Facebook Twitter

საქმე №ას-1116-2022 10 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი ი. ღ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,------ ------ უნივერსიტეტი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლით მოსარჩელის შრომით ურთიერთობის შეჩერების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, შეჩერების პერიოდში იძულებითი მოცდენის ანაზღაურება, პირგასამტეხლოსა და კომპენსაციის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. გაუქმდა შპს ---- ---- უნივერსიტეტის 2019 წლის 14 მარტის N---- ბრძანება ი. ღ-ვის შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ;

2. მოპასუხე შპს ---- ---- უნივერსიტეტს, მოსარჩელე ი. ღ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 01 მარტიდან - 2019 წლის 04 ივლისამდე პერიოდისათვის არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 7376,63 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

3. მოპასუხე შპს --- --- უნივერსიტეტს, მოსარჩელე ი. ღ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 5901,30 (დაბეგრილი) ლარის 0,07 %-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2019 წლის 11 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

4. ი. ღ-ას სარჩელი თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ღ-ამ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ი. ღ-ას დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ქვითრის დედანი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ღ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ი. ღ-ას დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე კასატორის ადვოკატს შ. ი-ეს გაეგზავნა სამუშაო ადგილის მისამართზე და ჩაბარდა მის თანამშრომელს (ოფისის მენეჯერს) მ. ა-ძეს 2022 წლის 13 ოქტომბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 14 ოქტომბრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2022 წლის 20 ოქტომბერს.

კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი აღმოეფხვრა 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ი. ღ-ას საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე