეუძლებელია. მოსარჩელეს აღენიშნება თეთრი ხაზის პოსტოპერაციული თიაქარი და კუნთის სპეციფიური დაავადება M62.8 და ქირურგის მიერ რეკომენდირებულია ოპერაციული მკურნალობა. მუცლის მიდამოში არსებული ნაწიბურის უკუგანვითარება ბუნებრივ გზით არ მოხდება. ნაწიბურების მოცილება შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური და რეკონსტრუქციული პროცედურების ან ოპერაციის გზით; მოსარჩელის შემთხვევაში, მისი დღეის მდგომარეობით, ესთეტიურ მხარის გარდა, არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი - მარცხნივ მუცლის სწორი კუნთის ფუნქციის შეცვლისა და უხეში ნაწიბუროვანი ცვლილებების გამო და თეთრი ხაზის თიაქრის არსებობა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს რეკონსტრუქციული ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას. თეთრი ხაზის თიაქრის ოპერაციის არჩატარების შემთხვევაში, უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბვის ან დატვირთვის დროს შეიძლება განვითარდეს თიაქრის ჩაჭედვა, რომლის გართულებებიც საფრთხეს შეუქმნის მოსარჩელის სიცოცხლეს (ტ.1, 170-180). რაიმე მტკიცებულება, რაც დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგოზე მიუთითებდა, მოპასუხეეების მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ სწორად განკარგა საპროცესო საშუალებები და სასამართლოს წარმოუდგინა ექსპერტიზის დასკვნა - სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობით შედეგი, რომელიც პასუხს სცემს კითხვებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვბენლობის მქონე გარემოებეთან მიმართებაში. ექსპერტიზის დასკვნის საპირისპირო რაიმე მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ, რაც დაუსაბუთებელს ხდის მათ პრეტენზიას. საკასაციო პალატა კასატორებს განუმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხების ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1127-1047-2017, 18.10.2017წ.). ოპერაციის ღირებულების თაობაზე წარმოდგენილია შპს „კ.კ–ის“ მიერ გაცემული ანგარიშფაქტურა (კალკულაცია) (ტ.1, ს.ფ.26). მოპასუხეების მიერ წარდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც ოპერაციის ღირებულების სხვა ოდენობაზე მიუთითებდა და გააქარწყლებდა მოსარჩელის წარმოდგენილ კალკულაცის.

13. საკასაციო საჩივრით ასევე შედავებულია მოპასუხე მხარისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერება, მისი ოდენობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (სუსგ Nას-1156-1176-2011, 20.01.2012წ.; სუსგ Nას-593-568-2016, 14.07.2017).

14. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია. სსკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში (სუსგ Nას-645-2019, 26.07.2019წ.).

15. პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის მახასიათებელია ადამიანის ფსიქიკურ და სულიერ სფეროზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც გამოიხატება მის ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები მხედველობაში არ მიიღება, ხოლო, როდესაც მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა და ა. შ., ზიანის ანაზღურებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა (სუსგ Nას-1129-2020წ , 16.03.2021წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის და განსაკუთრებულ მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ დანაშაულის შედეგად მიღებული სხეული დაზიანებით, სასწრაფო ქირურგიული ჩარევების აუცილებლობით და გადატანილი დაზიანებების კვალის არსებობით განიცადა მძიმე სულიერი ტკივილი, ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესი, რის შესაბამისადაც არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეფასებით იკვეთება მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

17. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასახდელი თანხის ოდენობას, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დამოკიდებულია პირის ფსიქიკურ სფეროზე ნეგატიური ზემოქმედების ხარისხსა და ხასიათზე, რასაც, თავის მხრივ, კონკრეტული პირის სუბიექტური თავისებურებები განაპირობებს. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი გარემოებები, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (სუსგ №ას-660-660-2018, 20.07.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა - 10 000 ლარი გონივრული და სამართლიანია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 654 ლარის 70% – 457.8 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ზ–ისა და ზ.ზ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ი.ზ–სა (პ/ნ: ......) და ზ.ზ–ს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეთ თ.ნ–ის (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 654 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 29.07.2020წ.) 70% – 457.8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია