Facebook Twitter
საქმე №ას-1108-2022 21 ოქტომბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ნ.ტ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა.მ–ძე

განსახილველი საკითხი - სააღსრულებო ფურცლის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა

აღწერილობითი ნაწილი:

ნ.ტ–მა 2011 წლის 24 ნოემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ა.მ–ძის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ტ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დასახელებული გადაწყვეტილება ნ.ტ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ.ტ–ისა და ა.მ–ძის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე; დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნ.ტ–ს არ ექნებოდა პრეტენზია ქალაქ ქუთაისში, ...... მდებარე, ა.მ–ძის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე და აღიარებდა 1994 წლის 14 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობას; ა.მ–ძე კი ვალდებულებას კისრულობდა, ნ.ტ–ის სიცოცხლის მანძილზე ეზრუნა მასზე, გაეღო მისი ცხოვრებისათვის აუცილებელი ხარჯები მკურნალობის, კვების, ჩაცმის და საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად; გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და შეწყდა ნ.ტ–ის სარჩელთან დაკავშირებული საქმის წარმოება.

ნ.ტ–მა 2022 წლის 25 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რადგან ა.მ–ძე არ ასრულებდა მორიგების პირობებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 აგვისტოს განჩინებით ნ.ტ–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, აღნიშნა, რომ გასული იყო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 აგვისტოს განჩინება ნ.ტ–მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ იკისრა მოსარჩელის რჩენის ვალდებულება, რაც არ უნდა იქნეს განხილული ერთჯერად მოქმედებად. ამდენად, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს არა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას, არამედ - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააღსრულებო ფურცლის გაცემის წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. იმავე კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით კი, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დადასტურება შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს, მაშინ მათ მიმართ გამოიყენება 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობა. კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ.ტ–ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის განჩინებით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის აღსასრულებლად სააღსრულებო ფურცლის გაცემას, რაზეც მას სააპელაციო პალატამ უარი უთხრა ათწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მორიგების პირობებში მხარეთა შორის წარმოიშობა ახალი სამართალურთიერთობის საფუძველი, ახალი ორმხრივი ხელშეკრულება და მხარეთა უფლებამოსილებაც სწორედ ახალი ხელშეკრულებით განისაზღვრება. სწორედ ამ ხელშეკრულების შინაარსია განმსაზღვრელი სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის გამოყენების თვალსაზრისით“, კერძოდ, „სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების ერთმანეთისგან გამიჯვნის კრიტერიუმია ის, თუ რა სახის ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებს შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებით/განჩინებით დადასტურებული მოთხოვნა, შეეხება თუ არა აღნიშნული „პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას“. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება სახეზეა მხოლოდ მაშინ და იმ პირობებში, თუ ეს ვალდებულება დროის სხვადასხვა მონაკვეთში რეგულარულად თავიდან წარმოიშობა და ეს წარმოადგენს მოთხოვნის ბუნებას (მაგ: ქირავნობა, იჯარა, სარჩოს, ალიმენტის გადახდის ვალდებულება და ა.შ.). ვალდებულების სახეობა დამოკიდებულია ასევე მოთხოვნის წარმოშობის მომენტზე, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ვალდებულების შესრულების დროით და იმ მომენტით, თუ რამდენი ვალდებულება უნდა შესრულდეს. ვალდებულების შესრულების რამდენი მომენტიც არსებობს, არსებობს იმდენივე ვალდებულება და შესაბამისად, წარმოიშობა იმდენივე მოთხოვნა, ამასთან, მოთხოვნა შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომელთა განხორციელებაც უნდა მოხდეს მომავალში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის №ბს-100(კ-20) გადაწყვეტილება).

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული მორიგების აქტის შინაარსზე და აღნიშნავს, რომ წარმოიშვა არა - ერთიანი, არამედ - პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგებით ა.მ–ძემ იკისრა ნ.ტ–ის მიმართ კრედიტორის მთელი სიცოცხლის მანძილზე აუცილებელი ხარჯების გაწევა. მსგავსი ვალდებულების აღსრულების მოთხოვნით სააღსრულებო ფურცლის გაცემისას კი გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის მეორე ნაწილი - კრედიტორმა უნდა შეძლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნამდე სამი წლის მანძილზე შეუსრულებელი ვალდებულების იძულებით აღსრულება; აღსასრულებელი მოთხოვნის კონკრეტული მოცულობის განსაზღვრა კი წარმოდგენილი კერძო საჩივრის საგანს არ წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიზეზით სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი; წარმოდგენილი კერძო საჩივარი არის საფუძვლიანი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადების ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ტ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 აგვისტოს განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადების ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე