Facebook Twitter

საქმე №ას-1475-2022 5 დეკემბერი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ალექსანდრე წულაძე

სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა.ვ–ისა და ბმა „.....ქუჩა #3-ის“ თავმჯდომარის ა.მ–ნის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებაზე, საქმეზე – ლ.ა.ჟ–სა და ნ.ფ.გ.ი–ეს სარჩელის გამო, ბმა ....ქუჩა #3-ის“, ა.ვ–ის, ი.გ–ას, პ.დ–ძისა და ლ.ბ–ის მიმართ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და სადავო სათავსოების ამხანაგობისათვის მიკუთვნების თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ბმა „.... ქუჩა #3-ის“ თავმჯდომარის ა.მ–ნის პრეტენზიის ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ხოლო, ა.ვ–ის პრეტენზიის ნაწილში უნდა დაუდგინდეს ხარვეზი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, კანონით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა სააპელაციო წესით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „.... ქუჩა #3-ის“ მიერ, რის გამოც, მის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ბმა „..... ქუჩა #3-ის“ თავმჯდომარის ა.მ–ნის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.

რაც შეეხება წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ა.ვ–ის პრეტენზიის ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, დავის საგნის ფასი ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაუქმდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა - ა.ვ–ის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებული სათავსო მიეკუთვნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „..... ქუჩა #3-ს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის საგნის ფასი უნდა განისაზღვროს სადავო სათავსოს (საკადასტრო კოდი: .......; ფართი: 80.49 კვ.მ) საბაზრო ღირებულებით, ხოლო გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა - ამ ღირებულების 5%-ით.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორი შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და ოდენობის შემცირების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ეკონომიკურად ძალიან უჭირს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია გარკვეული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ ზემოხსენებული წესის შესაბამისად, ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნია. რის გამოც არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 48-ე, 264-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ვ–ისა და ბმა „..... ქუჩა #3-ის“ თავმჯდომარის ა.მ–ნის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებაზე ბმა „..... ქუჩა #3-ის“ თავმჯდომარის ა.მ–ნის საკასაციო პრტენზიის ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. ა.ვ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. ა.ვ–ს დაევალოს მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს სადავო სათავსოს (საკადასტრო კოდი: ......; ფართი: 80.49 კვ.მ) საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელმწიფო ბაჟის, ამ ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900 სახაზინო კოდი 3 0077 3150.

5. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება წარმოებაში და განუხილველად დარჩება.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

მოსამართლე ა. წულაძე