Facebook Twitter
საქმე №ას-1119-2022 24 ნოემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „ს.ს.ა–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.ს–ი

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ.ს–მა 2018 წლის 23 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „კ.ხ.წ–ათვის“ (სახელწოდების შეცვლის შემდეგ - შპს „ს.ს.ა–ა“) მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ს–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ“ მოპასუხის 2018 წლის 10 სექტემბრის №10 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი; ნ.ს–ი აღდგენილ იქნა კომპანიის ინსტრუქტორ-მასწავლებლის თანამდებობაზე; მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით (დაბეგრილი), 2018 წლის 10 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე, 2018 წლის ივლისი-აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 1600 ლარის ოდენობით (დაბეგრილი). აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2022 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით ნ.ს–ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა; შპს „კ.ხ.წ–ათვის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს უწყება გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ......) და 2022 წლის 6 მაისს ჩაიბარა მენეჯერმა - ს.კ–ძემ. მიუხედავად ამისა, აპელანტი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, არც სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა წარუდგენია და არც სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინება შპს „ს.ს.ა–ამ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის თარიღის თაობაზე, რადგან გზავნილი ჩაბარდა ს.კ–ძეს, რომელიც სხვა კომპანიის მენეჯერია. გარდა ამისა, შპს „ს.ს.ა–ამ“ შეიცვალა ადგილსამყოფელი.

კერძო საჩივარს თან ერთვის საერთაშორისო განვითარების კომპანია „ა–ოს“ ცნობა, რომლის თანახმად, ს.კ–ძე 2015 წლიდან დასაქმებულია კომპანია „ა–ოს“ მენეჯერის პოზიციაზე. ასევე, წარმოდგენილია წერილობითი კორესპონდენცია, სადაც კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ იცვლის ადგილსამყოფელს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს „ს.ს.ა–ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ს.ს.ა–ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. დასახელებული საკანონმდებლო აქტის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ასეთ შემთხვევაში, იმავე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლო საქმის განხილვას სხვა დროისათვის ნიშნავს, რის შესახებაც ატყობინებს გამოუცხადებელ მხარეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოუცხადებელი მხარე სასამართლო სხდომის თარიღის თაობაზე კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული.

მხარის სასამართლო სხდომაზე მოწვევის წესები კი რეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით. კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტს უწყება გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2022 წლის 6 მაისს ჩაბარდა ს.კ–ძეს. უკუგზავნილში დასახელებული პიროვნება მითითებულია „მენეჯერად“, თუმცა კერძო საჩივარზე დართული, საერთაშორისო განვითარების კომპანია „ა–ოს“ ცნობით დასტურდება, რომ ს.კ–ძე 2015 წლიდან დასაქმებულია კომპანია „ა–ოს“ მენეჯერის პოზიციაზე. საგულისხმოა, რომ ამავე გარემოებას ადასტურებს სასამართლოში საქმის განხილვის სხვა მასალებიც, კერძოდ, ს.კ–ძეს 2019 წლის 1 მაისსაც აქვს ჩაბარებული სასამართლო გზავნილი და უკუგზავნილში კომენტარად მითითებულია „ა–ო, ოფის-მენეჯერი“. ამდენად, მართალია, უწყება აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რადგან მას სააპელაციო სასამართლოსთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის დაცვით მისამართის ცვლილების თაობაზე არ უცნობებია და ეს ინფორმაცია მხოლოდ კერძო საჩივარში დააფიქსირა, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, რომ გზავნილი არ ჩაბარებია კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელს. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებობდა უწყების მხარისთვის მეორედ გაგზავნის ვალდებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ს.ს.ა–ა“ არ იყო სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმირებული, რის გამოც სხდომაზე გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ უნდა გამხდარიყო. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არის საფუძვლიანი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.ს.ა–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე